|
ბოსნიელთა კაპიტანი: “მესი ყველგან მესია”
2014-06-15 10:35 | ნახვები: 6509
12
არგენტინასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავარ მწვრთნელ საფეტ სუშიჩთან ერთად, გუნდის კაპიტანი ელვირ სპახიჩი და მეკარე ასმირ ბეგოვიჩი გამოცხადნენ.
არგენტინელთა პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ამჯერად დარბაზში მასმედიის წარმომადგენელები ნაკლებად იყვნენ ეს გასაგებია, რადგან სამხრეთამერიკელების მიმართ გაცილებით მეტი ყურადღებაა და ამ ქვეყნის ჟურნალისტებიც ბრაზილიაში ბლომად არიან ჩამოსული. სუშიჩმა მეტოქის თავკაცს საბელიას კომპლიმენტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არგენტინას არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ ტურნირის ფავორიტად მიიჩნევს. მისი თქმით, ბოსნიელები არგენტინელებისთვის სურპრიზების შესათავაზებლად მზად არიან. ბალკანელთა მწვრთნელის განცხადებით, მისი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დიდი პატივია და ეცდებიან “მარაკანაზე” კარგი თამაში აჩვენონ. სუშიჩმა აღნიშნა, რომ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც მუნდიალზე სათამაშოდ ყოველმხრივ მზადაა. მისი აზრით, დიდი მოვლენაა, რომ რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ბოსნიელთა მონაწილეობით იხსნება და დიდ გუნდს უპირისპირდებიან, მან ხაზი გაუსვა, რომ შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. სუშიჩის თქმით, ბოსნიის ნაკრების ფილოსოფია სწორედ ასეთი თამაშით შედეგის მიღწევაა. მწვრთნელის განცხადებით, თუ არგენტინასთან შესაბამის შედეგს ვერ აჩვენებენ, ჯგუფიდან გასვლისთვის ნიგერიასთან და ირანთან მატჩებში იბრძოლებენ. ელვირ სპახიჩმა აღნიშნა, რომ მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს. მას არ დაუმალავს, რომ ბოსნიელთა ოცნება მუნდიალზე მოხვედრა იყო, რაც რეალობად აქციეს. ახლა შეეცდებიან კიდევ ერთი ოცნება აიხდინონ და არგენტინასთან წარმატებით ითამაშონ. თან, დაამატა ფეხბურთი ბევრ სიურპრიზებს გვთავაზობსო. სპახიჩს დაეკითხნენ მესი “ბარსელონაში” თამაშისას უფრო ძლიერია თუ არგენტინის ნაკრებშიო. ბოსნიელმა უპასუხა მესი ყველგან მესია ნაკრებშიც და “ბარსელონაშიცო”. ბეგოვიჩმა მესისა და არგენტინის ნაკრებს ქება არ დააკლო. მეკარის აზრით, ეს გუნდი უმაღლესი დონის ოსტატებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, დასძინა, რომ არგენტინელთა სიძლიერის მიუხედავად, ყველა სიტუაციისთვის მზად არიან. პრესკონფერენციის შემდეგ, ბოსნიელთა ვარჯიშსაც დავესწარი. “მარაკანაზე” შეკრებილი მცირერიცხოვანი ბოსნიელები თავისი ნაკრების გამოჩენას ტაშით შეხვდნენ. ჩემს გვერდით, რამდენიმე ბოსნიელი ჟურნალისტი იჯდა და უცებ წამოდგნენ, რათა იქვე მყოფ მამაკაცთან ფოტოები გადაეღოთ. ამან დამაინტერესა და როგორც აღმოჩნდა, ბოსნიელების ვარჯიშს ცნობილი მწვრთნელი ბორა მილუტინოვიჩი ესწრებოდა, რომელიც მუნდიალზე ერთ-ერთი ტელეარხისთვის მუშაობს. მას მივესალმე და ფოტოს გადაღებაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. მილუტინოვიჩს მომავალი მატჩის პროგნოზის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ დელიკატურად თავი შეიკავა. ლაშა თაბაგარი სპეციალურადworldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია