|
კამერუნი-ხორვატია ლიდერების გარეშე?
2014-06-18 12:20 | ნახვები: 3278
123
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ფოლკერ ფინკეს დამოძღვრილი კამერუნელები ხორვატებს დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში, ორივე ნაკრებმა მარცხი იწვნია და უქულოდაა. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია.
კამერუნელებმა პირველ ტურში მექსიკასთან ვერაფერი გააწყვეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მანამდე, “ლომებს” მექსიკელთა წინააღმდეგ ნათამაშები არ ჰქონდათ და ურთიერთშეხვედრების ისტორია წარუმატებლად დაიწყეს. კამერუნის ნაკრებისთვის ხორვატიაც უცნობი მეტოქეა. ფოლკერ ფინკეს თავკაცობით, კამერუნელები “ბლეიზერებს” პირველად დაუპისპირდებიან. რაც შეეხებათ ხორვატებს, მოგეხსენებათ, ნიკო კოვაჩის გუნდი მუნდიალის გახსნით მატჩში მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა. ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, მექსიკასთან ერთად, ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტი ხორვატიაა. თუკი კოვაჩის გუნდს პლეი ოფში გასვლა სურს, აფრიკულ ნაკრებს აუცილებლად უნდა სძლიოს. ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამა თუ იმ ნაკრებს თავისი წამყვანი მოთამაშის გარეშე უწევს თამაში. სამწუხაროდ, საკადრო პრობლემა ორივე ნაკრებშია. გაცილებით ცუდადაა საქმე კამერუნელთა ბანაკში – მუხლის ტრავმის გამო, გუნდის კაპიტანი და უდავოდ ლიდერი სამუელ ეტო’ო, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. “ექიმების პასუხი ცნობილია. ალბათ, ხორვატიის ნაკრებთან ვერ ვითამაშებ. მუხლში ტკივილები მაქვს”, - დაწერა ეტო’ომ თავისი “ტვიტერის” პირად გვერდზე. რაც შეეხებათ ხორვატებს, შესაძლოა, ნიკო კოვაჩმა ნახევარდაცვის ლიდერი ლუკა მოდრიჩი მოისაკლისოს. მადრიდის “რეალის” შუახაზელს პირველი ტურის მატჩის შემდეგ ტკივილები აწუხებდა და ბოლომდე ჯანმრთელი არც ახლაა. მოდრიჩს უკანასკნელი სამედიცინო შემოწმება გუშინ ჩაუტარდა და ხორვატი ქომაგისთვის საბედნიეროდ, ექიმებმა ნახევარმცველს ვარჯიშის უფლება მისცეს. დააყენებს თუ არა კოვაჩი მოდრიჩს სასტარტო შემადგენლობაში, უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. ხორვატთა ბანაკში სასიხარულო ინფორმაციაცაა – გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი მარიო მანჯუკიჩი უბრუნდება, რომელიც შეტევის ხაზს უდავოდ გააძლიერებს. სავარაუდო შემადგენლობები: მანაუსი. “არენა ამაზონია”. კამერუნი – ხორვატია კამერუნი (4-1-4-1):იტანჯე, ასუ-ეკოტო, შეჯოუ, ნ’კოულოუ, ნოუნეუ, სონგი, ენოჰი, მბია, მოუკანჯო, ჩუპო-მოტინგი, ვებო. მწვრთნელი:ფოლკერ ფინკე ხორვატია (4-2-3-1):პლეტიკოშა, სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, პრანიაიჩი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ოლიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი. მწვრთნელი:ნიკო კოვაჩი მთავარი არბიტრი:პედრუ პროენსა (პორტუგალია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია