|
უცნაური ჰოჯსონი
2016-06-16 19:38 | ნახვები: 7379
123456
ინგლისელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთთან უსახური თამაშის შემდეგ როი ჰოჯსონი შემადგენლობას გადაახალისებდა და უფრო შემოქმედ ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის საშუალებას. ეს მხოლოდ მეორე ტაიმში მოხდა. თავიდან კი ინგლისელებმა იმავე თერთმეტეულით დაიწყეს, როგორითაც პირველ ტურში. დაიწყეს და კიდევ ერთი მოსაწყენი, არაფრისმთქმელი ტაიმი “აჩუქეს” მაყურებელს. ერთადერთი საგოლე მომენტი დასაწყისშივე, მე-7 წუთზე შეექმნათ, როცა ადამ ლალანა მარჯვენა ფრთაზე გაიქცა, საჯარიმოში ჩააწოდა და რაჰიმ სტერლინგმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს გადააცილა.. უელსელთა შორის კი სამი ცვლილება მოხდა. სასტარტოში მოხვდა სლოვაკეთთან წინა მატჩის გმირი რობსონ კანუ. კარში ჩვეული ადგილი დაიკავა “კრისტალ პალასის” გამოცდილმა კიპერმა უეინ ჰენესიმ, რომელმაც წინა შეხვედრა წელის ტკივილის მიზეზით გააცდინა. ნახევარდაცვის ცენტრში კი მისი თანაგუნდელი ჯოზეფ ლედლი დადგა დევიდ ედუარდსის მაგიერ. კოულმენის შეგირდებს ფრეც აძლევდა ხელს და ტაქტიკაც შესაფერისი აირჩიეს. Uუკან დაიხიეს, ფრთხილად ირჯებოდნენ და შანსს ელოდნენ. ელოდნენ და მიიღეს კიდეც. ცხადია, ისევ გარეტ ბეილმა ივაჟკაცა, წინა შეხვედრის არ იყოს, ამჯერადაც საჯარიმო დარტყმით, ოღონდ უფრო შორიდან, დაახლოებით 25 მეტრიდან ისეთი დასცხო, ირგვლივ ყველა გაკვირვებული დატოვა. თუმცა, შეცდომა დაუშვა ინგლისელთა მეკარე ჰარტმა. 0:1 უელსელთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმი განსხვავებული გამოდგა. ჰოჯსონმა მინდორზე ვარდი და სტარიჯი შეუშვა და ყველაფერი შეიცვალა. ორივემ გაიტანა. რას ერჩის ჰოჯსონი ამ ფეხბურთელებს, გამოცანად რჩება. პირველ შეხვედრაში საერთოდ არ ათამაშა, ახლა კი შეცვლაზე გაიყვანა. მეორე ნახევრის პირველი 15 წუთის განმავლობაში ინგლისელები მეტოქის საჯარიმოს არ მოცილებიან. ამასობაში ვარდიმაც გაათანაბრა და დაამტკიცა, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებს. გააქტიურდა რუნიც. უოკერიც. ინგლისელებმა წნეხი გააძლიერეს, თუმცა უელსელები თავს მედგრად იცავდნენ. და აი, პირველ დამატებულ წუთზე ჰოჯსონის გუნდს სტარიჯმა უშველა. “ლივერპულის” შემტევმა კარგად ისაგებლა საჯარიმოში შექმნილი არეულობით და ზუსტად დაურტყა ახლო კუთხეში ჰენესის - 2:1. ამ გამარჯვებით ინგლისელებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. ცხრილის სათავეში მოექცნენ. პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ უელსელებსაც აქვთ. ინგლისი – უელსი 2:1 (0:0) VIDEO 16 ივნისი. ლანსი. “ფელიქს ბოლარი-დელელისი.” 34 033 ინგლისი (4-3-3): ჰარტი, კეჰილი, როუზი, ოუკერი, სმოლინგი, დაიერი, ლალანა (რეშფორდი 73), სტერლინგი (სტარიჯი 46), ალი, რუნი, კეინი (ვარდი 46) მწვრთნელი: როი ჰოჯსონი უელსი (5-3-2): ჰენესი, განტერი, ტეილორი, ეშლი უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი, ლედლი (ედუარდსი 67) რობსონ-კანუ (ჯონათან უილიამსი 72), ალენი, რემზი მწვრთნელი: კრის კოულმენი გოლები: 0:1 ბეილი (42), 1:1 ვარდი (56), 2:1 სტარიჯი (90+1) მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია) გაფრთხილება: დევისი (61) ბურთის ფლობა: 68%-32% კარში დარტყმა: 4-2, ჯარიმა: 10-9, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-0 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია