|
საფრანგეთის მიზანი – ნავსის გატეხვა და გოლის გატანა
2014-06-15 04:55 | ნახვები: 2112
123
მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა, 1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 3 მუნდიალი ჩატარდა და “სამფეროვნებმა” გოლის გატანა ვერცერთის პირველ მატჩში ვერ მოახერხა. 2002 წელს, ფრანგებმა სენეგალთან 0:1 წააგეს, მომდევნო ორ შემთხვევაში კი 0:0 ითამაშეს, ჯერ შვეიცარიასთან და შემდეგ ურუგვაისთან.
დღეს, დიდიე დეშამის გუნდი გათამაშების ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, ჰონდურასს ხვდება. ფრანგებს ფრანკ რიბერი არ ჰყავთ, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდიდან საუკეთესო იყო როგორც გატანილი გოლების, ასევე შედეგიანი გადაცემების მხრივ (5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა). ამის მიუხედავად, დიდი ალბათობით, “სამფეროვნები” პირველ თამაშში გოლის გატანის გემოს გაიხსენებენ და აქტივში 3 ქულასაც ჩაიწერენ. თუ დღეს ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და დეშამის გუნდმა მოიგო, ეს იქნება საფრანგეთის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 10 მატჩში მხოლოდ მე-2 მოგება. მიმდინარე გათამაშებაში ჰონდურასის მიზანი, ალბათ, ერთი თამაშის მოგება იქნება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული 6 მატჩიდან ჰონდურასელებმა 3 ფრედ დაასრულეს და სამიც წააგეს. მათ გოლი უკანასკნელად 1982 წელს გაიტანეს. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო თამაშები ორივე გუნდმა წარმატებით ჩაატარა. ჰონდურასმა ინგლისთან 0:0 ითამაშა, ხოლო საფრანგეთმა იამაიკა 8:0 გაანადგურა. იმ შეხვედრაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ოლივიე ჟირუ მოგვევლინა, რომელმაც თავი ერთი გოლით დაგვამახსოვრა. დუბლი გაიფორმა ქარიმ ბენზემამ, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილს შეტევის ცენტრში დაიკავებს. მას ფლანგებიდან დაეხმარებიან ვალბუენა და იამაიკასთან ასევე 2 გოლის გამტანი გრიზმანი. თუ თამაში ფრანგებისთვის არახელსაყრელი სცენარით წარიმართა, დეშამს არც საჭირო ცვლილებების გაკეთება უნდა გაუჭირდეს. საკვალიფიკაციო ციკლში, ევროპის ზონაში, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გოლებით ყველაზე მეტად სწორედ საფრანგეთის ნაკრებმა იხეირა. 23:00, პორტუ ალეგრე, “ესტადიო ბეირა-რიო”, საფრანგეთი-ჰონდურასი სავარაუდო შემადგენლობები საფრანგეთი (4-3-3):ლორისი, სანია, კოსელნი, საკო, ევრა, მატუიდი, კაბაიე, პოგბა, ვალბუენა, ბენზემა, გრიზმანი. ურუგვაი (4-4-2):ვალიადარესი, ბეკელესი, ბერნარდესი, ფიგეროა, იზაგირე, ჩავესი, პალასიოსი, გარიდო, ესპინოსა, ბენგტსონი, კოსტლი. მსაჯი:სანდრო რიკი (ბრაზილია). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია