![]() |
|
როცა ფავორიტი უდავოა
2014-06-18 10:34 | ნახვები: 2602
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
123456
ეს ის მატჩია, რომელზეც ამბობენ, ერთი გუნდის თამაში უნდა გამოვიდესო. ეს ერთი კი ჰოლანდიაა – აბა, ესპანეთის განადგურების შემდეგ, ლუის ვან გაალის შეგირდებს რა უნდა გაუჭირდეთ ავსტრალიასთან, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია? ერთი შეხედვით, არაფერი, თუმცა ეს მსოფლიოს ჩემპიონატია და არხეინად მოგება საეჭვოა.
საინტერესო დეტალი: ეს გუნდები ოფიციალურში არასოდეს, ამხანაგურში კი 3-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ბალანსი ავსტრალიელთა სასარგებლოდაა: 1 მოგება, 2 ფრე. სამივე შეხვედრა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაიმართა. ჰოლანდიელებმა ის ერთი მატჩი შინ, ეინდჰოვენის “ფილიპსზე” წააგეს 2009 წელს – 1:2. ასე რომ, “ნარინჯისფერებს” არასოდეს მოუგიათ ამ ქვეყნის ნაკრებისთვის. ანგე პოსტეკოღლუ (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): “სულაც არ მივიჩნევ, რომ ავსტრალია ჯგუფის აუტსაიდერია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩილესთან წავაგეთ. ისიც ვიცი, რომ ჩილესთან ფრეს ვიმსახურებდით”. ჰოლანდიელთა თავკაცი ლუის ვან გაალი სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის ფეხბურთელებს. გამოცდილმა მწვრთნელმა იცის, რომ ესპანეთის განადგურებამ, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს შედარებით სუსტ მეტოქესთან მომზადებისას, თუ ამ მეტოქეს არ დააფასებენ. ამასობაში, არგენტინელმა ლეო მესიმ განაცხადა, ჯერჯერობით, ორი გუნდი სხვებზე უკეთ გამოიყურებაო – ჰოლანდიაზე და გერმანიაზე თქვა. კიდევ ორი საინტერესო ფაქტი, რომელიც ესპანეთთან მატჩის გმირებს ეხებათ: ვან პერსის ბოლო 9 სანაკრებო მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არიენ რობენს – 7-დან 7. თავისი გმირი ჰყავს ავსტრალიასაც, კერძოდ, ტიმ კეჰილი, რომელმაც ზედიზედ მესამე მუნდიალზე შეძლო გოლის გატანა. საერთოდაც, კეჰილი საუკეთესოა თავის გუნდში. 19 ივნისი. 20:00. პორტუ ალეგრი. “ბეირა რიო” ავსტრალია-ჰოლანდია სავარაუდო შემადგენლობები: ავსტრალია: რაიანი, ფრანიჩი, დავიდსონი, სპირანოვიჩი, ვილკინსონი, მილიგანი, ბრეშიანო, ედინაკი, ოური, ტროისი, კეჰილი, ლეკი. ჰოლანდია: სილესენი, ვლაარი, დე ვრეი, ინდი, იანმატი, ბლინდი, დე იონგი, დე გუზმანი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი. მსაჯი: რედუან აჩიკი (მაროკო) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია