|
პირველი და ბოლო წუთების დრამა
2014-06-17 10:25 | ნახვები: 2607
1234
განამ ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრებს წინა 2 მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო. სამხრეთ ამერიკის მუნდიალზე განელთა წარმატება სულაც ისტორიული გამოდგა – იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის მილოვან რაიევაცის დამრიგებლობით “შავი ვარსკვლავები” მეოთხედფინალში გავიდნენ. წლეულს განელებს მუნდიალის პლეი ოფში გასვლა პრობლემატური ჩანს – ამერიკელებთან მარცხის შემდეგ აფრიკელების მიერ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი მეტისმეტად სათუოა.
წინასამუნდიალოდ ამერიკელებს “სწრაფ გუნდად” არ მოიხსენიებენ, განელებთან დაპირისპირებისას კი კლინსმანის გუნდმა მიმდინარე მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლის გატანა მოახერხა. კლინტ დემპსიმ კარგად ისარგებლა აფრიკელთა დაცვის უყურადღებობით, 30-ე წამზე ანგარიში გახსნა და მესამე მუნდიალზე მოახერხა თავის გამოჩენა. ამის შემდეგ მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, კვანძის გახსნა კი ასპარეზობის დასკვნით წუთებზე მოხდა. განელთა თამაში აშკარად გამოაცოცხლა “შალკეს” ნახევარმცველმა კევინ პრინს ბოატენგმა. მან თანაგუნდელების შუახაზს მობილურობა და გააზრებული თამაში შემატა. აფრიკელები სულ უფრო და უფრო საინტერესოდ მოქმედებდნენ და 82-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ეფექტური კომბინაცია გაათამაშეს - გიანმა ქუსლით დაუგდო ბურთი ამერიკელთა საჯარიმოში შეჭრილ ანდრე აიუს, “მარსელის” ფორვარდმა კი ჰოვარდს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა. ამ სიტუაციაში განა ფავორიტად გამოჩნდა. “შავ ვარსკვლავებს” თითქოს მეტი ენერგია ჰქონდათ შერჩენილი, მაგრამ ამერიკელებს დამხმარედ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი მოევლინა. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ჯონ ბრუკსმა თავისი სიმაღლითა და მეტოქე მცველების უყურადღებობით კარგად ისარგებლა და ზუსტი თავურით ამერიკას უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა. “მეორე გოლის გატანამდე ცოტა ხნით ადრე ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელსაყრელი მომენტი აუცილებლად შეგვექმნება და მისი არგამოყენების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ძალიან სერიოზულად დავამუშავეთ სტანდარტული სიტუაციებიდან ბურთის გათამაშება და ამან გაგვიმართლა. ურთულესი მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, ბოლომდე ვიომეთ. ამასთან გარკვეული მომენტები გასაუმჯობესებელი გვაქვს. მაგალითად ბურთის ფლობისას სირთულეები გვექმნება”, - ამგვარი რეზიუმე გაუკეთა სასტარტო შეხვედრას იურგენ კლინსმანმა. განა-აშშ 1:2 (0:1) ნატალი. “არენა დაშ დუნიაში”. 39760 მაყურებელი განა: კვარასი, ოპარე, ბოიე, მენსა, ასამოა, რაბიუ (ესიენი, 71), მუნტარი, ანდრე აიუ, ჯორდსნ აიუ (ბოატენგი, 59), ატსუ (ადომა, 78), გიანი. მთავარი მწვრთნელი: ჯეიმს კვესი აპია აშშ: ჰოვარდი, ჯონსონი, კემერონი, ბესლერი (ბრუკსი, 46), ბიზლი, ბრედლი, ბეკერმანი, ჯონსი, ბედოია (ზუსი, 77), დემპსი, ალტიდორი (იოჰანსონი, 23) მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი გოლები: 0:1 დემპსი (1). 1:1 ანდრე აიუ (82). 1:2 (ბრუკსი, 86). ბურთის ფლობა: 59:41. კარში დარტყმა: 3:4. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 14:2. კუთხური: 7:3. თამაშგარე: 5:1. ჯარიმა: 10:12. გაფრთხილება: რაბიუ, მუნტარი. მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია