![]() |
|
ბრაზილიელებმა ოჩოას ვერაფერი მოუხერხეს
2014-06-18 04:06 | ნახვები: 2837
![]()
![]()
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
1234567
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის გახსნით მატჩში, მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები მექსიკის ეროვნულ გუნდს დაუხვდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მიგელ ერერას გუნდმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს ტოლი არაფერში დაუდო და მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა.
მექსიკელთათვის წარმატებული მატჩის მთავარი შემოქმედი მეკარე გილერმო ოჩოაა, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი გოლისაგან და სრული მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ ოჩოა დასახელდა. „ძალიან რთული მატჩი იყო. დიდი სამუშაოს ჩატარება დაგვჭირდა. ბრაზილიელი გულშემატკივრები თავიანთ ნაკრებს აქტიურად უჭერდნენ მხარს, მაგრამ მათ არც ჩვენი ქომაგები ჩამორჩებოდნენ. ვფიქრობ, ჩემთვის ეს ცხოვრების მატჩი იყო. რამდენიმე სეივი გავაკეთე და ბრაზილიას არ გავატანინე - ეს ბრწყინვალეა. რომელი იყო ყველაზე რთული დარტყმა? ნეიმარის თავური“, - განაცხადა ოჩოამ ნამატჩევს. ლათინოამერიკული დაპირისპირება საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი მექსიკელებმა შექმნეს - ექტორ ერერამ შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ჟულიუ სეზარმა ბურთი ნახტომში მოიგერია. ამის პასუხად, ნეიმარის ის თავური იყო, რომელზეც ოჩოა მატჩის შემდეგ საუბრობდა - დანი ალვესის ჩაწოდებულ ბურთს „სელესაოს“ „ათიანმა“ თავი დაუხვედრა, მაგრამ მექსიკელთა კიპერმა თავისი გუნდი შესანიშნავი სეივით იხსნა. მიგელ ერერას გუნდი მასპინძელთა კარის დალაშქვრას შორი მანძილიდან ცდილობდა. საჯარიმოს მისადგომებიდან, მექსიკელები პერიოდულად ურტყამდნენ და ადგილობრივ ქომაგსაც გვარიანად ანერვიულებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, ბრაზილიელები ოჩოას საჯარიმო მოედანში აღმოჩნდნენ, მაგრამ მექსიკელთა იმედმა კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა. მექსიკის ნაკრებმა რამდენიმე ყუმბარისებური დარტყმა მეორე ტაიმშიც შეასრულა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. მატჩის უკანასკნელ წუთებში, ბრაზილიელებმა ტემპს უმატეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხეს. გამოსარჩევია გუნდის კაპიტნის - ტიაგო სილვას ახლო მანძილიდან შესრულებული თავური, რომელიც ოჩოამ უკუაგდო. ასე იყო თუ ისე, გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და უგოლოდ გაიყარნენ. ორივე ნაკრებს 4-4 ქულა აქვს და ამ ეტაპზე, ჯგუფიდან გასვლის მთავარ კანდიდატებადაც ითვლებიან. ფორტალეზა. „კასტელანი“. 60342 მაყურებელი ბრაზილია - მექსიკა 0:0 ბრაზილია:ჟულიუ სესარი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, პაულინიო, ოსკარი (ვილიანი 84), რამირესი (ბერნარდი 46), ლუის გუსტავო, ფრედი (ჟო 68), ნეიმარი. მწვრთნელი:ლუიშ ფელიპე სკოლარი მექსიკა:ოჩოა, როდრიგესი, ლაიუნი, მორენო, გუარდადო, აგილარი, ერერა (ფაბიანი 76), ვასკესი, დოს სანტოსი (ხიმენესი 84), პერალტა (ჩიჩარიტო 74). მწვრთნელი:მიგელ ერერა გაფრთხილება:რამირესი (45), ტიაგო სილვა (79) - აგილარი (59), ვასკესი (62) კარში დარტყმა:14 (8) – 13 (3)ჯარიმა:13 - 18კუთხური:4 - 3თამაშგარე:5 - 0ბურთის ფლობა:53% - 47%სეივი:3 – 8 მთავარი არბიტრი:ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია