Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ავსტრია
2016-06-08 12:00 | ნახვები: 17666
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ავსტრიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს უბრუნდება. “ოსტერეიხს” დიდებული პროგრესი აქვს – 2008 წელს გუნდი ფიფას რეიტინგში 105-ე ადგილზე იყო, ახლა კი იმავე კლასიფიკაციაში მეათეა. მართლაც ფანტასტიური ნახტომია. არადა, ერთი შეხედვით ამ ნაკრებს დიდი ფეხბურთელები არ ჰყავს, ძირითადი ბირთვი გერმანიის ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდებში თამაშობს.

შესარჩევი ეტაპი ავსტრიამ ერთი ამოსუნთქვით განვლო და შესაშური შედეგი აჩვენა: 10 თამაში, 9 მოგება, 1 ფრე და არცერთი მარცხი – ნებისმიერი რანგის ნაკრები მოაწერდა ხელს აღნიშნულ მიღწევას. შესაბამისად, ახლა ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ ემზადება, სადაც აქამდე ერთადერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული და წარუმატებლად. მარსელ კოლერის კრებულს წესით ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია უნდა ჰქონდეს და რეალურად, პორტუგალიის მერე, ჯგუფში ყველაზე სოლიდური ნაკრებია.

მთავარი მწვრთნელი – მარსელ კოლერი

შვეიცარიელმა მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრები 2011 წელს ჩაიბარა და მიუხედავად 2014 წლის მუნდიალზე ვერგასვლისა, იგი ავსტრიული ფეხბურთის მამებს უმუშევარი არ დაუტოვებიათ – არც შემცდარან. 55 წლის კოლერს აქამდე განსაკუთრებული სამწვრთნელო კარიერა არ ჰქონია. მან ამ ასპარეზზე მუშაობა 1997 წელს დაიწყო, როცა მოკრძალებული შევიცარიული გუნდი “ვილი” ჩაიბარა, მერე იყო სამშობლოში “სენტ გალენი” და მშობლიური “გრასჰოპერსი”.

2003 წელს კოლერმა სამშობლო დატოვა და სამსახური გერმანიაში განაგრძო, სადაც ჯერ “კიოლნს”, მერე კი “ბოხუმს” ავარჯიშებდა 2009 წლამდე. მას სამწვრთნელო კარიერაში ტიტული ჯერაც არ მოუგია, მაგრამ ალბათ, ბევრ ოქროს მედალზე ფასეული და წონადია ის, რასაც ავსტრიის ნაკრებში მიაღწია.

კოლერისთვის ევროპის ჩემპიონატი უცხო სულაც არაა, რადგან 1996 წელს ინგლისში ფეხბურთელის რანგში გამოდიოდა შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში, რომლის ღირსებაც 1982-1996 წლებში 56-ჯერ დაიცვა.

ავსტრიის ნაკრებს კი აქამდე 39 მატჩში გაუძღვა, რომელთაგანაც 21 მოაგებინა (7 ფრე, 11 წაგება).

შემადგენლობა

მეკარეები:1. რობერტ ალმერი ("აუსტრია"), 12. ჰაინც ლინდნერი ("აინტრახტი"), 23. რამაზან ეზჯანი ("ინგოლშტადტი")

მცველები:3. ალექსანდრ დრაგოვიჩი (კიევის "დინამო"), 5. კრისტიან ფუქსი ("ლესტერი"), 2. დიერდ გარიჩი ("დარმშტადტი"), 4. მარტინ ჰინტერეგერი ("გლადბახი"), 17. ფლორიან კლიაინი ("შტუტგარტი"), 15. სებასტიან პრედლი ("უოტფორდი"), 13. მარკუს ზუტნერი ("ინგლოშტადტი"), 16. კევინ ვიმერი ("ტოტენჰემი")

ნახევარმცველები:8. დავიდ ალაბა ("ბაიერნი"), 7. მარკო არნაუტოვიჩი ("სტოკი"), 14. იულიან ბაუმგარტლინგერი ("მაინცი"), 11. მარტინ ჰარნიკი ("შტუტგარტი"), 6. შტეფან ილზანკერი, 20. მარსელ ზაბიცერი (ორივე "ლაიფციგი"), 22. იაკობ იანტშერი ("ლუცერნი"), 10. ზლატკო იანუზოვიჩი ("ვერდერი"), 18. ალესანდრო შოპფი ("შალკე")

თავდამსხმელები:19. ლუკას ჰინტერზეერი ("ინგოლშტადტი"), 9. რუბინ ოკოტი ("მიუნხენ 1860"), 21. მარკო იანკო ("ბაზელი")

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1):ალმერი; კლეინი, დრაგოვიჩი, პროდლი, ფუხსი; ბაუმგალტინგერი, ალაბა; ჰარნიკი, იუნუზოვიჩი, არნაუტოვიჩი; იანკო

ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა მთლიანობაში ყველა პოზიციაზე თანაბრადაა დაკომპლექტებული. რაც მთავარია, კოლერის განკარგულებაში საკმაოდ სტაბილური ფეხბურთელები არიან, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და განსაკუთრებით, გერმანიაში აქვთ.

ვერ ვიტყვით, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტმა 23 კაციანი სიით გაგვაკვირვა – ეს ის ბირთვია, რომელმაც საფრანგეთის საგზური ფურორით მოიპოვა. მიუნხენის “ბაიერნის” მცველ დავიდ ალაბას კი ნახევარდაცვაში უნდა ველოდეთ, რადგან კოლერს მარცხენა ფლაგნზე არჩევანი აქვს. მაგალითად აქაა გამოცდილი კრისტიან ფუხსი, რომელიც “ლესტერთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა. მთავარი ფორვარდი კი მარკო იანკო იქნება, რომელმაც გასული სეზონი “ბაზელში” წარმატებულად გაატარა, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის ნაკრებს 7 გოლით შეეწია. მოკლედ, ავსტრია ძალზე კარგად დაბალანსებული გუნდია და მისგან სიურპრიზებსაც უნდა ველოდეთ.

მთავარი ვარსკვლავი: დავიდ ალაბა– ავსტრიის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი რა თქმა უნდა, დავიდ ალაბაა. 23 წლის ფეხბურთელს მიუხედავად ასაკისა, ნაკრებში უკვე დაუგროვდა 45 თამაში და 11 გოლი, რაც მშვენიერი შედეგია. რაც მთავარია, ალაბა უნივერსალია და შეუძლია როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ისე ცენტრალურ და მარცხენა მცველად თამაში. ეს კი, მარსელ კოლერისთვის უდაოდ დიდი ფუფუნება იქნება.

დავიდს უკვე ხუთი სეზონია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ “ბაიერნში” და “რეკორდმაისტერისთვის” მართლაც შეცვლელი ფიგურაა. გასულ სეზონში მან მარტო ბუნდესლიგის გათვალისწინებით 30 შეხვედრა ითამაშა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, “ბაიერნის” უკანახაზელმა ერთი კვირის წინ, მალტასთან სპარინგისას მეტად სახალისო ავტოგოლი მიითვალა, რაც გაქილიკების ფასადაც დაუჯდა. შესარჩევ ეტაპზე ალაბამ რვა მატჩში 4 გოლი გაიტანა. ანუ, ყოველ მეორე მატჩში ახერხებდა თავის გამოჩენას, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის გადასარევი შედეგია.

მთავარი იმედი: მარკო არნაუტოვიჩი– დრო იყო, როცა ახალგაზრდა მარკო არნაუტოვიჩი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნეოდა და ენსხედეს “ტვენტედან” 2009 წელს მილანის “ინტერშიც” აღმოჩნდა, თუმცა აპენინზე ავსტრიელმა შემტევმა თავი ვერ დაიმკვიდრა. მერე ბრემენის “ვერდერში” იბურთავა მშვენივრად და ახლა ინგლისური “სტოკ სიტის” ლიდერია – მარკომ “სტოკის” რიგებში გასულ სეზონში 34 თამაშში 11 გოლი შეაგდო.

ავსტრიის ნაკრებში 27 წლის ფეხბურთელმა დღემდე 52 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლით შეეწია გუნდს. საკვალიფიკაციო ეტაპზე არნაუტოვიჩი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ – უკლებლივ ათივე თამაში მოედანზე დაჰყო და მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე ერთადერთხელ უთამაშია. მაშინაც, “ოსტერეიხი” მასპინძელი იყო და ამიტომაც მიიღო მონაწილეობა, თორემ დიდი ალბათობით, დებიუტი საფრანგეთში ექნებოდა.

ეს ყველაფერი კი 2008 წელს მოხდა, როცა ჯგუფურ ეტაპს მიუხედავად მასპინძლობისა, ვერ გასცდა – 0 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. მაშინ ავსტრიის ნაკრებმა ხორვატიასთან და გერმანიასთან 0:1 წააგო, ხოლო ერთადერთი ქულა მეორე ტურში პოლონეთთან მოიპოვა (1:1).

კალენდარი ევრო 2016-ზე

ავსტრია – უნგრეთი

14 ივნისი, 20:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო”

ავსტრიელთა პირველი მეტოქე საფრანგეთში უნგრეთის ნაკრები იქნება. სიმბოლურია, რომ ავსტრიის ნაკრების ისტორიასთან უნგრეთი პირდაპირ კავშირშია – საქმე ისაა, რომ მარსელ კოლერის გუნდმა პირველი საერთაშორისო მატჩი სწორედ უნგრელების წინააღმდეგ გამართა 1902 წლის 12 ოქტომბერს და 5:0 გააცამტვერა.

საერთოდ, ამ ორი ნაკრების უერთიერდაპირისპირებების ისტორია ევრო 2016-ზე ყველაზე მდიდარია – იგი 136(!) თამაშს იტევს. აქედან 40 ავსტრიამ მოიგო, 66 უნგრეთმა, ხოლო 30 ფრედ დასრულდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 9 თამაში იყო ოფიციალური, რომლის სტატისტიკაც უნგრელების სასარგებლოდაა: 5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

პორტუგალია – ავსტრია

18 ივნისი, 23:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი”

თუ უგრეთთან ავსტრიელებს უარყოფით ბალანსი გააჩნიათ, დადებითი აქვთ პორტუგალიის ნაკრებთან – 10 თამაში, 3 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება.

ბოლოს ამ ნაკრებთა გზები ოფიციალურ მატჩში ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა – ავსტრიამ შინ ფრეს მიაღწია, მაგრამ მანამდე გასვლაზე 0:1 წაგებული ჰქონდა. სხვათა შორის, მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, ავსტრია აქაც მინუსშია: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

ისლანდია – ავსტრია

22 ივნისი, 20:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

ძალზე მწირია ავსტრიისა და ისლანდიის ნაკრებთა ურთიერთწარსული – სამი თამაში მხოლოდ. აქედან ორჯერ გუნდები დაზავდნენ (ერთხელ სპარინგში, ერთხელაც ოფიციალურ მატჩში), ხოლო ერთი თამაში ავსტრიელებმა მოიგეს. ეს შორეულ 1989 წელს მოხდა.

თამაში ისტორიიდან

მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევი ეტაპი – 6 სექტემბერი, 2008. ვენა, “ერნსტ ჰაპელი”

ავსტრია – საფრანგეთი 3:1

გოლები:1:0 იანკო (8), 2:0 ოფჰაუზერი (41), 2:1 გოვუ (61), 3:1 ივაშიტცი (72, პენ)



საუკეთესო შედეგი:ჯგუფური ეტაპი – 2008 წელი

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ტონი პოლსტერი (44 გოლი) –ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში:მარკ იანკო (25 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ანდრეას ჰერცოგი (103 თამაში) –ამჟამად გუნდში ყველაზე სტაჟიანი:კრისტიან ფუხსი (72 თამაში)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044541