|
გამოცდილება მებრძოლის ხასიათის წინააღმდეგ
2016-06-27 11:58 | ნახვები: 8023
123456
27 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 2 მეოთხედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ და თუკი იტალიის და ესპანეთის მატჩში უმჯობესის დასახელება ძნელია, ინგლისის და ისლანდიის შეხვედრას აშკარა ფავორიტი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე საოცარი მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს, პრემიერლიგის ფეხბურთელების დაკომპლექტებული როი ჰოჯსონის გუნდი მაინც სხვა დონე უნდა იყოს. სხვათა შორის, ჰოჯსონმა სწორედ ისლანდიელებთან დაპირისპირების წინ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება სურს, თუმცა, საფეხბურთო ასოციაციისთვის კონტრაქტის გაგრძელების თხოვნით მიმართვას არ აპირებს. 68 წლის სპეციალისტს მოქმედი ხელშეკრულება ევრო-2016-ის ფინიშისთვის ეწურება. “მზად ვარ, მუშაობა გავაგრძელო, თუმცა, ყველაფერი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. თუკი მათ რაღაც კითხვები აქვთ, ხვეწნას ნამდვილად არ ვგეგმავ. კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც ბოლო პერიოდში გავწიე. ვფიქრობ, ინგლისის ნაკრები იმ დონის თამაშს აჩვენებს, რომელიც მას წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემს. ცხადია, ისლანდიასთან მატჩზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მერვედფინალში აშკარა ფავორიტებად მოვიაზრებით და რომ წავაგოთ, მარცხის მიზეზების ახსნა ძნელი იქნება”. ცნობისთვის, ჰოჯსონის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე გრეგ დაიკი და მთავარ მწვრთნელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “ეჭვგარეშეა, რომ როი დაკისრებულ მოვალეობას ჩინებულად ასრულებს. ის ძალიან კარგი მწვრთნელია. თუკი ინგლისის ნაკრები მიმდინარე ევროპის პირველობაზე კიდევ რამდენიმე მატჩს მოიგებს, ჰოჯსონს კონტრაქტს უეჭველი გავუგრძელებთ. როის ხელში გუნდი ისე კარგად თამაშობს, იქნებ ევრო-2016-ის მოგებაზეც კი გავიწიოთ”. საინტერესოა, რომ ისლანდიელთა მთავარ მწვრთნელ ლარს ლაგერბეკს შვედეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის და მწვრთნელის ასისტენტის რანგში გუნდი ინგლისელთა წინააღმდეგ ექვსჯერ გაუყვანია და არცერთხელ დამარცხებულა. ამ მატჩებს შორის არის ფრეები 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. შვედეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ნიკლას ალექსანდერსონმა, რომელსაც ორივე ხსენებულ შეხვედრაში აქვს ნათამაშები, ლაგერბეკის პლიუსებზე ისაუბრა და ისიც მოყვა, ისლანდიამ წარმატებას რის ხარჯზე უნდა მიაღწიოს. “ინგლისური ფეხბურთი შვედეთში ყოველთვის პოპულარული იყო. პრემიერლიგის მატჩებს თითქმის ყველა უყურებს. ინგლისელებთან მატჩებში ფავორიტებად არასდროს მოვიაზრებოდით და ეს, გარკვეულწილად გვეხმარებოდა. იგივე ეხება ისლანდიასაც. დარწმუნებული ვარ, ლაგერბეკი ბიჭებს ეტყვის, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ისლანდიელები პირველიდან ბოლო წუთამდე მაგრად იმუშავებენ. ამას გარდა, მათ რამდენიმე ისეთი ლეგიონერი ჰყავთ, რომლებიც ინგლისელ ფეხბურთელებს კარგად იცნობენ”. ისლანდიასთან მატჩის წინ მცირე ტრავმა მიიღო ადამ ლალანამ. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ 28 წლის ნახევარმცველს ავტობუსში ჩაჯდომისას კოჭზე ყინული ედო. “მირორის” ცნობით, ექიმები ადამის ფეხზე დაყენებას იმედოვნებენ და სავარაუდოა, რომ ის დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ლალანა ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, დიდად ვერაფრით გამოირჩა. ნიცის “ალიანს რივიერაზე” დაგეგმილ მატჩს სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი დამირ სკომინა იქნება, ასისტენტობას კი იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი გაუწევენ. სკომინას ევრო-2016-ზე უკვე 2 მატჩი აქვს განსჯილი: რუსეთი – სლოვაკეთი (1:2) და შვეიცარია – საფრანგეთი (0:0). პირველ მატჩში მან 1 ყვითელი ბარათი აჩვენა, მეორეში კი – 2. სკომინას პენალტი არ დაუნიშნავს და არც არავინ გაუძევებია. უეინ რუნი: “ისლანდიის ნაკრების მწვრთნელებს დიდ პატივს ვცემ. მათ ჩინებულად ორგანიზებული გუნდი შექმნეს. ისინი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს სწურავენ. შედეგად, ისე გამოდის, რომ ამ გუნდის დამარცხება ძალიან რთულია. ვერ ვიტყვი, რომ ისლანდიელთა ხასიათს კარგად ვიცნობ, თუმცა, ეს ბიჭები რომ მაგრად იბრძვიან, ფაქტია. ამიტომაც, ევროპის ჩემპიონატზე თითოეულ მატჩს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ისლანდიელთა შემადგენლობიდან ნამდვილად ვერავის გამოვყოფ. მათ სუპერვარსკვლავები არ ჰყავთ, სამაგიეროდ, საოცრად შეკრული გუნდია”. ჰარი კეინი: “გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპზე არაერთი საგოლე შანსი გავაცუდე, თუმცა, თვითრწმენა არ დამიკარგავს. თუკი ორშაბათს მინდორზე გასვლა მომიწია, მაქსიმუმს გავაკეთებ. ყველა მატჩში გოლის გატანა მსურს და იმედია, ამას ისლანდიელებთან შეხვედრისას მოვახერხებ. კარგი იქნება, თუკი საქმე პენალტების სერიამდე არ მივა, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ამისთვისაც მზად ვარ. “ტოტენჰემის” მაისურით არაერთი 11-მეტრიანი მაქვს შესრულებული და ეს, ჩემთვის პრობლემა ნამდვილად არაა”. ეიდურ გუდიონსენი: “ჩვენ წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ. თუკი შემდეგ ეტაპზე გავაღწევთ, ეს, ნამდვილი სასწაული იქნება, თუ არადა, ოქროს მოგებას ინგლისს ვუსურვებ. ისლანდიის ნაკრების თავისი პლიუსები აქვს. ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომლისთვისაც შეტევაში დიდი ძალებით წასვლა ხეირის მომტანი იქნება. ისლანდიას სხვა კოზირები გააჩნია. მთავარი ისაა, რომ ჩვენს ძალაში უკვე სრულიად საფეხბურთო ევროპა დავაჯერეთ”. ტეოდორ ბიარნასონი: “ვფიქრობ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი შედეგები მოწმობს, რომ ისლანდიის ნაკრების დაუფასებლობა აღარ შეიძლება. პორტუგალიასთან ფრედ ვითამაშეთ, მანამდე თურქეთს და ჩეხეთს ვძლიეთ. ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ და ამას ხშირად გვახსენებენ, თუმცა, ეს ჩვენში მხოლოდ სიამაყის გრძნობას იწვევს. ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილით დიდ გამოცდილებას ვიღებთ და თანაც სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. თუკი მატჩის შემდეგ, უეინ რუნი ჩემთან მაისურის გაცვლას ისურვებს, მას სიამოვნებით დავთანხმდები. ის ინგლისის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია, თუმცა, ამ ტურნირზე საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. იმედი მაქვს, ის ჩვენთან მატჩშიც შეუმჩნეველი იქნება”. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. “ალიანს რივიერა” (ნიცა). ტევადობა 35 000 ინგლისი – ისლანდია სავარაუდო შემადგენლობები ინგლისი (4-3-3): ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოკერი, ალი, რუნი, დაიერი, სტარიჯი, ლალანა, ვარდი. მწვრთნელი: როი ჰოჯსონი. ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, საევარსონი, სკულასონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, გუდმუნდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, ბოედვარსონი, სიგტორსონი. მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი. მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია