![]() |
|
ესპანეთი: მოგება, ან გზა შინისაკენ
2014-06-18 09:52 | ნახვები: 3472
![]() ![]() ![]()
123
ესპანეთი-ჰოლანდია. ანგარიში გამაოგნებელი – 1:5. ვისენტე დელ ბოსკემ სათითაოდ ყველა ფეხბურთელს ჩამოუარა და დაამშვიდა. ვინ, ვინ და დელ ბოსკემ ყველაზე კარგად იცის თავისი ფეხბურთელების ფსიქოლოგია: ასეთი შოკის შემდეგ, წიხლის დაჭერა კი არა, გამხნევებაა საჭირო. მითუმეტეს, წინ ორი მატჩია – ჩილესთან და ავსტრალიასთან.
ესპანეთმა ჩილეს თუ ვერ მოუგო, შეიძლება ითქვას, 90 პროცენტით ჯგუფში ჩარჩება. წაგება ყველა შანსს უკარგავთ, ფრეზე კი მინიმალური შანსიღა დარჩება “ფურია როხას”. ეს ის მატჩია, როცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიას. ის, რომ ესპანეთს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, ყველამ იცის, მაგრამ როგორ გამოვლენ რთული მდგომარეობიდან, ეს სხვა საკითხია. ესპანეთი-ჩილე წინა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზეც შედგა და მას შემდეგ გუნდების შემადგენლობები დიდად არ შეცვლილა. 4 წლის წინ ესპანელებმა ბოლო ტურში 2:1 სძლიეს ჩილეს და ორივე გუნდი გავიდა ჯგუფიდან. ვიდალი: “ვიცით, რა დონის მეტოქეს ვხვდებით. მათთან თამაში საინტერესოა. და თუ ჩვენ შევძლებთ 3 ქულის აღებას, ეს მართლაც დაუვიწყარი იქნება. ვიცი, ეს ძნელია, მაგრამ ბრაზილიაში იმიტომ ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ. მუხლზე სულაც აღარ ვფქირობ, რადგან ფიზიკურად 100 პროცენტით მზად ვარ. ავსტრალიასთან მატჩის წინ ასე მომზადებული არ ვიყავი”. სესკ ფაბრეგასი: "ჩილეს დამარცხება აუცილებლობაა. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ტურნირს ვეთიშებით. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ გათავისებული გვაქვს პასუხისმგებლობა". ესპანელთაგან ყველაზე ოპტიმისტურ განცხადებებს ფერნანდო ტორესი აკეთებს. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ჰოლანდიასთან 1:5-ით ქვეყანა არ დაქცეულა და რომ ეს არ იყო გადამწყვეტი შეხვედრა. ტორესმა ისიც კი თქვა, ესპანეთის ეს ნაკრები 4 წლის წინანდელზე ძლიერიაო. ჩაბი ალონსომ ჩილელები შეაქო და აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელებისთვის მთავარია, რომ პესიმისტური განწყობა მოიშორონ. ალონსოს სწყინს, რომ ნაკრები, რომელმაც ამდენს მიაღწია, ერთი ხელის მოსმით ჩამოწერეს. ჩილელები მშვენიერ ხასიათზე არიან. მათ ჩემპიონატის დაწყებამდეც აქებდნენ და გუნდმა ავსტრალიასთან (3:1) დაამტკიცა, რომ სერიოზული ძალაა. ერთადერთი სუსტი რგოლი დაცვის ცენტრია. იგრძნობა მაღალი უკანახაზელების უკმარისობა: ავსტრალიას ყველაფერში აჯობეს, გარდა საჰაერო ორთაბრძოლებისა. მოსალოდნელია, რომ ჩილელთა მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ტაქტიკას შეცვლის და კიდევ ერთ მცველს დაამატებს, ანუ როხასს. ეს ნიშნავს, რომ 3 ცენტრალური მცველით იქნება და ფლანგებზე ისლა და მენა იქნებიან, რომლებსაც მთელი ფრთის გაკონტროლება დაევალებათ. 19 ივნისი. 23:00. რიო დე ჟანეირო. “მარაკანა” ესპანეთი-ჩილე სავარაუდო შემადგენლობები ესპანეთი: კასილიასი, ასპილიკუეტა, რამოსი, პიკე, ალბა, ალონსო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, დიეგო კოსტა ჩილე: ბრავო, ისლა, მედელი, როხასი, ხარა, მენა, არანგუისი, ვალდივია, ვიდალი, სანჩესი, ვარგასი მსაჯი: მარკ შონ ჰარდი (აშშ) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია