|
კუნძულელების რიხიანი დებიუტი
2016-06-15 01:30 | ნახვები: 6359
1
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა “სტად ჟოფრი გიშარზე” გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრები გათამაშების დებიუტანტს ისლანდიას დაუპირისპირდა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. ფერნანდუ სანტუშმა 4-3-1-2 ტაქტიკა არჩია და რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილებაც მიიღო. რიკარდო კვარეზმას მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ ვერ მოხვდა ძირითადში, მაგრამ რენატო სანჩესისა და უილიამ კარვალიოს სათადარიგოთა სკამზე დასმა და დანილო პერეირას სასტარტოში გამწესება ცოტათი მოულოდნელია. გარდა ამისა, ბევრი საუბარი გამოიწვია 38 წლის რიკარდო კარვალიოს დაყენებამ და არც თუ უსამართლოდ, რადგან ვეტერანი მცველის დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ მას ძველი სისწრაფე, რეაქცია და სხვა საჭირო თვისებები აღარ აქვს და მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე თამაში ძალიან რთულია. თანაც, ვერ ვიტყვით, რომ პორტუგალიელებს ალტერნატივა არ ჰყავთ: ჟოზე ფონტე შესანიშნავი მცველია. მის გარდა, განაცხადშია ბრუნო ალვეშიც. მოკლედ, სანტუშის სასტარტო თერთმეტეული მთლად ადეკვატური არ გახლდათ (კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, იგივე ნანის ცენტრფორვარდობაზე) და საბოლოოდ, ეს უშუალოდ შედეგზეც აისახა. ლარს ლაგერბეკმა 4-4-2 ტაქტიკა აირჩია. ერთი ფორვარდი ფაქტობრივად სულ წინ რჩებოდა, გადმოგდებულ მაღალ ბურთებზე იბრძოდა და დაცვის შეცდომას ელოდებოდა, ხოლო მეორე უკან იწევდა და ასე ცდილობდა შეტევების დაწყებას. კუნძულელები ძალიან ჭკვიანურად იცავდნენ თავს. ისინი ზედმეტად არ რისკავდნენ და ხშირ შემთხვევაში საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან წინ იგერიებდნენ ბურთს, სადაც როგორც აღვნიშნე ერთი თავდამსხმელი მუდამ ელოდა ბურთს. ისლანდიელები ძალიან ბევრს დარბოდნენ და თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდნენ. ნომინალური მასპინძლები პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი რეალური შანსი კუნძულელებმა შექმნეს – მე-4 წუთზე გილფი სიგურდსონს ორ ეპიზოდში აჯობა პატრისიომ. პორტუგალიელებს პირველი 100%-იანი შანსი 21-ე წუთზე შეექმნათ, კრიშტინო რონალდუს გადაცემას თავური დარტყმით ნანი გამოეხმაურა, მაგრამ ჰანეს ჰალდორსონმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ფეხით მოიგერია. “ლუზიტანების” რიგებში გამორჩეულნი ჟოაო მარიო, რაფაელ გერერო, ნანი და ანდრე გომეში იყვნენ. სწორედ ამ უკანასკნელებმა შექმნეს გოლი – 31-ე წუთზე ანდრე გომეშის გადაცემით ნანიმ იხეირა და ახლო მანძილიდან გაიტანა. პირველ ნახევარში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და მეორე ტაიმიც ზუსტად ანალოგიურად წარიმართა. პორტუგალია დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ხოლო კუნძულელები კონტრშეტევებისა და დაცვის შეცდომის იმედად იყვნენ. საწყისი 45 წუთის მსგავსად, პირველი სახიფათო მომენტი მეორე ნახევარშიც ისლანდიელებმა შექმნეს, რომელიც გოლით დასრულდა. მოხდა ის, რასაც ლარს ლაგერბეკი და მისი შეგირდები მთელი თამაშის განმალობაში ელოდნენ – პორტუგალიელთა დაცვა უხეშად შეცდა, ბირკირ ბიარნასონი გამოეპარათ, რომელმაც იოჰან გუდმონდსონის მშვენიერი გადაცემა შეირგო და საკუთარი სამშობლოსთვის ისტორიული გოლი გაიტანა. ფერნანდუ სანტუშის კრებულს თამაშის მოსაგებად 40 წუთზე მეტი ჰქონდათ და უმალ მთელი ძალებით წავიდნენ წინ. მინიმუმ სამი ძალიან რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდათ, რონალდუს მეკარემ აჯობა, ხოლო ნანიმ და პეპემ სულ ცოტატი ააცილეს. სანტუშმა სამივე შეცვლა განახორციელა და მოუტინიო-მარიო-გომეშის ტრიოს ნაცვლად, სანჩესი, კვარეზმა და ედერი ჩართო თამაშში. სამივე აქტიურად ჩაერთო, მაგრამ განსაკუთრებული მათაც არაფერი გაუკეთებიათ. ისლანდიის ნაკრები გატანილი გოლის შემდეგ ძალიან უკან იყო ჩაწეული, მაგრამ მომენტებში მწვავედ იკბინებოდა და ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, კინაღამ გოლიც გაიტანეს – 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ალფრედ ფინბოგასონმა შესანიშნავად ითამაშა, პეპე ჩამოიცილა და კარშიც კარგად დაარტყა, მაგრამ პატრისიომ იყოჩაღა. შეხვედრის კულმინაცია 94-ე წუთზე იყო, როდესაც პორტუგალიამ ორჯერ ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო. პირველად კრიშტიანო რონალდუ 33-მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ ფინბოგასონმა ბურთი ხელით შეაჩერა და ჯარიმა 9 მეტრით წინ დაინიშნა. კვლავ რონალდუმ დაარტყა და ისევ კედელს გაარტყა. არადა, იმ პოზიციიდან შესანიშნავად არტყამს რაფაელ გერერო და არაერთი გოლი აქვს გატანილი, თუნდაც ნორვეგიასთან ამხანაგურ მატჩში, მაგრამ რონალდუმ როგორც ხშირად ხდება, ბურთთან არ მიუშვა და გადამწყვეტი დარტყმა უხეიროდ შეასრულა – 1:1. პორტუგალიელთათვის ევროპის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო, ხოლო ისლანდიამ სადებიუტო მატჩშივე ძალიან ძლიერ და სახელოვან გუნდთან ისტორიული ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს ძალიან კარგ ხასიათზე შეხვდება. პორტუგალია – ისლანდია 1:1 (1:0) სენტ ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი” პორტუგალია (4-3-1-2): პატრისიო, რ.კარვალიო, პეპე, გერერო, ვეირინია, დ.პერეირა, მოუტინიო (სანჩესი 71), მარიო (კვარეზმა 76), გომეში (ედერი 84), ნანი, რონალდუ. ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, არნასონი, რ.სიგურდსონი, სევარსონი, სკულასონი, გ.სიგურდსონი, გუნარსონი, გუდმონდსონი (ე.ბიარნასონი 90), ბ.ბიარნასონი, ბოდვარსონი, სიგტორსონი (ფინბოგასონი 81).
გოლები: 1:0 ნანი (31), 1:1 ბ.ბიარნასონი (50) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია