|
ეს მართლაც რიო დე ჟანეიროა
2014-06-17 17:27 | ნახვები: 6106
12345678910111213
არა, ეს არაა რიო დე ჟანეირო, ამბობდა ოსტაპ ბენდერი, როდესაც ქალაქ ჩერნომორსკის ქუჩებში დააბიჯებდა და მილიონერს ეძებდა, რომელიც ლანგრით მილიონს მიართმევდა. საბოლოოდ, “დიდი კომბინატორის” ოცნება რიოზე სადღაც რუმინეთის საზღვართან შეწყდა. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც რიოა, თავისი ქრისტეს ქანდაკებით, “მარაკანათი”, კოპაკაბანას პლაჟითა და რაც მთავარია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატით.
რიო დე ჟანეირო ბრაზილიაში სიდიდით რიგით მეორე ქალაქია სან პაულუს მერე. 2010 წლის მონაცემებით უშუალოდ რიოში 6,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციით მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერით 12 მილიონია. რიო დე ჟანეირო პორტუგალიურად “იანვრის მდინარეს” ნიშნავს. ეს ადგილი 1502 წლის 1 იანვარს პორტუგალიელმა მეზღვაურმა გასპარ დე ლამუშმა აღმოაჩინა. პორტუგალიელებმა გუანარაბას ყურე მდინარედ ჩათვალეს და “იანვრის მდინარე” დაარქვეს. 1531 წელს პორტუგალიური ფორტი რიო დე ჟანეირო დაარსდა. 1555 წელს, ის დროებით ფრანგებმა დაიკავეს, მაგრამ პორტუგალიელებმა ტერიტორიაზე კონტროლი მალე აღადგინეს. 1565 წლის 1 მარტს ეშტასიუ დი სამმა და ჟოზე დი ანშოეტმა ქალაქი დაარსეს, რომელსაც პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის პატივსაცემად თავდაპირველად სან-სებასტიან დე რიო დე ჟანეირო ერქვა. 1763 წელს, კოლონიალური ადმინისტრაცია სალვადორიდან რიო დე ჟანეიროში გადავიდა და ქალაქი თითქმის 200 წელი ბრაზილიის დედაქალაქი გახდა. 1808-1815 წლებში რიო დე ჟანეირო ასევე პორტუგალიისა და ალგავრეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალქი იყო, 1815-1821 წლებში ბრაზილიის, პორტუგალიისა და ალგავრეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ხოლო 1822 წელს დამოუკიდებელი ბრაზილიის იმპერიის დედაქალაქი გახდა, 1889-1960 წლებში კი ბრაზილიის შეერთებული შტატების რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. 1960 წელს, ბრაზილიის დედაქალაქი ქალაქ ბრაზილიაში გადაიტანეს. 1975 წელს გუანაბარას შტატი და რიო დე ჟანეიროს შტატები გააერთიანეს და რიო გაერთიანებული შტატის დედაქალაქი გახდა. რიო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მსხვილ საფინანსო, საპორტო და სამეცნიერო ქალაქად ითვლება, რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავდება იმ ქალაქისგან, რომელიც ოსტაპს ჰქონდა წარმოდგენილი, სადაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობდა და რომელთა დიდი ნაწილი ტილოს თეთრი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა. სხვათა შორის, რიო სანაპირო კოპაკაბანას პლაჟით, შაქრიასთავიანი მთითა და ქრისტეს ქანდაკებით იუნესკოს მსოფლიოს საგანძურშია შეტანილი. რიოს მცხოვრებლები საკუთარ თავს კარიოკას ეძახიან, რაც ქალაქის მკვიდრ მოსახლეს ნიშნავს. რიო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისია და როგორც იტყვიან, კონტრასტების ქალაქია. აქ ცათამბრჯენებს და მდიდრულ ვილებს, ქალაქის კალთებზე შეფენილი ღარიბთა დასახლებები ე.წ, “ფაველები” ენაცვლება, რომელთაც კრიმინალური ავტორიტეტბი მართავენ და იქ ცხვირის შეყოფას პოლიციაც კი ერიდება. “ფაველების” დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელთა ძირითადი შემოსავალი ნარკოტიკებით ვაჭრობაა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ხელისუფლებამ სამართალდამცავების მაქსიმალური მობილიზება მოახდინა, რათა ჩამოსული სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. საერთოდ, ბრაზილიელები აგრესიულები არ არიან. თუ რამეს კითხავ, სიამოვნებით აგიხსნიან. ემოციურები არიან და ხმამაღლა საუბრობენ. რიოს სკვერებში ხშირად შეხვდები შუახნის ადამიანებს, რომლებიც თავს დილიდან საღამამოდე ბანქოს თამაშით ირთობენ. სწრაფი კვების ობიექტები და კაფე-ბარები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ველოსიპედით მგზავრობის მოყვარულთათვის ცალკე გზაა გამოყოფილი. რიოშია ტიჟუკას პარკი, რომელიც ქალაქში არსებულ ტყეთაგან მსოფლიოში უდიდესია. ქალაქს გარშემო ტყიანი მთები არტყამს, რომლის შერწყმა ოკეანის სანაპიროსთან რიოს ძალიან ალამაზებს. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია