|
ლინეკერის ახალი სხარტული და სხვა
2016-06-27 19:05 | ნახვები: 5708
1234
"გერმანელობა მოსაწყენია. ეს იმიტომ, რომ ყოველთვის იგებ" - ეს ინგლისელი გარი ლინეკერის ახალი სხარტულია. ინგლისის ნაკრების ყოფილ მეგოლეს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი - ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს და ბოლოს გერმანელები იმარჯვებენო. ლინეკერს მწარედ ახსოვს 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალი, როცა ინგლისმა პენალტებში წააგო გფრ-სთან. ინგლისელთა ათიანმა მაშინ თამაშიდან მშვენიერი გოლი გაიტანა, მაგრამ... 24 წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გმირმა, დანიელმა პეტერ შმაიხელმა საკუთარ თვითერ-ში დაწერა, გერმანია და ბელგია ყველაზე ძლიერები არიანო. შმაიხელი საფრანგეთსაც შეეხო, კიდევ უნდა მოუმატოს, თასისთვის რომ იბრძოლოსო. სლოვაკთა ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, გერმანიასთან შედარებით, ჩვენ საფეხბურთო ჯუჯები ვართო. ეს ის სლოვაკეთია, რომელმაც ერთი თვის წინ სწორედ გერმანიას ამხანაგურში 3:1 მოუგო, თუმცა ამხანაგური სხვაა, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი - სულ სხვა... უნგრელთა 40 წლის მეკარე გაბორ კირაიმ თქვა, მერვედფინალში ისეთ ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელსაც ევროპის ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი აქვსო. კირაიმ დაამატა, მაინც ამაყნი ვართ, ჩვენს გულშემატკივრებს ჯგუფში ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბელგიასთანაც ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ძალა გამოგვეცალაო. იტალია-ესპანეთის მატჩის წინ, "სკუადრა აძურას" ყოფილმა ნახევარმცველმა დინო ბაჯომ გამოთქვა აზრი. დინო ის კაცია, რომელმაც 1994 წელს მუნდიალის მერვედფინალში გაუტანა ესპანელებს (იტალიამ 2:1 მოიგო), თუმცა ეთანხმება საერთო აზრს, რომ აპენინელები ამჯერად ფავორიტები აღარ არიან... დინო ბაჯომ ანდრეს ინიესტაზე თქვა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი ფეხბურთელი არ მახსენდებაო. "ის ყველაზე მრავალმხრივი და გონიერი ფეხბურთელია მსოფლიოში. ალბათ, მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთხელ თუ თუ შეეშლება პასი". ფაბიო კაპელო ესპანელთა თამაშს ჯადოსნურს უწოდებს, ბრწყინვალე მწვრთნელი და ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავსო. "თუ იტალია ვერ მოიგებს ჩემპიონატს, ვისურვებდი, რომ ეს ესპანეთმა მოახერხოს" - თქვა კაპელომ. ამასობაში რუმინელი გენერალი გადადგა. ანგელ იორდანესკუს ნაკრები უფერული იყო ამ ევროპის ჩემპიონატზე, მხოლოდ საფრანგეთთან გახსნის მატჩში ითამაშა კარგად. ალბანეთთან წაგების მერე, გენერალი მიხვდა, რომ დასვენება სჯობდა. არადა, რა გუნდი ჰყავდა 1994 წელს გეორგე ჰაჯის მეთაურობით... აბა, სად მაშინდელი რუმინეთი მკვლელი კონტრშეტევებით და სად ახლანდელი?! ცნობილია, რომ მარიო გიოტცე იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთი ფავორიტია. "იოგი" მაშინაც ენდობა გიოტცეს, როცა ფორმაში მაინცდამაინც არაა. ახლა რა მოხდება, საინტერესოა: მარიო გომესიც და იულიან დრაქსლერიც მშვენივრად თამაშობდნენ სლოვაკეთთან. გიოტცე ამაზე არ ნერვიულობს. "თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ გერმანიამ მძლავრად ითამაშა. კარგი იყო დრაქსლერი. გერმანიამ 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, მთავარიც სწორედ ესაა". |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია