![]() |
|
“მარაკანა” – მოუხსნელი რეკორდების დიდებული არენა
2014-06-11 23:07 | ნახვები: 5097
![]()
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
123456
გასაკვირია არა, რომ სტადიონი “მარაკანა”, რომელზეც ერთ დროს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეტეოდა, ჟურნალისტის სახელს ატარებს. ეს ხომ ბრაზილიაა, სადაც ჟურნალისტი ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც ყოფილა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრაზილიის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს ხომ ჟურნალისტი ჟოაო სალდანი ამზადებდა, რომელიც მოგვიანებით მარიო ზაგალომ შეცვალა და მექსიკაში გუნდს ოქროს მედლები მოაგებინა. “მარაკანას” ოფიციალური სახელწოდებაა “მარიო ფილიუ” (პორტუგალიურად Estádio Jornalista Mário Filho). მისი მშენებლობა 1948 წელს მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით დაიწყო და “მარაკანა” პატარა მდინარის სახელწოდებაა, რომელიც იქვე ახლოს ჩამოედინებოდა. სრულებით სტადიონი 1965 წლისთვის აშენდა. ის ბრაზილიის ეროვნული სტადიონი გახდა, არადა, თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ “ვასკუ და გამას” ძველი სტადიონი უნდა შეეცვალა. ის სახელმწიფოს თანხით აშენდა და დღემდე რიო დე ჟანეიროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. თავისი ოფიციალური სახელი “მარიო ფილიუ” მან ბრაზილიელი ჟურნალისტის პატივსაცემად მიიღო, რომლის დამსახურებით ამ პროექტმა ფრთები შეისხა. ოფიციალურად “მარაკანა” 1950 წელს რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს ნაკრებების მატჩით გაიხსნა, ხოლო პირველი გოლი დიდიმ გაიტანა. “მარაკანა” საფეხბურთო კლუბების “ფლამენგოსა” და “ფლუმინენსეს”, ასევე, ბრაზილიის ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრებების საშინაო არენაა. თუმცა, შტატის სხვა ორი გრანდი “ბოტაფოგო” და “ვასკუ და გამა”, რომელთაც თავისი სტადიონები აქვთ, სხვა გუნდებთან “სუპერკლასიკოს” მატჩებს სწორედ “მარაკანაზე” ატარებენ. აგრეთვე, არენაზე, სადაც თავდაპირველად 200000 ქომაგი ეტეოდა, ყოველ წელს კარიოკას ლიგის ფინალური მატჩები ტარდება. “მარაკანაზე” პირველი მნიშვნელოვანი მატჩები 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარდა. სწორედ, ამ სტადიონს უკავშირდება ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, როდესაც ხსენებული მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიამ ურუგვაისთან 1:2 წააგო და ოქროს მედლები დაკარგა. მაშინ, თამაშს 199850 მაყურებელი დაესწრო და მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. თუმცა, მათგან სახლში ყველა ვერ დაბრუნდა, რადგან საყვარელი გუნდის წაგებით მიღებული შოკისგან გარდაიცვალა. 1963 წელს, “ფლამენგოსა” და “ფლიმინენსეს” დაპირისპირებამ “მარაკანაზე” თავი 177655 ქომაგს მოუყარა, რაც საკლუბო დონეზე ყველა დროის რეკორდია და ბუნებრივია, მას მოხსნა ან გამეორება არ უწერია. საერთაშორისო შეხვედრებს აქ 180000 მაყურებელი არაერთხელ შეუკრებია, ხოლო გასული საუკუნის 80-იან წლებში “მარაკანაზე” საშუალო დასწრება მატჩზე 13000 ადამიანი იყო. 60-იან წლებში, “სანტოსი”, სადაც პელე ბრწყინავდა, 1962 წელს “ბენფიკასთან”, ხოლო 1963 წელს “მილანთან” საკონტინენტთაშორისო შეხვედრებს სპეციალურად “მარაკანაზე” ატარებდა და ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწია. ადრე “მარაკანა” მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი იყო და 200000 ადამიანი ეტეოდა, მაგრამ ფიფას მოთხოვნის შემდეგ, არენაზე მხოლოდ დანომრილი სკამები ყოფილიყო, ადგილების რაოდენობა ე.წ. “ჟერალის” ხარჯზე შემცირდა. “ჟერალი” ეს კარების უკან ფეხზე დასადგომი ადგილები და ასევე სკამები იყო, რომლებიც ყველაზე ღარიბ ქომაგებს ეკავათ. ბილეთის ფასი სიმბოლურად ერთი დოლარი იყო, რაც საყვარელი გუნდის თამაშის ყურების საშუალებას თითქმის ყველას აძლევდა. “ჟერალი” სტადიონზე ყველაზე დემოკრატიულ ადგილად ითვლებოდა და ბრაზილიური საფეხბურთო კულტურის ნაწილი გახდა. თუმცა, სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ, “ჟერალი” არ გამქრალა და ის ხალხი ვინც თამაშს თვალს ფეხზე მდგომი ადევნებდა, ახლა სკამზე მსხდომი უყურებენ. აქვე გეტყვით, რომ ფიფას მოთხოვნით მსოფლიო ჩემპიონატისთვის “მარაკანაზე” მაყურებლების რაოდენობა 82000-მდე შემცირდა, მაგრამ მუნდიალის შემდეგ ის 95000-მდე გაიზრდება. მექსიკური “აცტეკას” შემდეგ, “მარაკანა” მეორე სტადიონი გახდება, რომელიც ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ლაშა თაბაგარი სპეციალურად worldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია