|
ირანის და ნიგერიის შანსი
2014-06-16 14:47 | ნახვები: 2307
123
ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს, ბოლო დროს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხელშესახები წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, ახლა კი, მათ ურთიერთშეხვედრაში ამ სიტუაციის შეცვლის შანსი ეძლევათ.
F ჯგუფის ფავორიტები არგენტინისა და ბოსნიის ნაკრებები რომ არიან, “მარაკანაზეც” გამოჩნდა და ვინ შეეცდება მათთვის პრობლემების შექმნას კურიტაბაში, “არენა დე ბაიშადაზე” თბილისის დროით 23 საათიდან გამოჩნდება. 10-15 წლის წინათ მომავალ თამაშს სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა, რადგან მაშინ ირანი აზიის, ხოლო ნიგერია აფრიკის კონტინენტის უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა. მერე მათ პრაქტიკულად ერთდროულად დაეწყოთ ჩავარდნა და ახლა ასევე პარალელურ რეჟიმში იწყებენ აღზევებას. მაგალითისთვის, უკანასკნელი სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან მათ ორი გამოტოვეს, თუმცა, ორივე შემთხვევაში საკვალიფიკაციო ეტაპის ფავორიტებად ითვლებოდნენ, 2006 წლის “მუნდიალზე” კი, ჯგუფური ეტაპები წარუმატებლად ჩაატარეს. სამაგიეროდ, ახლა მათ ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია (არგენტინა). მართალია ბოსნიამ პირველ მატჩში კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ის მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია, გამოუცდელია და პლეი ოფში გასვლის შანსი ირანსაც ექნება და ნიგერიასაც, უფრო სწორად, იმას, რომელიც ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს. კარლუშ კეირუშმა ირანის ნაკრების თამაში დაცვაზე ააწყო. აზიის შესარჩევი ტურნირისას მისი გუნდი ცოტას იტანდა, თუმცა, ამავდროულად, გოლებს პრაქტიკულად არ უშვებდა. ირანელებს არ ერიდებათ დაცვითი ფეხბურთის დემონსტრირება და სავარაუდოდ, ბრაზილიაში მათ შეტევებსაც იშვიათად ვიხილავთ. მუნდიალამდე ირანის ნაკრებმა ლამის ყველაზე მეტი ამხანაგური მატჩი გამართა და კეირუშმაც უამრავი კანდიდატი გამოსცადა. უკანასკნელ შეხვედრაში სპარსელებმა ტრინიდადი და ტობაგო 2:0 დაამარცხა და იმ შემადგენლობით ითამაშა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ყველაზე მეტად ენდობა. ძნელია ივარაუდო, რომ პორტუგალიელი გამარჯვებულ შემადგენლობაში თუნდაც ერთ ფეხბურთელს შეცვლის. ნიგერიელთა თავკაცი სტივენ კეში, ამხანაგური მატჩების დროს ასევე ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევით იყო დაკავებული, მაგრამ მისი გეგმები მარცხენა მცველის - ეჩიეჯილეს ტრავმამ შეცვალა, რომლის სრულფასოვანი შეცვლა ნიგერიის ნაკრებისთვის იოლი საქმე არ იქნება. ესეც რომ არა, აფრიკელთა სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით, სპეციალისტებს უამრავი კითხვები აქვთ. ზედ ტურნირის წინ, კეშმა გუნდში ვეტერანები - იობო, ოდემვინგე და ამეობი დააბრუნა და ალბათ არა იმისათვის, რომ სათადარიგოთა სკამი გააძლიეროს. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებთან, სამივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დიდი ალბათობით, სპეციალისტი მათი გამოცდილების გამოყენებას ოფიციალურ შეხვედრებშიც ეცდება. საინტერესო ფაქტები აქამდე გუნდებს შორის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და ის ნიგერიის გამარჯვებით დასრულდა - 1:0 ირანის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული ცხრა მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (1998 წელს აშშ-სთან) “მუნდიალზე” ჩატარებულ ცხრავე მატჩში ირანი გოლს აუცილებლად უშვებდა ნიგერიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო რვა თამაშია არ მოუგია. უკანასკნელი გამარჯვება მათ 1998 წელს ბულგარეთთან იზეიმეს სიტყვები კარლუშ კეირუში (ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საკვალიფიკაციო ეტაპი ჯოჯოხეთს გავდა და ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სამოთხეში მოხვედრის ტოლფასია. ჩემი შეგირდებისთვის დიდი პატივია ასეთი მოწინააღმდეგეების წინაშე წარდგომა. მთავარია, რომ მათ სიამოვნება მიიღონ ყოველი წუთისგან, რომელსაც მოედანზე გაატარებენ”. სტივენ კეში (ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ირანის ნაკრებს თითქმის არ ვიცნობთ. ამასთან, ვემზადებით ჩვენი საუკეთესო თამაშის საჩვენებლად და საბრძოლო შემადგენლობა გამოგვყავს. მოწინააღმდეგეს გამოცდილი მწვრთნელი ყავს და დარწმუნებული ვარ, შემადგენლობაშიც იქნებიან კარგი შემსრულებლები. ჩვენ არ ველით იოლ შეხვედრას”. სავარაუდო შემადგენლობები ირანი: ჰაგიგი, მონტაზერი, ჰუსეინი, სადეყი, პოოლადი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, ხეიდარი, დეჟაგა, ჰაისაფი, გუჩანეჯადი. ნიგერია: ენიამა, ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა, მიკელი, ონაზი, მოზესი, იდემვინგე, მუსა, ემენიკე. ტეგები:
მუნდიალ 2014 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია