|
ჰიტცფელდმა ცვლილებებით მოიგო
2014-06-15 22:35 | ნახვები: 2566
123456
მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მერვედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ მატჩში, ერთი გუნდის მხრიდან შეცვლაზე შესულმა ორმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. შვეიცარიისა და ეკვადორის დაპირისპირებაში, ევროპელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა სულ 2 ცვლილება განახორციელა და თამაშში ჩართულმა ორივე ფეხბურთელმა თავი გოლით გამოიჩინა.
შვეიცარია და ეკვადორი E ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ფავორიტებად შვეიცარიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს. მიმდინარეობდა 22-ე წუთი, როდესაც ვალტერ აროიომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ენერ ვალენსიამ თავით ზუსტად დაარტყა. მე-2 ტაიმის დასაწყისში ჰიტცფელდმა მოედანზე ადმირ მეჰმედი შეუშვა, რომელმაც ანგარიში 2 წუთში გაათანაბრა. ფრაიბურგის 23 წლის თავდამსხმელმა რიკარდო როდრიგესის მიერ მოწოდებულ კუთხურს თავი შედეგიანად დაუხვედრა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ეკვადორი მოგებასთან ახლოს იყოს, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მიკაელ აროიოს დარტყმა დაავიწყდა. შვეიცარიამ საპასუხო შეტევა გოლად აქცია. თამაშში 75-ე წუთზე ჩართულმა არის სეფეროვიჩმა გოლად რიკარდო როდრიგესის კიდევ ერთი გადაცემა აქცია და გუნდს 3 ქულა მოუტანა. რომ არა სეფეროვიჩის გოლი, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფრე დაფიქსირდებოდა. ახლა კი, 80 წლის წინანდელი შედეგი გამეორდა. 1934 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად მოხდა, რომ საწყის 9 თამაშში გუნდებს ფრედ არ უთამაშიათ. ცნობისთვის, მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეხუთედ მოხდა, რომ ანგარიშის გამხსნელი გუნდი უქულოდ დარჩა. შედარებისთვის, 2010 წელს გუნდებმა თამაშის შემობრუნება მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს. მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი ერთ გათამაშებაში 9 ასეთი მატჩია, წინ კი კიდევ 55 თამაშია. შვეიცარია-ეკვადორი 2:1 (0:1) ბრაზილია, “ნასიონალი” 68351 შვეიცარია (4-2-3-1):ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ბეჰრამი, ინლერი, შაქირი, ქსაკა, შტოკერი (მეჰმედი 46), დრმიჩი (სეფეროვიჩი 75). მწვრთნელი:ოტმარ ჰიტცფელდი. ეკვადორი (4-4-2):დომინგესი, პარედესი, გუაგუა, ერასო, აიოვი, ა. ვალენსია, გრუესო, ნობოა, მონტერო (როხასი 77), ე. ვალენსია, კაისედო (აროიო 70). მწვრთნელი:რეინალდო რუედა. გოლები:0:1 ე. ვალენსია (22), 1:1 მეჰმედი (48), 2:1 სეფეროვიჩი (90+3). გაფრთხილებები:ჯურუ 84 – პარედესი 53. მსაჯი:რავშან ირმატოვი (უზბეკეთი). ბურთის ფლობა:57%-43%, დარტყმა:18 (12)-10 (6), კუთხური:8-5, თამაშგარე:1-4, სეივი:5-10, ჯარიმა:9-15. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია