|
მესუთ იოზილი: “ძლიერი გუნდი გვყავს და ნორმალურია, რომ ჩემპიონობაზე ვფიქრობთ”
2016-06-09 14:53 | ნახვები: 6059
1
გერმანიის ეროვნული ნაკრები, როგორც ყველა დიდი ტურნირისას, ცხადია, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტთაგანია. მისი ერთ-ერთი ლიდერი, თურქული წარმოშობის, ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი, მესუთ იოზილია. ახლა ის გუნდთან ერთად ფრანგული ევიან ლე ბენის საწვრთნელ ბაზაზე ტურნირისთვის ემზადება და “უორლდ სოკერის”-ის ჟურნალისტ კრის ჰეზერუელს მცირე ინტერვიუც მისცა. -როგორია თქვენი მიზანი ევრო 2016-ზე? -ჯერ ძირითად შემადგენლობაში მყარად უნდა დავიმკვიდრო ადგილი. თუ გავითვალისწინებთ რამდენი ძლიერი მოთამაშე გვყავს, ეს არცთუ იოლი საქმეა. აი, შემდეგ კი ევროზე ფიქრიც შეიძლება. -და მაინც, ჩემპიონობაზე ფიქრობთ? როგორი შანსი აქვს გერმანიის დღევანდელ ნაკრებს? -ძლიერი გუნდი გვყავს და ნორმალურია, რომ ჩემპიონობაზე ვფიქრობთ. თუმცა კონკურენცია ძალიან დიდი იქნება. -გერმანია ესპანელების მსგავსად, ევროპის ჩემპიონი სამჯერ ყოფილა. მეოთხე ტიტულის მოგების შემთხვევაში ისტორიაში შეხვალთ... -რა გითხრათ, თუ გერმანია მეოთხედ მოიგებს კონტინენტის პირველობას, ეს დიდი მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისა და ცხადია, ფეხბურთისთვის. მიზანი ჩემპიონობაა. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ საფრანგეთის ევრო ბოლო დროის ტურინრებიდან ყველაზე გამოუცნობი იქნება. ბევრი გუნდი ფიქრობს გამარჯვებაზე. -მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ? შეგიძლიათ სამი მათგანი დაასახელოთ? -ჩემპიონატის დაწყებამდე რთულია ფავორიტებზე საუბარი. ისინი მართლაც ბევრნი არიან. ალბათ, ლოგიკური იქნება, ასეთებად ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი და მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მივიჩნიოთ. ამავე სიაში არიან იტალია და ინგლისიც. -თქვენ ინგლისელები ახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ტურნირებზე მათ კარგა ხანია არაფერი მოუგიათ. იქაურ ფეხბურთელებს პრემიერლიგაში ყოველ კვირას ხვდებით, რას ფიქრობთ მათ შანსებზე? -ბოლო ორ წელიწადში ინგლისის ნაკრებმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩდნენ და ახლა გუნდი თავის პიკშია. ასე ვიტყოდი: მათ ფინალში გასვლა შეუძლიათ. საერთოდაც, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. ეს უბრალოდ დიპლომატიური პასუხი არ გეგონოთ, ინგლისში ვთამაშობ და ვიცი, რასაც ვამბობ. -თქვენს ჯგუფზე რას გვეტყოდით: პოლონეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია... -რთული ჯგუფია. თუმცა, ჩემი აზრით, ევროზე სუსტი ჯგუფები არ არსებობს. გერმანიის ნაკრებისგან ყოველ მატჩში გამარჯვებას ითხოვენ, არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები. ეს კი გუნდისთვის დამატებითი წნეხია. პოლონელები, უკრაინელები და ჩრდილოირლანდიელები ჩვენს მიმართ გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ, იმიტომ კი არა, რომ სამი ქულა მოიპოვონ, არამედ გერმანიას რომ მოუგონ. ამისათვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. -გერმანიისა და პოლონეთის მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებული ვითარებაა. ეს მართლაც სხვაგვარი დაპირისპირებაა? -დიახ. ეს ასეა. ვიცით, რომ პოლონელებისთვის გერმანელებთან ბრძოლა განსაკუთრებულია, ამიტომ, მათთან თამაში ყოველთვის რთულია. ახლა თავდასხმაში ნამდვილი ვარსკვლავი – რობერტ ლევანდოვსკი ჰყავთ და მის მიმართ საგანგებო ყურადღებაა საჭირო. საერთოდაც, ბოლო დროს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. -რომელ ნაკრებს მიიჩნევთ ტურნირზე გამოუცნობად და რატომ? -ბელგიელებს ძლიერი შემადგენლობა მოუგროვდათ. შორს წასვლა შეუძლიათ. მათ თამაშზე ყურადღების მიქცევას გირჩევდით. -ფინალში ვისთან ისურვებდით შეხვედრას? -თუ გერმანია ფინალში გავა, ბედნიერი ვიქნები. შემდეგ კი სულერთია ვის შევხვდებით. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია