|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – შვედეთი
2016-06-06 16:13 | ნახვები: 6135
1
შვედეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი აუტსაიდერის სტატუსით ჩადის. გასაკვირი არცაა, სკანდინავიელებს ძველი, ვარსკვლავური თაობის დონის მოთამაშეები აღარ ჰყავთ, გამონაკლისი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ლეგენდარული თავდამსხმელი. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ შვედეთის 21-წლამდე ნაკრებმა შარშან ზაფხულს შესაბამისი ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და იმ გუნდიდან ამჟამინდელი ნაკრები ფეხბურთელების ნაკლებობას არ უჩივის – ჰილიერმაკი, გუიდეტი, ლინდელოფი. ერიკ ჰამრენის გუნდმა საფრანგეთისკენ გზა რთულად, მაგრამ მაინც გაიკვლია. საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთი ავსტრიისა და რუსეთის ნაკრებებს ჩამორჩა და თამაში პლეი-ოფში მოუწია, სადაც მეზობელ დანიას დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ორრაუნდიან ბრძოლაში მეტოქეს მძიმედ, მაგრამ მაინც სძლია – 4:3 (2:1, 2:2). მთავარი მწვრთნელი – ერიკ ჰამრენი ერიკ ჰამრენი ძალზე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. მთავარ მონაპოვრად ალბათ, 2007-2008 წლების სეზონში “ოლბორგთან” ერთად დანიის ჩემპიონობა უნდა ჩავუთვალოთ. შვედეთის ნაკრებს კი 2009 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც ქვეჯგუფს ვერ გასცდა. ჰამრენის ხელმძღვანელობით შვედებმა დღემდე 77 თამაში გამართეს, საიდანაც 43 მოიგეს, 13 ფრედ დაასრულეს და 21-ჯერ დამარცხდნენ (55.84% მოგება). შემადგენლობა მეკარეები:1. ანდრეას ისაქსონი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), 12. რობინ ოლსენი (“კოპენჰაგენი”, დანია), 23. პატრიკ კარლგრენი (“აიკი”) მცველები:17. ლუდვიგ აუგუსტუნსონი (“კოპენჰაგენი”, დანია), 3. ერიკ იოჰანსონი (“კოპენჰაგენი”, დანია), 13. პონტუს იანსონი (“ტორინო”, იტალია), 14. ვიქტორ ლინდელოფი (“ბენფიკა”, პორტუგალია), 4. ანდრეას გრანკვისტი (“კრასნოდარი”, რუსეთი), 2. მიკაელ ლუსტიგი (“სელტიკი”, შოტლანდია), 5. მარტინ ოლსენი (“ნორვიჩი”, ინგლისი) ნახევარმცველები:21. ჯიმი დურმაზი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), 8. ალბინ ეკდალი (“ჰამბურგი”, გერმანია), 15. ოსკარ ჰილიერმაკი (“პალერმო”, იტალია), 7. სებასტიან ლარსონი (“სანდერლენდი”, ინგლისი), 16. პონტუს ვერნბლუმი (ცსკა, რუსეთი), 22. ერკან ზენგინი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), 18. ოსკარ ლევიცკი (“მალმე”), 6. ემილ ფორსბერგი (“ლაიპციგი”, გერმანია), 9. კიმ კალსტრომი (“გრასჰოპერსი”, შვეიცარია) თავამსხმელები:11. მარკუს ბერგი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), 20. ჯონ გუიდეტი (“სელტა”, ესპანეთი), 10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, საფრანგეთი), 19. ემირ კუიოვიჩი (“ნორჩეპინგი”) სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):ისაქსონი; ლუსტიგი, გრანკვისტი, იოჰანსონი, ოლსონი; ლარსონი, ჰილიერმაკი, ვერნბლუმი, ფორსბერგი; გუიდეტი, იბრაჰიმოვიჩი ერიკ ჰამრენს განსაკუთრებული არჩევანი არ ჰქონია. სწორედ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ 23 კაციან განაცხადშია მარკუს ბერგი, რომლის ოქროს წლები კარგა ხნის ჩავლილია და ვეტერანი კიმ კალსტრომი, ვისაც კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ახლა მოკრძალებულ “გრასჰოპერსში” ირჯება. კარს კი, 34 წლის ანდრეას ისაქსონი დაიცავს თურქული “ქასიმფაშადან”. მთავარი ვარსკვლავი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი– რაღა თქმა უნდა, შვედეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ზლატანის გარეშე გაუძნელდებოდა და მეტიც, ალბათ, ვერც მოახერხებდა ამის გაკეთებას. ვეტერანმა ფორვარდმა შესარჩევ ციკლში 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ანუ ნახევარი, რაც დანარჩენმა გუნდმა. იბრაჰიმოვიჩს სანაკრებო კარიერაში დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, რაც მის კარიერას გარკვეულ ლაქას ადებს, თუმცა რას იზამ, იბრას გარდა შვედეთის ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში თითქმის აღარ ჰყავს. ზლატანს დღემდე შვედეთის ნაკრებში 112 ჩატარებულ მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მთავარი იმედი: ჯონ გუიდეტი –24 წლის თავდამსხმელი, რომელიც წესით შეტევის ხაზში იბრაჰიმოვიჩს უნდა შეუწყვილდეს. მართალია, გუიდეტი ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვერ ბრწყინავს, მაგრამ ერთი წლის წინ 21-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა და იმ ნაკრების ლიდერიც იყო. გასული სეზონი “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა შემტევმა ვიგოს “სელტაში” გაატარა და ესპანეთის პრიმერადივიზიონში 7 გოლის გატანა მოახერხა. გუიდეტი მანამდე, გლაზგოს “სელტიკში” ირჯებოდა. ევროპის ჩემპიონატების ისტორია შვედეთის ეროვნული ნაკრები კონტინეტის პირველობაზე მიჯრით მეხუთედ თამაშობს. თუმცა, აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლო მეოთხედფინალში გასვლა 2004 წელს, სადაც პენალტების სერიაში ჰოლანდიის ნაკრებთან დამარცხდა. მანამდე, 2000 წელს და შემდგომ უკვე 2008 და 2012 წლებში სკანდინავიელები ჯგუფში ჩარჩნენ. და მაინც, საუკეთესო შედეგი შვედეთმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა – 1992 წელს, შვედები სამშობლოში ნახევარფინალმდე მივიდნენ და იქ გამოეთიშნენ ტურნირს. კალენდარი ევრო 2016-ზე ირლანდია – შვედეთი 13 ივნისი, 20:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრენსი” შვედეთის ნაკრები პირველ მატჩს 13 ივნისს ირლანდიასთან გამართავს. შვედები უპირატესობას ფლობენ: 10 თამაში, 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება – მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში დუბლინში შვედეთმა მოიგო (2:1), ხოლო სტოკჰოლმში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. მანამდე, ეს გუნდები 70-იან წლებში ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ევროპის 1972 წლის შესარჩევშიც ერთი მატჩი სკანდინავიელებმა მოიგეს, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა. იტალია – შვედეთი 17 ივნისი, 17:00 საათი. ტულუზა, “სტად დე ტულუზა” თუ ერიკ ჰამრენის გუნდს ირლანდიასთან დადებითი ბალანსი აქვს, ასე არაა იტალიის ნაკრებთან – 22 თამაში, 6 მოგება, 6 ფრე, 10 წაგება – აქედან ოფიციალური 10 მატჩი იყო: 4-4 მოგება, 2 ფრე. ბოლო ოფიციალური მატჩი კი ამ გუნდებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელია – ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუში გუნდები დაზავდნენ – 1:1. ანტონიო კასანოს გოლს მატჩის მიწურულს ნამდვილი შედევრით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა და თავმოყვარე იტალია ჯგუფში ჩატოვა. ოთხი წლით ადრე კი, ამავე ეტაპზე ეინდჰოვენში იტალიამ მოიგო (2:1) ლუიჯი დი ბიაჯოსა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით და სკანდინავიელები სამშობლოში უქულოდ გაამგზავრა. შვედეთი – ბელგია 22 ივნისი, 23:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა” ბელგიისა და შვედეთის ნაკრებთა დაპირისპირების ისტორია 5 ოფიციალურ თამაშს იტევს და სკანდინავიელები აქაც უარყოფით ბალანსში არიან: 2 მოგება, 3 წაგება. ბოლოს ისინი ევრო 2000-ის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიუსელში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. რაც შეეხება მთლიანად აქამდე გამართულ მატჩებს – 14 თამაში, 5 მოგება, 2 ფრე 7 წაგება. თამაში ისტორიიდან მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატი, მატჩი მესამე ადგილისთვის – 16 ივლისი, პასადენა შვედეთი – ბულგარეთი 4:0 გოლები:1:0 ბროლინი (8), 2:0 მილდი (30), 3:0 ლარსონი (37), 4:0 ანდერსონი (39) საუკეთესო შედეგი:ნახევარფინალი – 1992 წელი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ზლატან იბრაჰიმოვიჩი (62 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი:ანდერს სვენსონი (149 თამაში) –ამჟამად საუკეთესო შედეგი გუნდში:ანდრეას ისაქსონი (127 თამაში) ტეგები:
შვედეთის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია