![]() |
|
ნანატრ მუნდიალს მასპინძელი სან პაულუში ხსნის
2014-06-12 10:38 | ნახვები: 1689
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
123456
დადგა დღე, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელის. მუნდიალი ბრაზილიაში – თითოეული ქომაგისთვის დიდი საჩუქარია. ტურნირს თან დიდი ინტერესი და მოლოდინი ახლავს. გულშემატკივრები განსაკუთრებით მასპინძლისა და ფავორიტის – ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მიმართ არიან მომთხოვნი. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს სწორედ ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი გახსნის. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს A ჯგუფში მეტოქედ ხორვატიის, მექსიკისა და კამერუნის ეროვნული ნაკრებები ჰყავთ. გახსნით მატჩში, მასპინძლები ხორვატებს დაუპირისპირდებიან. იქამდე კი, დიდი სანახაობა გველის. იგეგმება ტურნირის გრანდიოზული გახსნა და კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოლ მაკარტნი, ჯენიფერ ლოპესი, “პიტბული” და ბიონსე მიიღებენ. გახსნაზე ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც ელიან. ცხადია, მათ შორის ბრაზილიელთა ლეგენდად და ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელეც იქნება. ბრაზილია – ხორვატია 12 ივნისი. სან პაულუ. “კორინთიანს არენა”. ტურნირის საწყისი მატჩი ორივე გუნდისთვის ერთობ საპასუხისმგებლოა. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდში, უმეტესობა დიდ სანაკრებო ტურნირზე პირველად შეაბიჯებს. პირველსავე ცდაზე, გულშემატკივარი მათგან მაქსიმუმს ითხოვს. ხორვატების მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა, მაგრამ არც ფავორიტთან ქულების მოპოვებაზე იტყვიან უარს. მით უფრო, რომ ძმები კოვაჩების დამოძღვრილი ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ სახიფათო მეტოქეა. ბრაზილიელებსა და ხორვატებს ურთიერთდაპირისპირების დიდი ისტორია ნამდვილად არ აქვთ. ხორვატიას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თავისი საფეხბურთო ნაკრები 1990 წლიდან ჰყავს და მათი ისტორია არცთუ დიდია. “ბლეიზერები” “სელესაოს” მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან. მათი პირველი დაპირისპირება 2005 წელს შედგა. ამხანაგურ მატჩში, გუნდებმა გოლები გაცვალეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ხორვატთაგან, თავი ნიკო კრანჩარმა ისახელა, რომელის მოედანზე გამოჩენას სპეციალისტები ხვალაც ვარაუდობენ. ბრაზილიის ნაკრები მარცხისაგან რიკარდინიოს ზუსტმა დარტყმამ იხსნა. მომდევნო დაპირისპირება მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე”, “სელესაომ” კაკას გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩს ბრაზილიის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდში არც ტრავმირებულია, არც დისკვალიფიცირებული. ეგაა, ბრაზილიელთა მთავარ იმედ ნეიმარს უკანასკნელ დღეებში მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ სერიოზული არაფერია. რა თქმა უნდა, კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ტურნირში პირველსავე მატჩიდან ჩაერთვება. რაც შეეხება ხორვატებს, შეტევის ხაზში გარკვეული პრობლემებია. მიუნხენის “ბაიერნისა” და ხორვატიის ნაკრების მეგოლე მარიო მანჯუკიჩი დისკვალიფიცირებულია და ბრაზილიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სავარაუდოდ, მის ადგილს ვეტერანი ივიცა ოლიჩი დაიკავებს. საგულისხმოა, რომ ტრავმა აქვს დანიელ პრანიაიჩსაც, მაგრამ დიდი ალბათობით, მარცხენაფლანგელი მოედანზე გასვლას მაინც შეძლებს. მატჩი ჩვენი დროით 23:50-ზე დაიწყება. სავარაუდო შემადგენლობები: ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიუ სეზარი, მარსელო, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, დანი ალვეში, პაულინიო, ლუის გუსტავო, ოსკარი, ნეიმარი, ჰალკი, ფრედი. მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა, ვრსალიკო, ლოვრენი, ჩორლუკა, სრნა, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ოლიჩი. მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი მთავარი არბიტრი: იუში ნიშიმურა (იაპონია) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია