|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ისლანდია
2016-06-08 12:19 | ნახვები: 19536
1
ისლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის დებიუტანტია. ლარს ლაგერბაკის გუნდს აქამდე არც ევროპის და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. მოკლედ, შვედმა სპეციალისტმა ისლანდიაში არნახული შედეგი აჩვენა და ნამდვილ გმირადაა შერაცხული. არადა, ისლანდია საკვალიფკაციო ეტაპზე ძალზე რთულ ჯგუფში მოხვდა და მის გასვლას ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით უსახელო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკან მოიტოვა ჰოლანდიისა და თურქეთის ნაკრებები. მართალია, საბოლოოდ ჩეხეთს ჩამორჩა, მაგრამ მეორე ადგილი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ საფრანგეთის სანატრელი საგზური გაენაღდებინა. რაც ყველაზე საინტერესო და გამოსაყოფია, ლაგერბაკის ბიჭებმა ჰოლანდიის ნაკრები, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ორჯერ დაამარცხეს! – ჯერ რეიკიავიკში, მერე ამსტერდამში და თან ისე, რომ 180 წუთში კინკილა გოლიც არ გაუშვიათ. მოკლედ, ეს ისლანდიის ნაკრების სიძლიერეზე უდაოდ მეტყველებს. გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ნამდვილად ერთ მუშტად იყო შეკრული. მართალია, ბოლო პერიოდში ამხანაგური მატჩები ცუდად ჩაატარა, მაგრამ ეს მის მიღწევას არ აკნინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიას მხოლოდ ლაგერბაკი არ ავარჯიშებს. დამხმარე ჰყავს ჰეიმირ ჰალგრიმსონი – ეს ტანდემი ისლანდიის ნაკრებში 2014 წლიდან მოყოლებული მუშაობს და თუ აღნიშნული წარმატება ლაგერბაკის დამსახურებაა, არც ჰალგრიმსონის დავიწყება იქნება მართებული. მთავარი მწვრთნელი – ლარს ლაგერბაკი ლარს ლაგერბაკი სამწვრთნელო ასპარეზზე 1977 წლიდანაა, მაგრამ ძირითადი დრო მაინც სანაკრებო დონეზე აქვს გატარებული. მან 1990 წელს შვედეთის 21-წლამდე ნაკრები ჩაიბარა და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ეროვნულ ნაკრებამდე. შვედეთის მთავარ გუნდს 2000-2009 წლებში თავკაცობდა და გუნდი მიჯრით გაჰყავდა ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. სხვათა შორის, თავს იქაც არ ირცხვენდნენ სკანდინავიელები და ჯგუფიდან გადიოდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა შვედეთმა ქვეჯგუფი ვერ გადალახა ევრო 2008 იყო. ისლანდიის ნაკრებში კი 2011 წელს მიიწვიეს და გამოცდილი სპეციალისტი გამოწვევას სიამოვნებით დასთანხმდა. მართალია, გუნდი 2014 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა, მაგრამ მისთვის კარისკენ არ მიუთითებიათ და აგერ, კარგად გამოჩნდა, რომ მართებული ნაბიჯიც გადაიდგა. სანამ ისლანდიის ნაკრებს ჩაიბარებდა, მანამდე მცირე ხნით ნიგერიის ნაკრებშიც მოასწრო მუშაობა, თუმცა აფრიკა მალევე დატოვა. მისი ხელმძღვანელობით ისლანდიამ 46 თამაში ჩაატარა, 18 მოიგო, 20 წააგო და 8 ფრედ დაასრულა. ჰეიმირ ჰალგრიმსონი– ჰალგრიმსონი 48 წლის სპეციალისტია, რომელიც ისლანდიის ნაკრებში 2011 წელს ლაგერბაკთან ერთად მივიდა, თავიდან იგი შვედის თანაშემწე იყო, მაგრამ 2013 წლის მიწურულიდან ეროვნულ ნაკრებში მათი ფუნქციები გაიყო და თან გათანაბრდა. ყოველშემთხვევაში ქაღალდზე ასეა. ჰალგრიმსონს ისლანდიის ნაკრებამდე განსაკუთრებული არაფრისთვის მიუღწევია და ძირითადად ისლანდიაში ქალთა გუნდებს წვრთნიდა. შემადგენლობა მეკარეები:1. ჰანეს ჰალდორსონი (“ბოდო გლიმტი”, ნორვეგია), 12. ოგმუნდურ კრისტინსონი (“ჰამარბი”, შვედეთი), 13. ინგვარ იონსონი (“სანდეფიორდი”) მცველები:2. ბირკირ მარ სავარსონი (“ჰამარბი”, შვედეთი), 6. რაგნარ სიგუროსონი (“კრასნოდარი”, რუსეთი), 23. არი ფრეირ სკულასონი (“ოლბორგი”, დანია), 3. აუკურ ჰეიოარ ჰაუკსონი (“აიკი”, შვედეთი), 5. შვერირ ინგი ინგასონი (“ლოკერენი”, ბელგია), 19. ჰორურ მაგნუსონი (“ჩეზენა”, იტალია), 4. ჰოირტურ ჰერმანსონი (“გიოტებორგი”, შვედეთი) ნახევარმცველები:17. არონ ეინარ გუნარსონი (“კარდიფ სიტი”, უელსი), 20. ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე”, იტალია), 8. ბირკირ ბიარნსონი (“ბაზელი”, შვეიცარია), 7. იოჰან ბერგ გუომუნდსონი (“ჩარლტონი”, ინგლისი), 10. გილფი სიგურდსონი (“სუონსი”, ინგლისი), 18. თეოდორ ელმარ ბიარნსონი (“ორჰუსი”, დანია), 16. რუნარ მარ სიგურიონსონი (“სუნდსვალი”, შვედეთი), 21. არნორ ინგვიტრაუსტასონი (“ნორჩეპინგი”, შვედეთი) თავდამსხმელები:22. ეიდურ სმარი გუდიონსენი (“მიოლდე”, ნორვეგია), კოლბეინ სიგორსონი (“ნანტი”, საფრანგეთი), 11. ალფერო ფინბოგასონი (“აუგსბურგი”, გერმანია), 15. იონ დალ ბუვარსონი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია) სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):ჰალდორსონი; სავარსონი, იგნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი; გუომუნდსონი, გ. სიგურდსონი, ჰალფრედსონი, ბ. ბიარნსონი; ფინბოგასონი, ბუვარსონი ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ამას საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდებულ თამაშში ხელი არ შეუშლია. ლარს ლაგერბაკს არცთუ დიდი არჩევანი ჰქონდა. გუნდის გამორჩეული მოთამაშე და დასაყრდენი უდაოდ გილფი სიგურდსონია ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სუონსიდან”. 23 კაციან განაცხადში მოხვდა ისლანდიური ფეხბურთის ლეგენდა, თუმცა ახლა არასაფეხბურთო ასაკში მყოფი ეიდურ გუდიონსენი. გამოცდილი ფეხბურთელის წარმოდგენა ძირითად შემადგენლობაში ძნელია, მაგრამ ლაგერბაკი შეცვლებზე ყველაზე მეტად ალბათ, სწორედ მას დატვირთავს. მთლიანობაში კი ძირითადი ბირთვი სკანდინავიური, კერძოდ, დანიური და შვედური გუნდების ფეხბურთელებისგან შესდგება. თუმცა არიან იტალიის სერია ა-ს მოთამაშე ემილ ჰალფრედსონი და შვეიცარიული “ბაზელის” ძირითადის წევრი ბირკირ ბიარნსონი, რომელსაც სხვათა შორის იტალიაშიც უთამაშია. მთავარი ვარსკვლავი: გილფი სიგურდსონი– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისლანდიის ნაკრებში გამორჩეული გილფი სიგურდსონია. 26 წლის ნახევარმცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა “სუონსიში”, რომლის დახმარებითაც უელსური გუნდი გავარდნას გადაურჩა. მთლიანობაში გილფიმ პრემიერლიგაში 36 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. “სუონსამდე” იგი ლონდონის “ტოტენჰემის” წევრი იყო და ვერ ვიტყვით, რომ თავს “უაით ჰართ ლეინზეც” ირცხვენდა. სიგურდსონი საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი ქვეყნის ნაკრებს 10 თამაშში 6 გოლით შეეწია და ძალზე დიდი როლი ითამაშა, ახლა ისლანდიის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის რომ ემზადება. ჯამში მას ეროვნული ნაკრების მაისური აქამდე 44-ჯერ მოურგია და მეტოქეები 16-ჯერ დაამწუხრა. მთავარი იმედი: ალფრედ ფინბოგასონი– 27 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “აუგსბურგში” გაატარა და ჩინებულადაც გაისარჯა – 14 შეხვედრა, 7 გოლი. პირველი ნახევარი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” დაჰყო, სადაც სათამაშო დრო შეზღუდული ჰქონდა. ფინბოგასონს ბევრ გუნდში უთამაშია, მათ შორის “რეალ სოსიედადში”, “ჰერენვეენში”, სადაც ორი წლის წინ 32 მატჩში 29 გოლი შეაგდო, ბელგიურ “ლოკერენსა” და შვედურ “ჰელსინბორგში”. ეროვნულ ნაკრებში კი ალფრედი 38 თამაშში 9 გოლს გამორჩა. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი დიდად არ გამოუჩენია: 5 თამაში, 0 გოლი. ევროპის ჩემპიონატების ისტორია ისლანდიის ნაკრები, რადგან ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტის სტატუსით ჩადის, ბუნებრივია, მისი ისტორია მწირია. აქამდე ევროფორუმის ფინალურ ეტაპთან კუნძულელები ყველაზე ახლოს 2004 წელს იყვნენ. პორტუგალიის ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ისლანდია გერმანიასთან, შოტლანდიასთან, ლიტვასთან და ფარებეთან ერთად იყო და ასპარეზობა დიდებულად დაიწყო – მიჯრით ოთხი მოგებული თამაში, ფრე გერმანიასთან და მოკლედ, რეალური შანსი გახლდათ, რომ პორტუგალიის საგზური მოეპოვებინა, მაგრამ ფინიში ამ გუნდს ცუდი გამოუვიდა და შესარჩევი ციკლი საბოლოოდ გერმანიისა და შოტლანდიის უკან დაასრულა, რაც ფინალური ეტაპის საგზურს არ იძლეოდა. მაშინ ვერ, მაგრამ ისლანდიელი ხალხის ოცნება 12 წლის შემდეგ მაინც ახდა. კალენდარი ევრო 2016-ზე პორტუგალია – ისლანდია 14 ივნისი, 23:00 საათი. სენტ ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი” ისლანდიის ნაკრებს ისტორიული დებიუტი “სტად ჟოფრი გიშარზე” ექნება 14 ივნისს. მეტოქე პორტუგალიის ნაკრებია, რომელთანაც ლარს ლაგერბაკის გუნდს ცუდი მოგონებები აკავშირებს. ყოველშემთხვევაში, ორი თამაში და ორი მარცხი – ასეთია სადღეისოდ ბალანსი. ისლანდიელთა და პორტუგალიელთა გზები მხოლოდ ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა – რეიკიავიკში ლუზიტანებმა 3:1 მოიგეს, ხოლო პორტუში 5:3. ისლანდიელთა შემადგენლობიდან მაშინ ერთი გოლი დღევანდელი ნაკრების ლიდერმა გილფი სიგურდსონმა გაიტანა. ისლანდია – უნგრეთი 18 ივნისი, 20:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი” მეორე მეტოქე უნგრეთის ნაკრებია, რომელიც ასევე დანატრებულია დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპს. საინტერესოა, რომ აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდა და ჯერ მათ შორის ფრე არ დაფიქსირებულა. 7 მატჩი უნგრელებმა მოიგეს, 3 – ისლანდიელებმა. ბოლო დაპირისპირება კი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევში შედგა. მაშინ ისლანდიის ნაკრებმა ორივე თამაში წააგო, ერთნაირი ანგარიშით – 2:3. რაც შეეხება ბოლო გამარჯვებას, 1995 წლის 11 ივნისით თარიღდება, როცა ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რეიკიავიკში მეტოქე 2:1 დაამარცხა. ისლანდია – ავსტრია 22 ივნისი, 20:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი” ლარს ლაგერბაკის გუნდი ჯგუფურ ეტაპს სენ დენიზე ავსტრიასთან თამაშით დაასრულებს. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ და ისლანდია მოუგებელია: 2 ფრე, 1 წაგება. აქედან ამხანაგური მატჩი დასრულდა ფრედ, ხოლო 1990 წლის მუნდიალის შესარჩევში ზალცბურგში მასპინძლებმა მოიგეს (2:1), ხოლო მანამდე რეიკიავიკში გოლი არ გასულა. თამაში ისტორიიდან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი – 3 სექტემბერი, 2015. ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” ჰოლანდია - ისლანდია 0:1 გოლი:0:1 გ. სიგურდსონი (51, პენ) საუკეთესო შედეგი:პირველად ითამაშებს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ეიდურ გუდიონსენი (25 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი:რუნარ კრისტინსონი (104 თამაში) – ამჟამად გუნდში ყველაზე გამოცდილი: ეიდურ გუდიონსენი (81 თამაში) ტეგები:
ისლანდიის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია