|
მექსიკა და კამერუნი ურთიერთშეხვედრათა ისტორიას ბრაზილიაში იწყებენ
2014-06-12 22:27 | ნახვები: 1932
123456
13 ივნისი. “არენა დას დუნიასი”. ნატალი. ტურნირის დაწყებამდე დღეებით ადრე, კამერუნელმა ფეხბურთელებმა თავიანთ ფედერაციას პრემიები მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შინ დარჩებოდნენ. ამ პროტესტმა საფეხბურთო სამყარო აღაშფოთა და იმის ეჭვიც გაჩნდა, რომ შესაძლოა, კამერუნი სხვა ქვეყნის ნაკრებს ჩაენაცვლებინა. საბოლოოდ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელებთან შეთანხმება მოახერხა და “ლომებიც” სამხრეთ ამერიკას ესტუმრნენ. ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში, ფოლკერ ფინკეს გუნდის მეტოქე მექსიკის ეროვნული გუნდი იქნება. მართალია, მექსიკა მასპინძელი არაა, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, ბრაზილიურ მუნდიალზე ზოგადად ამერიკული ნაკრებებისგან ბევრს ელიან. ცხადია, გამონაკლისი არც მექსიკის ეროვნული გუნდია. თანაც, აცტეკებს ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი (ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებთან) გაცილებით რთული ელით. აღსანიშნავია, რომ მექსიკისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს ურთიერთშეხვედრების ისტორია არ გააჩნიათ. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა, რაც მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს. მექსიკელებმა მუნდიალისწინა ამხანაგური მატჩებიდან 2 მოიგეს, 2 წააგეს. ისრაელისა და ეკვადორის ნაკრებებს, შესაბამისად, 3:0 და 3:1 სძლიეს, ხოლო ბოსნიისა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებთან მინიმალური ანგარიშებით დამარცხდნენ. 2 ამხანაგური მატჩი მოიგეს კამერუნელებმაც – აფრიკელებმა მაკედონიისა (2:0) და მოლდოვის (1:0) ნაკრებები დაამარცხეს. სანახაობრივ დაპირისპირებაში, “ლომები” გერმანიის ნაკრებს დაუზავდნენ (2:2), პარაგვაელებთან კი, დამარცხდნენ (1:2). მექსიკისა და კამერუნის ეროვნული გუნდები დაპირისპირებას უდანაკარგოდ ხვდებიან. მატჩი 13 ივნისს, ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება. სავარაუდო შემადგენლობები: მექსიკა (3-5-2): ოჩოა, მორენო, მარკესი, რეიესი, გუარდადო, ფაბიანი, პენია, ერერა, აგილარი, სანტოსი, პერალტა. მთავარი მწვრთნელი: მიგელ ერერა. კამერუნი (4-3-3): იტანჯე, ნიომი, ნ’კოულოუ, ჩეჯოუ, ბედიმო, მ’ბია, მატიპი, სონგი, ჩუპო-მოტინგი, ეტო’ო, მოუკანჯო. მთავარი მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე მთავარი არბიტრი: ვილმარ პერესი (კოლუმბია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია