|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა - ინგლისი
2016-06-03 12:51 | ნახვები: 4757
1
ინგლისის ეროვნული ნაკრებიევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. საერთოდ, როგორც წესი, ალბიონელთა გუნდი ყოველი დიდი ფორუმის წინ ამ როლშია, მაგრამ აქამდე როგორც ამართლებდნენ მოლოდინს, ყველამ კარგად იცის. და მაინც, ამჯერზე როი ჰოჯსონის განკარგულებაში მართლაც საინტერესო შემადგენლობაა – ინგლისს მოულოდნელი ჩემპიონი ჰყავდა “ლესტერის” სახით, რომლის რიგებში ჯეიმი ვარდიმ გაიბრწყინა და ბუნებრივია, რომ 29 წლის აქამდე უცნობი ფორვარდი სანაკრებო სიაშია. საერთოდ, ინგლისმა საკვალიფიკაციო ტურნირიც დიდებულად განვლო და ერთადერთი გუნდი გახლდათ შესარჩევ ეტაპზე, რომელმაც უკლებლივ ყველა თამაშის მოგება მოახერხა. ამასთან, თამაშში საშუალოდ 3-ზე ოდნავ მეტ გოლს იტანდა. მთავარი მწვრთნელი – როი ჰოჯსონი 68 წლის რო ჰოჯსონი ინგლისის ნაკრებს უკვე 4 წელია უდგას სათავაში და აქამდე ორი დიდი ფორუმი ჩააგდო. მოკლედ, გამოცდილი სპეციალისტისთვის უდაოდ ბოლო შანსია, “ლომთა” შეფებს თავისი სიძლიერე დაუმტკიცოს. როი სამწვრთნელო ასპარეზზე 1976 წლიდანაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული წარმატებისთვის მიუღწევია. საერთოდ, მას ალბიონზე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ვნახოთ, რა პასუხს გასცემს მათ როი ჰოჯსონი. ინგლისის ნაკრებმა მისი თავკაცობით 51 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც 31 მოიგო (13 ფრე, 7 წაგება). ანუ, გამოდის, რომ ჰოჯსონის თავკაცობით ინგლისელებმა დღემდე ჩატარებული მატჩების 60.78% მოიგეს. შემადგენლობა: მეკარეები:1. ჯო ჰარი (“სიტი”), 23. ტომას ჰატონი (“ბარნლი”), 13. ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”) მცველები:21. რაიან ბერტრანდი (“საუთჰემპტონი”), 5. გარი კეჰილი (“ჩელსი”), 12. ნათანიელ კლაინი (“ლივერპული”), 3. დენი როუზი (“ტოტენჰემი”), 2. კაილ უოლკერი (“ტოტენჰემი”), 6. კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”), 16. ჯონ სტოუნსი (“ევერტონი”) ნახევარმცველები:20. დელე ალი (“ტოტენჰემი”), 19. როს ბარკლი (“ევერტონი”), 17. ერიკ დაერი (“ტოტენჰემი”), 14. ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), 8. ადამ ლალანა (“ლივერპული”), 4. ჯეიმს მილნერი (“ლივერპული”), 7. რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”), 18. ჯეკ უილშირი (“არსენალი”) თავდამსხმელები:9. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), 10. უეინ რუნი (“მანჩესტერი”), 15. დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), 11. ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), 22. მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერი") სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-1-2):ჰარტი; კლაინი, სმოლინგი, სტოუნსი, როუზი; ჰენდერსონი, მილნერი, ალი; რუნი; ვარდი, კეინი ჰოჯსონს არჩევანი საკმაოდ ჰქონდა და შესაბამისად, რამდენიმე ფეხბურთელი განაწყენებული დატოვა. მაგალითად, “ვესტ ჰემის” შუახაზელი მარკ ნობლი, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა. სხვათა შორის, ნობლი ჰოჯსონის გადაწყვეტილებას საკმაოდ ხმაურიანად გამოეხმაურა. 23 კაციან სიაში ვერც “ლესტერის” წამყვანი ნახევარმცველი დენი დრინკუოთერი მოხვდა, ვის წაყვანასაც ინგლისური მედია ვარაუდობდა, მაგრამ ჰოსჯონი ასე არ მოიქცა. სამაგიროდ, მის ნუსხაშია ჯეკ უილშირი, რომელმაც სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა და ამან კიდევ უფრო დიდი გაკვირვება გამოიწვია. ჰოჯსონს დებიუტანტიც მიჰყავს – 18 წლის მარკუს რეშფორდი, სეზონის აღმოჩენა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” – ისე, დებიუტანტი ეძახე და მარკუსმა ავსტრალიას სპარინგ მატჩში უკვე გაუტანა. სხვათა შორის, ინგლისის ნაკრები ერთადერთია ევროპის ჩემპიონატზე, რომლის შემადგენლობაშიც ლეგიონერი საერთოდ არაა. გუნდის ვარსკვლავი: უეინ რუნი– როგორც არ უნდა იყოს, ინგლისის ნაკრებში მთავარი ფიგურა უეინ რუნია. “მანჩესტერის” კაპიტანს განსაკუთრებული სეზონი არ ჰქონია, მაგრამ მისგან მაინც ყოველ წუთსაა აფეთქება მოსალოდნელი. თანაც, უეინს ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ყოველშემთხვევაში დიდ ფორუმებზე ნამდვილად. მთავარი იმედი: ჯეიმი ვარდი– ჯეიმი, პრემიერლიგის გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა და ბევრისთვის საუკეთესო ფეხბურთელი. ვარდი ნაკრებშიც ჩინებულად გამოიყურება. დებიუტში გერმანიას ფანტასტიური გოლი გაუტანა, ხოლო ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრებთანაც გამოირჩა გოლით. მოკლედ, ჯეიმის ცალსახად იმედიანი თვალით უყურებენ სამშობლოში. ევროპის ჩემპიონატების ისტორია საუკეთესო შედეგი დღემდე ნახევარფინალია, რომელსაც ინგლისმა 1996 წელს, სამშობლოში გამართულ პირველობაზე უწია. ბევრის აზრით, მაშინ ტერი ვენეიბზლის გუნდი საჩემპიონო იყო, მაგრამ ფინალში გადასასვლელ მატჩში ალბიონლები გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. სხვათა შორის, მას შემდგომ აგერ 4 ევროფორუმი ჩატარდა და ინგლისი მეოთხედფინალს ვერ გასცდა – 2004 წელს პორტუგალიამ დაამარცხა, 2012 წელს იტალიამ. აღსანიშნავია, რომ ორივე ჯერზე ინგლისს ხელი პენალტების სერიაში მოეცარა. 2000 წელს, ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავიდა. კალენდარი ევრო 2016-ზე ინგლისი – რუსეთი 11 ივნისი, 23:0 საათი. მარსელი, “ველოდრომი” ინგლისისა და რუსეთის ნაკრებთა გზები აქამდე მხოლოდ ორჯერ გადაიკვეთა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ერთად იყვნენ. 2007 წლის 12 სექტემბერს ინგლისმა მაიკლ ოუენის დუბლითა და რიო ფერდინანდის გოლებით ადვილად იმარჯვა, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში მოსკოვში წააგო და როგორც შემდგომ გამოჩნდა, აღნიშნული მარცხი ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენის ფასად დაუჯდა. 2007 წლის 17 ოქტომბერს, “ლუჟნიკებზე” ანგარიში რუნიმ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში რომან პავლიუჩენკომ მას დუბლით უპასუხა. ინგლისი – უელსი 16 ივნისი, 17:00 საათი. ლანსი, “სტად ბოლარ-დელელისი” ბრიტანული დერბი თავისთავად დიდ ინტერესს იწვევს. ამასთან, უელსი სულაც არაა ისეთი მაჩანჩალა, როგორ ეს წარსულში იყო. თანაც, გარეტ ბეილსა და კომპანიას ინგლისელებზე შური აქვთ საძიებელი. რატომ? – აქამდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდა და უელსი ერთადერთხელ არ დამარცხებულა: 1973 წლის 24 იანვარს, ლონდონში მატჩი 1:1 დასრულდა. ბოლოს კი უელსი და ინგლისი ერთმანეთის წინაშე 2011 წლის 6 სექტემბერს, ლონდონში წარსდგნენ და მაშინ მასპინძლებმა ეშლი იანგის გოლით მოიგეს. სლოვაკეთი – ინგლისი 20 ივნისი, 23:00 საათი. სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარი” ინგლისისა და სლოვაკეთის დაპირისპირებათა ისტორია ორ თამაშს ითვლის. 2002 და 2003 წელს. მაშინ სვენ გორან ერიქსონის გუნდმა ბრატისლავაშიც 2:1 იმარჯვა და მიდლსბროშიც 2:1. ეს, სლოვაკეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, თორემ ჩეხოსლოვაკიას ინგლისისთვის მოგებული აქვს: 1975 წელს. ჯამში, თუ ჩეხოსლოვაკეთსაც მივიღებთ მხედველობაში ინგლისელთა ბალანსი ასეთია: 6 თამაში, 5 მოგება, 1 წაგება. თამაში წარსულიდან ამხანაგური მატჩი - 1 სექტემბერი, 2001. მიუნხენი, “ოლიმპშტადიონი” გერმანია – ინგლისი 1:5 გოლები:1:0 იანკერი (6), 1:1 ოუენი (12), 1:2 ჯერარდი (45), 1:3 ოუენი (48), 1:4 ოუენი (66), 1:5 ჰესკი (74) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:უეინ რუნი (51 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი:პიტერ შილტონი (125 თამაში) –ამჟამად ყველაზე გამოცდილი:უეინ რუნი (109 თამაში) საუკეთესო შედეგი:ნახევარფინალი ორჯერ, 1968 და 1996 წლებში ტეგები:
ინგლისის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია