Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ბელგია
2016-06-06 16:12 | ნახვები: 6189
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ტურნირის უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი – ბელგიის ნაკრები. არავინ იცის, საბოლოო ჯამში საფრანგეთში როგორ გამოვა მარკ ვილმოტსის გუნდი, მაგრამ თუ მის შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ შანსი მართლაც დიდი აქვს. არადა, ბელგია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 16 წლიანი პაუზის შემდგომ უბრუნდება. “წითელმა ეშმაკებმა” საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით და დამაჯერებლად განვლეს – 23 ქულა 10 ჩატარებულ შეხვედრაში.

სხვათა შორის, ორი წლის წინანდელ მუნდიალზეც ბელგიელთა შანსი ძვირად ფასობდა, მაგრამ მაშინ ვილმოტსის გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა და ისიც აღსანიშნავია, რომ არცთუ სანახაობრივი და ფეერიული ფეხბურთი აჩვენა. იმის მერე 2 წელი გავიდა, წესით ახლა ბელგიის ნაკრები უფრო გაზრდილი და დაღვინებული უნდა იყოს.

მთავარი მწვრთნელი – მარკ ვილმოტსი

47 წლის სპეციალისტი, რომელსაც ეროვნული ნაკრების გარდა მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ “სენტ ტრუიდენში” უმუშავია 2004-2005 წლებში. 2009-2012 წლებში კი ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2012 წელს მას ანდეს ნაკრების გაძღოლა. ორი შესარჩევი ციკლი ბელგიამ ვილმოტისის ხელმძღვანელობით წარმატებით დაძლია და ეს უფრო დასაფასებელია იმის ფონზე, რომ ბელგიელები მანამდე ფინალურ ეტაპზე გასვლას (მსოფლიოსა თუ ევროპის) 12 წელი ვერ ახერხებდნენ.

რა თქმა უნდა, ამაზე იმანაც იქონია გავლენა, რომ ვილმოტსს იმ ბელგიის ნაკრების გაწვრთნა უწევს, რომელსაც ჩინებული თაობა ჰყავს, მაგრამ მწვრთნელის ხელიც რომ ეტყობა გუნდს, ფაქტია. მარკს სამწვრთნელოზე არანაკლებ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა – განსაკუთრებით გელზენკირხენის “შალკეში” თამაშისას გამოირჩეოდა. ბელგიის ნაკრების რიგებში ვილმოტსმა 1990-2002 წლებში 70 თამაში ჩაატარა და 28 გოლის გატანა შეძლო, რაც ნახევარმცველისთვის დიდებული შედეგია.

შემადგენლობა

მეკარეები:1. ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ინგლისი), 12. სიმონ მინოლე (“ლივერპული”, ინგლისი), 13. ჟან-ფრანსუა ჟილე (“მეხელენი”)

მცველები:2. ტობი ალდერვეიელდი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), 23. ლორენ სიმანი (“მონრეალი”, აშშ), 15. ჯეისონ დენაიერი (“გალათასარაი”, თურქეთი), 18. კრისტიან კაბასელე (“გენკი”), 21. ჯორდან ლუკაკუ (“ოსტენდე”), 16. ტომას მენე (“ბრიუგე”), 3. ტომას ვერმაელენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), 5. იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ინგლისი)

ნახევარმცველები:19. მუსა დემბელე (“ტოტენჰემი”, ინგლისი), 8. მარუან ფელაინი (“მანჩესტერი”, ინგლისი), 4. რაჯა ნაინგოლანი (“რომა”, იტალია), 6. აქსელ ვიტსელი (“ზენიტი”, რუსეთი)

თავდამსხმელები:22. მიჩი ბატშუაი (“მარსელი”, საფრანგეთი), 20. კრისტიან ბენტეკე (“ლივერპული”, ინგლისი), 11. იანიკ ფერეირა-კარასკო (“ატლეტიკო”, ესპანეთი), 7. კევინ დე ბრუინი (“სიტი”, ინგლისი), 10. ედენ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), 9. რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”, ინგლისი), 14. დრის მერტენსი (“ნაპოლი”, იტალია), 17. დივოკ ორიჯი (“ლივერპული”, ინგლისი)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):კურტუა; ალდერვეიელდი, დენაიერი, ვერმაელენი, ვერტონგენი; აზარი, ნაინგოლანი, ვიტსელი, დე ბრუინი; ლუკაკუ, ორიჯი

მარკ ვილმოტსს უდიდესი არჩევანი ჰქონდა. ბელგია ისეა დაკომპლექტებული ნებისმიერი გუნდის მთავარი მწვრთნელი რომ ინატრებდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია შეტევის ხაზი, სადაც ვილმოტსს მართლაც ზღვა არჩევანი აქვს – ლუკაკუ, ორიჯი, ბენტეკე, ბატშუაი, კარასკო თუ მერტენსი – 47 წლის სპეციალისტს დიდი ტვინის ჭყლეტვა მოუწევს, ვინ დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში.

სამაგიეროდ, ოდნავ შესუსტებულია დაცვის ხაზი – ტრავმების გამო “წითელ ეშმაკებს” ძირითადის ცენტრალური წყვილი გამოაკლდათ – ვინსენ კომპანი და ნიკოლას ლომბერტსი. ასევე ცენტრალური მცველები არიან ტობი ალდერვეიელდი და იან ვერტონგენი, თუმცა ვინაიდან ვილმოტსს განაპირა მცველების დეფიციტი გააჩნია, მათ ფლანგებზე ვიხილავთ.

მთავარი ვარსკვლავი: ედენ აზარი– ეჭვგარეშეა, ბელგიის ნაკრების გამორჩეული ფიგურა ედენ აზარია ლონდონის “ჩელსიდან” – მიუხედავად იმისა, რომ აზარს საშინელი სეზონი ჰქონდა კლუბში, მასზე რაღა თქმა უნდა, მაინც დიდი იმედი მყარდება. ედენს პრემიერლიგაში გოლი მთელი სეზონი ვერ გაჰქონდა, მაგრამ სეზონის ფინიშზე 4-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები და ყველაზე მეტად “ლესტერს” წაადგა, რადგან მის მიერ “ტოტენჰემთან” გატანილი გოლით “მელიებმა” იჩემპიონეს. რაც შეეხება ნაკრებს, შესარჩევ ციკლში 9 მატჩში 5 გოლი შეაგდო და ბუნებრივია დიდი როლი ითამაშა ნაკრების ფინალურ ეტაპზე გაყვანაში. მთლიანობაში კი მისი მონაგარი ნაკრებში ასეთია: 65 თამაში, 12 გოლი.

მთავარი იმედი: კევინ დე ბრუინი– თუ ედენ აზარისგან განსაკუთრებული მოლოდინია, კევინ დე ბრუინზე იგივეს თქმა გვმართებს. კევინმა გასულ ზაფხულს “მანჩესტერ სიტის” მაისური მოირგო და ნისლიან ალბიონს ჩინებულად შეერწყა. მშვენიერი სეზონი ჰქონდა და ნაკრებშიც მიუხედავად უდიდესი კონკურენციისა ერთ-ერთია, ვისაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. მასაც დიდი როლი მიუძღვის ბელგიელთა ფინალურ ეტაპზე გაყვანაში – 10 თამაში, 5 გოლი. მთლიანობაში კი აზარზე შედეგიანად ირჯება – 43 მატჩი, 14 გოლი.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

ბელგიის ნაკრებს აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხჯერ უთამაშია 1972, 1980, 1988 და 2000 წელს. პირველ ორ ჯერზე “წითელმა ეშმაკებმა” წარმატებით იასპარეზეს – 1972 წელს ოთხგუნდიან პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო რვა წლის მერე იტალიაში ფინალი დათმეს გფრ-სთან.

სამაგიეროდ, 1988 და 2000 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ XXI საუკკუნის პირველ ევროპირველობაზე ბელგია მასპინძელი იყო და პირველ ტურში შვედეთს მოუგო, მაგრამ მერე მიჯრით წააგო იტალიასთან და თურქეთთან. სხვათა შორის, ბელგია ახლაც იტალიასთან და შვედეთთან ერთადაა ქვეჯგუფში. ერთადერთი განსხვავება თურქეთის ნაცვლად ირლანდიაა.

კალენდარი ევრო 2016-ზე

ბელგია – იტალია

13 ივნისი, 23:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი”

ბელგიის ნაკრები ევროპირველობის სასტარტო მატჩს 13 ივნისს იტალიის ნაკრებთან გამართავს. გუნდთან, რომელსაც 7 თვის წინ ამხანაგურ მატჩში 3:1 მოუგო. ბრიუსელში გამართულ მატჩში თავიდან იტალია იგებდა ანტონიო კანდრევას გოლით, ხოლო მერე იან ვერტონგენმა, კევინ დე ბრუინმა და მიჩი ბატშუაიმ იხეირეს.

მთლიანობაში ბელგიის ნაკრები იტალიას 21-ჯერ შეხვედრილა და ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს – 4 მოგება, 4 ფრე, 13 წაგება. ეს ყველა დაპირისპირების ჩათვლით, ხოლო თუ მხოლოდ ოფიციალურ თამაშებს ავიღებთ, ასეთი მაჩვენებელია: 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა ბელგიამ იტალიას ევროპის 1972 წლის ჩემპიონატზე მოუგო ბრიუსელში (2:1). 1980 წელს, ტურინში ამ გუნდთა მატჩში გოლი არ გასულა და ვინაიდან ბელგიას აღნიშნული შედეგი ხელს აძლევდა, ფინალში გავიდა. “სკუადრა აძურამ” რევანში 2000 წელს აიღო, როცა ბრიუსელში ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებლად მოუგო სტეფანო ფიორესა და ფრანჩესკო ტოტის გოლებით. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში მოედანზე იყვნენ მარკ ვილმოტსი და ანტონიო კონტე – დღევანდელი ნაკრების მესაჭეები.

ბელგია – ირლანდია

18 ივნისი, 17:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო”

მეორე მეტოქე ირლანდიაა, რომელთანაც “წითელ ეშმაკებს” დადებითი ბალანსი გააჩნიათ – 5 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. ეს ორი ნაკრები ევროპის 1988 წლის შესარჩევ ციკლში ერთად იყვნენ და მაშინ ორ თამაშს გამარჯვებული არ გამოუვლენია – 0:0, 2:2.

და მაინც, ყველაზე დრამატულად მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გამართული ორი მატჩი მიიჩნევა – უფრო ძლიერი ორმატჩიან დუელში ბელგია აღმოჩნდა: დუბლინში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო ბრიუსელში ბელგიამ დაძაბულ მატჩში 2:1 იმარჯვა და საფრანგეთის მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა. სიმბოლურია, რომ მათ თამაში ახლა იმავე საფრანგეთში მოუწევთ, 19 წლის თავზე...

შვედეთი – ბელგია

22 ივნისი, 23:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა”

ბელგიელთათვის შვედეთიც ნაცნობი მეტოქეა – 7 მოგება, 2 ფრე 5 წაგება. თუმცა, მათი თამაშები მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებს ითვლის და ისიც შორეულ წარსულში. ერთადერთი გამონაკლისი ევრო 2000-ის ჯგუფური ეტაპის თამაშია, როცა ბრიუსელში მასპინძლებმა იმარჯვეს 2:1. მაშინ სკანდინავიელთა კარში გოლები ბარტ გოორმა და ემილ მპენზამ გაიტანეს.

თამაში ისტორიიდან

ევრო 1980, ჯგუფური ეტაპი – 15 ივნისი, 1980. მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

ბელგია – ესპანეთი 2:1

გოლები:1:0 გერეტსი (17), 1:1 ქუინი (36), 2:1 კულსი (65)

საუკეთესო შედეგი:მეორე ადგილი – 1980 წელი

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ბერნარ ვურჰუფი, პოლ ვან ჰიმსტი (30-30 გოლი) –ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში:მარუან ფელაინი (15 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:იან კულემანსი (96 თამაში) –ამჟამად საუკეთესო შედეგი გუნდში:იან ვერტონგენი (76 თამაში)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046942