|
ევრო 2016: სიმბოლური ნაკრები WORLDSPORT.GE-სგან
2016-07-14 11:17 | ნახვები: 22538
1234567891011121314151617
ჯანლუიჯი ბუფონი – სედრიკ სოარეში, პეპე, ლეონარდო ბონუჩი, იონას ჰექტორი – აარონ რემსი, ტონი კროოსი, რენატუ სანჩესი – გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ, ანტუან გრიზმანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და მასზე ამიერიდან მხოლოდ წარსულ დროში თუ ვისაუბრებთ. 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, უფრო ადრეც და ახლაც წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენის შესახებ Worldsport.ge მაქსიმალურად აწვდიდა თავის ერთგულ მკითხველს ინფორმაციას. უკვე ოთხი დღეა რაც საფრანგეთში გამართული ევროფორუმი დასრულდა და გადავწყვიტეთ ჩემპიონატის შეჯამება. დღევანდელი სტატიაც ევრო 2016 წლის სიმბოლური ნაკრებით იწყება, რომელიც ჩვენს მიერ, იმ ადამიანების მიერაა შედგენილი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს თქვენთვის აშუქებდნენ. ბუნებრივია, ჯერ არ შედგენილა ისეთი სიმბოლური თერთმეტეული, რომელიც ნებისმიერი გულშემატკივრის მოლოდინს გაამართლებდა, მოსაზრებას დაემთხვეოდა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ, რატომ, რა ასპექტებით შევარჩიეთ ისინი. გარდა ამისა, ჩვენივე ვერსიით წარმოგიდგენთ, ტურნირის საუკეთესო მწვრთნელს, ფეხბურთელს, გოლს, საგოლე პასსა და ასე შემდეგ... მოკლედ დავიწყოთ: მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) იტალიის ნაკრებმა მხოლოდ მეოთხედფინალს უწია, ეს რაღა თქმა უნდა, არაა საოცარი შედეგი, მითუმეტეს როცა საქმე “სკუადრა აძურას” ეხება, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდისგან ბევრი ამასაც არ ელოდა და თანაც, იტალიელთა თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსი იყო. იტალიის ნაკრებიდან კი უპირველესად კაპიტნის, ჯიჯი ბუფონის გამორჩევა შეიძლება. 38 წლის ბუფონი კარის ხაზზე ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა – 4 მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა და რაც მთავარია, საშუალო მონაცემებით ყველაზე მეტი სეივი შეასრულა – 91%. ჯიჯიმ საკუთარ კარში დარტყმული 13 ბურთიდან 12-ის მოგერიება მოახერხა. მცველები სედრიკ სოარეში (პორტუგალია) პორტუგალიის ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგზე სასტარტო ტურებში ვიეირინიას ვხედავდით, რომელმაც ფერნანდუ სანტუშის მოლოდინი რბილად რომ ვთქვათ, ვერ გაამართლა და იგი “საუთჰემპტონის” მცველით ჩაანაცვლა პლეი-ოფებიდან. სედრიკმა თავი ჩინებულად წარმოაჩინა და ლუზიტანელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი ფაქტობრივად გაუვალი გახადა. შესაძლოა, ამ ევროპის ჩემპიონატმა სოარეშს უკეთესი გუნდი და კონტრაქტი მოუტანოს, ვინ იცის... პეპე (პორტუგალია) მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველს გამოცდილება არ აკლია, მაგრამ ასეთ თამაშს მისგან მაინც ნაკლებად თუ ელოდნენ. პეპე დაცვაში ნამდვილი მეომარივით იდგა და ჩემპიონატი რაც უფრო აზარტში შედიოდა, მასაც იგივე ემართებოდა. ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელს ტრავმის გამო ნახევარფინალის გამოტოვება მოუწია, მაგრამ ფინალში აღდგენილი ენერგიით დაბრუნდა და ალბათ ამიტომაც იყო, რომ “სენ დენიზე” გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ლეონარდო ბონუჩი (იტალია) საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცენტრალური მცველების პოზიციაზე არჩევანი საკმაოდ იყო – პეპე, ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ჟერომ ბოატენგი, ლორან კოშელნი, კამილ გლიკი – თუმცა, ის თამაში, რაც ტურინის “იუვენტუსის” მცველმა აჩვენა, შეუძლებელია გამოყოფას არ იმსახურებდეს. ბონუჩი იტალიის ნაკრების ნამდვილ მგეზავად იყო ქცეული – გარდა იმისა, რომ დაცვაში დიდებულად ირჯებოდა, არც პასების განაწილება ავიწყდებოდა. ამიტომაც იყო, რომ მის თამაშს ხშირად ანდრეა პირლოსთან და მის ფუნქციებთან აიგივებდნენ. ლეონარდომ ტურნირზე გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე პასის გაკეთებაც, რომელზეც ქვემოთაც ვისაუბრებთ. იტალიის ნაკრების მცველი მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. იონას ჰექტორი (გერმანია) გერმანული “კიოლნის” მცველისგან ასეთ თამაში დიდად მოულოდნელი არც ყოფილა. ჰექტორი მიუხედავად გრანდში ართამაშისა, საკმაოდ გამოცდილია სანაკრებო დონეზე. იონასმა ყველა მატჩი ითამაშა გერმანელთა რიგებში და დამაჯერებლადაც. განსაკუთრებით კარგად ჰექტორმა იტალიასთან მეოთხედფინალი ჩაატარა, სადაც საგოლე გადაცემა შეასრულა და მერე, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლიც შეაგდო. ნახევარმცველები აარონ რემსი (უელსი) დღემდე არსებობს გულშემატკივრებში მოსაზრება, რომ აარონ რემსის არყოფნამ უელსის ნაკრებს ფინალში გასვლის შანსი დაუკარგა. დიახ, აარონმა ბელგიასთან უწყინარ სიტუაციაში მიიღო ყვითელი ბარათი და ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. მანამდე კი “არსენალის” შუახაზელი მართლაც შეუდარებელი გახლდათ – ევრო 2016-ზე მისმა მონაგარმა 2 გოლი და 4 საგოლე პასი შეადგინა. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით კი ბელგიელ ედენ აზართან ერთად საუკეთესო იყო არათუ ამ ტურნირზე, არამედ მთლიანად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. ტონი კროოსი (გერმანია) ტონი კროოსმა ევროპის ჩემპიონატზე პასები ყველაზე მეტი სიზუსტით არიგა. ამაში პრინციპში გასაკვირი არც არაფერია, ის ხომ ტონი კროოსია – მსოფლიო დონის ოსტატი. უნდა აღინიშნოს, რომ აპოზიციაზე სხვადასხვა გამოცემებმა ჯო ალენი, ლუკა მოდრიჩი, მუსა სისოსკო შეიყვანეს, თუმცა ჩვენი აზრით, კროოსი მათზე მაღლა იდგა ყველანაირ ასპექტში. რენატუ სანჩესი (პორტუგალია) რენატუ სანჩესი ჯერ კიდევ გასული სეზონის აღმოჩენა გახდა. მიუხედავად ამისა, ფერნანდუ სანტუში მას თავდაპირველად მხოლოდ შეცვალზე თუ ენდობოდა ხოლმე, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ცდებოდა – სანჩესი დიდებული იყო ხორვატიასთან მატჩში, სადაც საუკეთესოდაც აღიარეს, ამას პოლონეთის კარში გატანილი გოლი და ასევე საუკეთესოდ დასახელება მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ რენატუ ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან, იგი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს – სრულიად დამსახურებულად. თავდამსხმელები გარეტ ბეილი (უელსი) უელსის ნაკრების წარმატებაში მათი მთავარი ვარსკვლავის წვლილი განუზომლად დიდია – ბეილი განსაკუთრებით კარგი მაინც ჯგუფურ ეტაპზე იყო, სადაც მიჯრით სამ მატჩში გაიტანა გოლი და ამ მხრივ ისტორიაში შევიდა. მერე გარეტმა პლეი-ოფში უფრო გუნდურად დაიწყო თამაში და მეტოქეები ვეღარ დაამწუხრა. მთლიანობაში ბეილმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კრიტიკოსები დროებით მაინც გააჩერა. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) როგორც იქნა, რონალდუმ სანაკრებო დონეზეც თქვა სათქმელი, თან ღირსეული – პორტუგალიის ნაკრებმა თავის ისტორიაში უდიდესი შედეგი სწორედ კრიშტიანუს კაპიტნობით მოახერხა – როგორც უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად დარჩება. მან ტურნირზე სამი გოლის გატანაც შეძლო და მიშელ პლატინის რეკორდი გაიმეორა. ამასთან, ევროპის ჩემპიონატზე 21 თამაშით იგი რეკორდსმენი გახდა. რეკორდულია ასევე ორი ფინალი სასტარტო შემადგენლობაში (2004 და 2016 წლებში). თუმცა, ფინალი მისთვის მთლად ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც წარმოიდგენდა – 23-ე წუთზე თვალცრემლიანს მოუხდა მინდორის დატოვება. სამაგიეროდ, სათადარიგო სკამიდან შესაშური სამწვრთნელო ალღო გამოამჟღავნა და თასიც დამსახურებულად ასწია. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) ალბათ ძალიან ძნელია, როცა ორი თვის ინტერვალით ორ დიდ ფინალს აგებ, თანაც იმ გუნდებით, სადაც მთავარი დამრტყმელი ძალა ხარ – სწორედ ასე დაემართა ანტუან გრიზმანს. და მაინც, ანტუანი სამშობლოში ძალიან კარგი იყო და რომ არა ის, “მამლები” შესაძლოა, ფინალამდეც ვერ მისულიყვნენ. სხვა თუ არაფერი, გრიზმანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდრი გახდა 6 გოლით. მასზე მეტი კი ევროპის პირველობაზე მხოლოდ მიშელ პლატინის გაუტანია 1984 წელს (9 გოლი). გრიზმანი უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. ტურნირის საუკეთესო მწვრთნელი – ფერნანდუ სანტუში (პირტუგალია) საუკეთესო მწვრთნელის არჩევანშიც შეზღუდული არ ვიყავით – კრის კოულმენი, ანტონიო კონტე, ლარს ლაგერბაკი... თუმცა, როდესაც პორტუგალიის ნაკრები ჩემპიონი ხდება, ძნელია, მისი მთავარი მწვრთნელი არ გამოჰყო. სანტუშის ხელი ლუზიტანელებს მართლაც ძალზე ეტყობოდათ და სწორედ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზისა და გათვლის შედეგი გახლდათ, რომ ამ ნაკრებმა არნახულ შედეგს უწია. არადა, ევრო 2016 დიდწილად მწვრთნელთა დუელი იყო, მათი ტაქტიკური ხედვებისა და გამჭრიახობის ჭიდილი. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) მართალია, საფრანგეთის ნაკრებმა ფინალი წააგო, გრიზმანმა კი თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ პირადად მისი დამსახურება იყო, რომ დიდიე დეშამის გუნდი ფინალამდე მივიდა – მერვედფინალში ირლანდიასთან ჩინებული დუბლით გუნდს მოაგებინა, მერე მეოთხედფინალშიც მშვენივრად იბურთავა, ხოლო ნახევარფინალში გერმანისთან ასევე დუბლი. ანტუანმა 6 გატანილ გოლს 2 საგოლე გადაცემაც შემატა და აღნიშნულ ნომინაციაში არჩევანის დიდი საშუალება აღარც იყო. არადა, მისთვის ევროფორუმი ასე ფეერიულად არ დაწყებულა: პირველ ტურში რუმინეთთან ცუდად გაისარჯა, ხოლო ალბანეთთან საერთოდ თადარიგიდან მოუწია მინდორზე გასვლა, მაგრამ პირველი გოლიც ამ მატჩში შეაგდო. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – რენატუ სანჩესი (პორტუგალია) ამ ნომინაციაში რენატუ უკონკორენტო იყო. განა იმიტომ, რომ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავი არ წარმოუჩენიათ, უბრალოდ, თვითონ “ბაიერნის” ახალწვეული გახლდათ შეუდარებელი. სხვა მხრივ კი, რენატუზე ზემოთ უფრო ვრცლადაც ვისაუბრეთ. ტურნირის საუკეთესო გოლი – ქსერდან შაქირი (შვეიცარია) შვეიცარიის ნაკრებმა ევრო 2016-ზე რაც დაუტოვა გულშემატკივარს, უპირველესად შაქირის შედევრია. მერვედფინალში, პოლონეთთან მატჩის დასრულებას არაფერი რომ არ უკლდა, ქსერდანმა სწორედ მაშინ, აკრობატულ ნახტომში შეძლო ულამაზესი გოლის გატანა. ისე, აღსანიშნავია, რომ არჩევანი აქაც ბლომად იყო – თუნდაც კრიშტიანუ რონალდუს მაგიური ქუსლი, ზოლტან გერას შორეული, მარეკ შამშიკის გასროლა ან თუნდაც ჰალ რობსონ-კანუს ბრწყინვალე გოლი ბელგიის კარში... ტურნირის საუკეთესო საგოლე პასი – ლეონარდო ბონუჩი (იტალია) ბონუჩიმ ემანუელე ჯაკერინის მოძრაობა კარგად, დროულად შენიშნა და მოედნის ცენტრიდან ე.წ. პარაშუტით ტიბო კურტუას პირიპირ შეატოვა. ეს ჯერ კიდევ პირველ ტურში გახლდათ, როცა იტალიამ ბელგიას მოუგო. ბონუჩის მსგავსი საგოლე პასები არ აკვირვებს, რადგან აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ ეს განსკუთრებულად ლამაზი გამოდგა. თითქოს მილიმეტრებში გაზომა ბელგიელ მცველთა პოზიციები ის ფილიგრანულად გაადავლო ტყავის სფერო მათ თავს და ზურგს უკან, პირდაპირ ჯაკერინის ფეხზე ჩასვა... ტურნირის აღმოჩენა – ისლანდიის ნაკრები ბევრი ვიფიქრეთ თუ ვისგან ვნახეთ ისეთი თამაში, რომელსაც არ ველოდით და რომელსაც აღმოჩენას ვუწოდებთ. თუმცა, ვფიქრობთ, ამ ნომინაციას ყველაზე მეტად ისლანდიის ნაკრები ერგება – კუნძულელებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს, მერე ინგლისის ნაკრებს მოუგეს და მართალია საფრანგეთთან უშანსოდ წააგეს, მაგრამ აბა ვინ იფიქრებდა ერთი თვის წინ, რომ ლარს ლაგერბაკის გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდოდა?! – აღმოჩენა გახლდათ არამარტო ისლანდიის ნაკრები, არამედ მთლიანად ეს ქვეყანა – დაწყებული ეროვნული ნაკრებით, გაგრძელებული გულშემატკივარ-კომენტატორით და დასრულებული ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტით... მოკლედ, ისინი ყოველმხრივ მისაბაძნი იყვნენ საფრანგეთში გამართულ ევრფორუმზე! ტურნირის იმედგაცრუება ფეხბურთელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავად არაერთხელ უთქვას, ღმერთია და ბუნებრივია “ღმერთისგან” ყოველთვის განსაკუთრებულს, შეუძლებელსაც კი ველით. თუმცა, ზლატანმა ღირებული ვერაფერი გვიჩვენა, თავი მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობებში ხშირი მოხვედრით დაგვამახსოვრა და სანაკრებო კარიერა უფერულადაც დაასრულა. იმაზე მეტად უფერულად, ვიდრე ალბათ, მის ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც კი რომ ვერ წარმოედგინა. ტურნირის იმედგაცრუება – ინგლისის ნაკრები და მაინც, მთავარი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრები გამოდგა, ისევ. დიახ, ისევ, რადგან უკვე რა ხანია ამ ნაკრებისგან შედეგს ველით, მაგრამ ამაოდ. როი ჰოჯსონმა ისლანდიასთან მარცხისთანავე დატოვა თანამდებობა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი გახლდათ. რაც მთავარია, ალბიონელთა თამაშში არ შეინიშნებოდა არაფერი ღირებული, ღირსეული... ჰარი კეინი კუთხურებს რომ ჯიქურ მოაწვდის, რაღაზე უნდა ვისაუბროთ?! ტეგები:
ევრო 2016 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196