|
ყველაზე რისკიანი ევრო
2016-06-10 15:04 | ნახვები: 6496
12345
77 ათასი ჟანდარმი, 13 ათასი უსაფრთხოების კერძო აგენტი და 10 ათასი ჯარიკაცი, პატრული, სნაიპერები და ტოტალური ვიდეოკონტროლი, ეს დღევანდელი საფრანგეთის ჩვეულებრივი სურათია. უეფა მზადაა მცირედი საფრთხის შემთხვევაშიც კი მატჩები უმაყურებლოდ ჩაატაროს… უკვე ცხადია, რომ ევრო 2016 უეფას ისტორიაში ყველაზე რისკიანი ტურნირი იქნება. ყველაფერი კი შარშან, 13 ნოემბერს დაიწყო. “სტად დე ფრანსეზე” ფრანგები გერმანელებს მასპინძლობდნენ ამხანაგურ მატჩში. მე-17 წუთი მიმდინარეობდა, როცა მაყურებლებმა აფეთქების ხმა გაიგეს. ოთხ წუთში ხმა განმეორდა, ოღონდ სხვა მხრიდან. ცოტა ხანში სტადიონზე ათიათასობით ტელეფონი აწკრიალდა, ახლობლები იქ მყოფთ ტერორისტული აქტის შესახებ აცნობებდნენ. უცებ შიშისა და განგაშის განცდამ დაისადგურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და ორივე ქვეყნის დიპლომატებმა სტადიონი სასწრაფოდ დატოვეს. მაყურებლებს კი სტადიონის დაცვა ეხმარებოდა გასვლაში. შესვენებაზე იოაჰიმ ლიოვმა და დიდიე დეშამმა ფეხბურთელებისგან ფარულად გაიგეს მომხდარის შესახებ, თუმცა დირექტივებს დაემორჩილნენ და პანიკას არ აჰყოლიან. მატჩი ბოლომდე ჩაამთავრეს (ფრანგებმა 2:0 გაიმარჯვეს). მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ სასაწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. სამი თვითმკვლელი ტერორისტი სტადიონზე შეღწევას ლამობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. შედეგად სტადიონის სიახლოვეს “აამუშავეს” მოწყობილობები. მაგრამ ეს თურმე დასაწყისი იყო. მალევე ტერაქტები მოხდა პარიზის სხვადასხვა უბნებში, კაფეებში, ბარებში. ტერორისტები ესროდნენ ყველას, ქალებს, ბავშვებს, უბრალო გამვლელებს. მთავარი ტრაგედია მიუზიკ-ჰოლ “ბატაკანში” მოხდა, სადაც 89 მძევალი დახვრიტეს. ჯამში კი ტერაქტს 130 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ამ დროსEევროპის ჩემპიონატამდე შვიდი თვე რჩებოდა… ცხადია, ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ პოლიტიკოსების მთავარი განსჯის საგანი სწორედ ევრო 2016 გახდა. ზოგი ამბობდა ტურნირი ხხვა ქვეყანაში გავმართოთო, მეორენი ამტკიცებდნენ, მატჩები უმაყურებლოდ ჩავატაროთო, მესამენი ტურნირის საერთოდ გაუქმებას მოითხოვდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა. შეჯიბრი მაინც ტარდება. პანიკის შემთხვევაში კი ტერორისტების უპირატესობის აღიარება მოუწევდათ. ჩემპიონატის დღეებში სტადიონებზე დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი მივა, აქედან 1,5 უცხოელი იქნება. ფრანგებისთვის ეს დიდი და მკაცრი გამოცდაა. თუ ოქროს მედლებს მოიპოვებენ ხომ კარგი, მაგრამ ქვეყნის მთავარი გამარჯვება ევროს უსაფრთხოდ ჩატარება იქნება. ბოლო თვეებში უსაფრთხოების ზომები გაორმაგდა. ევროს დაცვის ბიუჯეტი 15 პროცენტით გაიზარდა. ყოველ სტადიონზე დაახლოებით 1500 ჟანდარმი იმორიგევებს, ყველა წერტილში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. დამატებით იფრენენ პატრულის უპილოტო თვითმფრინავები, ტანისამოსსა და პირად ნივთებს დაწყებული აეროპორტებიდან და ვაგზლებიდან, სტადიონების შესასვლელებთან დამთავრებული ძალიან გულმოდგინედ შეამოწმებენ. ქვეყნის მთავრობამ უკვე გაავრცელა ერთგვარი მიმართვასავით, სადაც ჩასულ სტუმრებს სთხოვენ, გაგებით მოეკიდონ ყოველივეს. ეროვნული ნაკრებებსა და ოფიციალური დელეგაციების დაცვაში უეფას საგანგებო ჯგუფიც მიიღებს მონაწილეობას. მათ უკვე დაიქირავეს რამდენიმე ათასი კერძო ფირმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ სასტუმროებში, სტადიონებზე, საწვრთნელ ბაზებზე. უეფაში ამბობენ უსაფრთხოებისთვის 34 მილიონი ევრო გამოვყავითო, თუმცა, რეალურად ეს ციფრი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ტეგები:
უსაფრთხოება ევრო 2016-ზე |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია