|
ჩილე – იდეალური დაწყება იდეალური დასასრულით
2014-06-14 11:31 | ნახვები: 3380
1234
ჩილეს ნაკრებმა ქარიშხალივით შეტევებით დაიწყო მატჩი და მე-14 წუთზე უკვე ორბურთიანი ჰანდიკაპი ჰქონდა. ჯერ “ბარსელონას” ფორვარდმა ალექსის სანჩესმა დაასრულა გუნდის ხანგრძლივი იერიში 7-8 მეტრიდან ზუსტი დარტყმით, ხოლო მალევე სანჩესმა საგოლე პასი მიითვალა და ხორხე ვალდივიამ მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
ჩილე კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ამ თამაშის შემხედვარე, ძნელად იფიქრებდი, რომ მატჩი დაიძაბებოდა. ავსტრალიელთა საუკეთესო ფეხბურთელი ტიმ კეჰილი ფიქრობდა სხვაგვარად – 35-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული თავურით გადაგზავნა კარში. ტექნიკური თვალსაზრისით, ხორხე სამპაოლის გუნდი ბევრად აღემატებოდა ავსტრალიელებს, მაგრამ ჩილელთა დაცვის ცენტრში აშკარად იყო ნაპრალები. მეორე ნახევარში კეჰილმა თავით კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე იყო. ერთ მომენტში კი ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავომ გვარი გაამართლა და მარკ ბრეშიანოს ეფექტური დარტყმული მოიგერია – ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მატჩი, ეს გოლი რომ გასულიყო... მთლიანობაში, სანახაობრივად კარგი თამაში გამოდგა, ბურტი ცენტრში თითქმის არ ჩერდებოდა. შეუმჩნეველი იყო არტურო ვიდალი, რომლის მინდორზე გამოსვლა საეჭვო იყო ტრავმის გამო. ეტყობოდა კიდეც ფორმაში არყოფნა და აკი, სამპაოლიმ მე-60 წუთზე შეცვალა კიდეც. ბევრს ეცადნენ ავსტრალიელები, სისწრაფესა და გამძლეობაში წუნს ვერ დასდებდით, თუმცა კლასი აკლდათ. სამხრეთამერიკელებს კი კარგად გამოსდიოდათ ბურთის ამოტანა, ცენტრს იოლად გადადიოდნენ, მხოლოდ საჯარიმოს მისადგომებთან ეფუშებოდათ შეტევა. ვალდივია პირველ ტაიმში მშვენივრად თამაშობდა, მერე კი უმატა შეცდომებს, ბურთს ხშირად კარგავდა. სანჩესიც დაიღალა. 15 წუთი რჩებოდა, როცა ედუარდო ვარგასის რბილი დარტყმის შემდეგ, ავსტრალიელმა მცველმა ვილკინსონმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ჩილემ, ნერვიულობის ფასად, მაგრამ მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და თანაც, ჰანდიკაპით: მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, შეცვლაზე შესულ მაურისიო პინილიას მეკარე რაიანმა არ გაატანინა, თუმცა ბურთი ასევე შეცვლაზე შესულ ჟან ბოსეჟურს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ბილიარდული სიზუსტით დაარტყა და 3:1 აანთებინა ტაბლოზე. ხორხე სამპაოლიც დამშვიდდა. მანამდე, ამ კაცს ნერვიულობისგან ფერი არ ედო სახეზე. კუაიაბა. "პანტანალი" ჩილე-ავსტრალია 3:1 (2:1) ჩილე:ბრავო, ისლა, ხარა, მედელი, მენა, არანგისი, დიასი, ვიდალი (გუტიერესი 60), ვალდივია (ბოსეჟური 68), სანჩესი, ვარგასი (პინილია 87). მწვრთნელი:ხორხე სამპაოლი ავსტრალია:რაიანი, დევიდსონი, ფრანიჩი (მაკგოვანი 49), მილიგანი, სპირანოვიჩი, ვილკინსონი, ედინაკი, ბრეშიანო (ტროისი 77), ლეკი, კეჰილი, ოური (ჰალორანი 69). მწვრთნელი:ანგე პოსტეკოღლუ. გოლები:1:0 სანჩესი (12), 2:0 ვალდივია (14), 2:1 კეჰილი (35), 3:1 ბოსეჟური (90+1) გაფრთხილება:კეჰილი (44), ედინაკი (57), მილიგანი (66), არანგისი (86) კარში დარტყმა:12 (5)-11 (4),ჯარიმა:9-17,კუთხური:3-1თამაშგარე: 1-1ბურთის ფლობის %: 65-35სეივი:3-2 მსაჯი:დიუ ნუმანდიესი (კოტ დივუარი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია