Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
I ტურის შეჯამება – გასაოცარი იტალია და ტრადიციული ინგლისი...
2016-06-15 13:43 | ნახვები: 6782
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველი ტური უკვე წარსულის ბინადარი გახდა. შესაბამისად, ჩვენ საქმეში ვნახეთ უკლებლივ ყველა, 24-ვე ნაკრები და ასე თუ ისე, მეტ-ნაკლები წარმოდგენაც შეგვექმნა მათზე. ბუნებრივია, საუბარი ძირითადად იმ ნაკრებებზე გვექნება, რომლებიც ტურნირის დაწყების წინ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

შეიძლება ითქვას, პირველ ტურში საუკეთესო თამაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა. ამას კი, ძალზე ცოტა გულშემატკივარი თუ მოელოდა. “სკუადრა აძურას” კრიტიკოსები არ აკლდა და მეტწილად მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს. ამიტომაც იყო, რომ ბელგია პირველ ტურში ლამის უპირობო ფავორიტი გახლდათ. მაგრამ რა მოხდა ბოლოს? – აპენინელებმა “წითელი ეშმაკები” შესანსლეს! – იტალიის ნაკრების თამაშში აღსანიშნავი არა მხოლოდ 2:0 გამარჯვებაა, არამედ ის თამაში, რაც ამ გუნდმა აჩვენა. მგონი, იმდენი სახიფათო მომენტი არცერთ ნაკრებს ჰქონია, რამდენიც კონტეს გუნდს ბელგიელებთან. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ბურთს უფრო ხშირად ფლობდა. “სკუადრა აძურა” დაცვაში ძალზე მჭიდროდ იდგა და მერე შეტევაშიც სწრაფად და გააზრებულად გადასვლაც არ უჭირდა. ცალკე გამოსაყოფია მათ მიერ გატანილი ორივე გოლი – ბრწყინვალე კომბინაციების შედეგად გატანილი ბურთები. მოკლედ, თუ იტალიის ნაკრები ასეთ სტილში გააგრძელებს, კიდევ ბევრს გააკვირვებს, მაგრამ მანამდე დადასტურდა, რომ იტალია მოედანზე აუტსაიდერის რანგში არავისთან გადის, მითუმეტეს ბელგიასთან...

რახან ბელგია ვახსენეთ, მარკ ვილმოტსის კრებულით განვაგრძოთ – ბევრის აზრით, ეს, ის გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეუძლია, თუმცა, რატომ? – კი ბატონო, ბელგიელთა რიგებში სახელოვანი, ნიჭიერი და წამყვან ევროპულ კლუბებში მობურთავე ბიჭები არიან, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ჯერ კიდევ აკლია დაღვინება... არავინ იცის, როგორ ითამაშებს ბელგია ირლანდიისა და შვედეთის წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ჯგუფში ჩარჩეს. ისე, სანამ ევრო 2016 დაიწყებოდა, ვილმოტსმა თქვა, ჩვენსა და იტალიას შორის დამარცხებული ჯგუფიდან ვერ გავაო და ახლა ბელგიელმა სპეციალისტმა თავი უნდა დაიმშვიდოს, რომ წინასწარმეტყველება არ აუხდეს...

პირველ ტურში კარგი იყო გერმანიის ნაკრებიც – რა გასაკვირია, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია და არნახულად კარგი შემადგენლობაც ჰყავს. მოკლედ, “ბუნდესნაკრები” ჯერაც ტურნირის მთავარ ფავორიტად რჩება. იოაჰიმ ლიოვის გუნდს მეტოქე კერკეტი კაკალი ჰყავდა უკრაინის სახით. სხვათა შორის, გერმანიას ადვილად არ მოუგია და მეტოქეს კარგი მომენტებიც შეექმნა, მაგრამ ვერ გაიტანა. ალბათ, გერმანიის ნაკრებისგან ნელ-ნელა მომატებას უნდა ველოდეთ. მომავალ მატჩებში ალბათ ცვლილეებიც იქნება შემადგენლობაში და გუნდს წამყვანი მცველი მატს ჰუმელსიც დაუბრუნდება, რომლის შემცვლელმა შოკოდრან მუსტაფიმ სხვათა შორის, გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა დაცვის ხაზის თამაში მთლიანობაში, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. მუსტაფის გოლი სტანდარტულს მოჰყვა, ხოლო ბოლო წუთზე ბასტაინ შვაინშტაიგერმა ფენომენალური კონტრშეტევა დააგვირგვინა და გერმანიის კლანჭები იქვე გამოაჩინა.

პირველ ტურში იტალიისა და გერმანიის დარად მოიგეს მასპინძელმა საფრანგეთმა და ესპანეთმა. თუმცა, “მამლებისა” და “ფურიე როხას” გამარჯვებები არ ყოფილა ისეთი ფეერიული, როგორც მათგან ელოდნენ ან ელიან. დიდიე დეშამის გუნდს გახსნით მატჩში საკმაოდ გაუძნელდა რუმინელთა დაცვის ეშელონების გარღვევა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები მრავლად ჰქონდა, მხოლოდ დიმიტრი პაიეს მაღალი საშემსრულებლო კლასის ხარჯზე მოიგო 89-ე წუთზე გატანილი გოლით. თუმცა, თავისთავად, პირველი თამაში სხვა დატვირთვისაა და ადვილი შესაძლებელია, მეორე ტურში საფრანგეთმა ბევრად ლაღად იბურთაოს. ყოველშემთხვევაში ამის პოტენციალი გალებს ნამდვილად გააჩნიათ და ვნახოთ. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს – ვისენტე დელ ბოსკეს კრიტიკა არც ევრო 2016-ის დაწყებამდე აკლდა და არც ახლა აკლია. “ფურიე როხას” 88-ე წუთზე ჟერარ პიკემ (ცენტრალურმა მცველმა) მოაგებინა, როცა ანდრეს ინიესტას ჯადოქრული გადაცემა შეირგო. სხვათა შორის, ესპანეთს ძალზე უჭირდა ჩეხეთის კომპაქტურად მოთამაშე დაცვის ხაზის გარღვევა და ბევრი საგოლე მომენტი არც შეუქმნია. მართალია, პეტერ ჩეხმა რამდენჯერმე კარგი სეივი შემოგვთავაზა, მაგრამ საპასუხოდ ჩეხეთსაც არანაკლები ორი საგოლე მომენტი ჰქონდა... ძირითადად, რაც პირველ ტურში გამოჩნდა, ესპანეთის ნაკრები მთლიანად დამოკიდებულია, თუ რას მოიფიქრებს ანდრეს ინიესტა. დელ ბოსკეს გუნდს წინ ბევრი სამუშაო აქვს, თორემ არაა გამორიცხული ორი წლის წინ, მუნდიალზე განცდილი ფიასკო განმეორდეს...

ესპანეთმა მოიგო მაინც და, კიდევ ორმა ფავორიტმა ინგლისმა და პორტუგალიამ საერთოდ ქულები დაკარგეს – პორტუგალიის ნაკრებში თამაში არ წაუვიდა კრიშტიანუ რონალდუს და შედეგიც მიიღეს – 1:1 ისლანდიასთან. ისლანდიელთათვის კი ეს ისტორიული ფრეა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ დებიუტი ჰქონდათ. მართალია, ფერნანდო სანტუშის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინცდამაინც, აურაცხელი საგოლე მომენტები არ ჰქონია და პირველ ტურში ქულები ლოგიკურად დაკარგა. ინგლისის ნაკრები კი, როგორც ჩანს არ იცვლება – ალბიონელთა მთავარი პრობლემა ვფიქრობ, მთავარ მწვრთნელშია. ჯერ საერთოდ გაუგებარი იყო როი ჰოჯსონის მოქმედება, რუსეთთან მატჩის ბოლო წუთებზე, როცა მესამე შეცვლის უფლება არ გამოიყენა და მანამდე, პირველი ორი ცვლილებაც სხვანაირად შეეძლო განეხორციელებინა. საერთოდ არ ათამაშო ჯეიმი ვარდი და დანიელ სტარიჯი, ცოტა უცნაურია. თვითონ თამაშით კი, ინგლისს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია. ბევრად უკეთესად “ლომებმა” პირველი 45 წუთი ჩაატარეს, როცა დაწინაურება რამდენჯერმე შეეძლოთ. ერთადერთი გოლი კი სტანდარტულიდან გაიტანეს, მერე, ბოლო წუთზე დაცვაში ჩაყვინთეს, რაც ორი ქულის დაკარგვის ფასად დაუჯდათ.

პირველი ტურის აღმოჩენა

უნგრეთი თუ ისლანდია? – უფრო სამართლიანი იქნება თუ ორივეს მოვიხსენიებთ. მავანთა მიერ, ავსტრია უნგრელებთან უდაო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბერნდ შტორკის გუნდმა ისე ერთი ამოსუნთქვით მოუგო “ოსტერეიხს”, თითქოს მოედანზე მეტოქე არც ჰყავდა. საერთოდ, ამ გუნდის თამაშში გუნდურობა იგრძნობოდა და რაც მთავარია თითოეულმა მოთამაშემ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე კონკრეტულად მოცემულ მომენტში. ისლანდიის ნაკრებმა კი პორტუგალიასთან გოლი პირველივე ტაიმში გაუშვა და თითქოს ყურები უნდა ჩამოეყარა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრა, მერე მეტოქეს სივრცეები ჩინებულად შეუზღუდა და ისტორიული – 1:1. ახლა, ლარს ლაგერბაკის გუნდისგან ჯგუფიდან გასვლა მოულოდნელობა სულაც არ იქნება. ისე, არც გუშინდლამდე იქნებოდა ეს დიდად გასაკვირი...

პირველი ტურის სიმბოლური Worldsport.ge-ს ვერსიით:

მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)

მცველები: დარიო სრნა (ხორვატია), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჟერარ პიკე (ესპანეთი)

ნახევარმცველები: ბირკირ ბიარნასონი (ისლანდია), დანიელე დე როსი (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

თავდამსხმელები: გრაციანო პელე (იტალია), არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე (იტალია)

ტურის საუკეთესო გუნდი: იტალიის ნაკრები

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ლეონარდო ბონუჩი – 28 წლის იტალიელი ბელგიასთან მატჩში ბრწყინვალე იყო. ტურინის “იუვენტუსის” უკანახაზელს ერთი შეცდომაც არ დაუშვია და დაცვაში გაუვალი კედელივით იდგა. გარდა ამისა, 32-ე წუთზე ემანუელე ჯაკერინის მოძრაობა შენიშნა და მოედნის ცენტრიდან ისეთი სიზუსტის პასი გაუკეთა, ბარე-ორ გამთამაშებელს რომ შეშურდებოდა. საერთოდ, ბონუჩისთვის მსგავსი საგოლე გადაცემა უცხო არაა და თუ “იუვენტუსის” თამაშებს თვალს ადევნებთ ხოლმე, აქამდეც არაერთხელ შეამჩნევდით. მთლიანობაში ლეონარდო ბელგიასთან მატჩში დიდებულად გამოიყურებოდა და ტურში საუკეთესოობასაც სხვებზე მეტად, ყველაფრის გათვალისწინებით იმსახურებდა.

ევრო 2016-ზე მეორე ტური დღეს იწყება. ტრადიულად სამი მატჩი ჩატარდება – ჯერ რუსეთი – სლოვაკეთს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით რუმინეთი – შვეიცარიას, საფრანგეთი კი, ალბანეთს ეთამაშება.

ტეგები:
ევრო 2016

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042023