|
ჯოკერი, სახელად მემფისი
2014-06-18 23:03 | ნახვები: 3435
12345
55-ე წუთზე სენსაციის სუნი დატრიალდა: ახლად შემოსულმა ავსტრალიელმა ბოზანიჩმა საჯარიმოში ხელზე მოარტყა ბურთი იანმატს, მსაჯმა პენალტი დანიშნა და კაპიტანმა მილე ედინაკმა “სოკერუ” 2:1 დააწინაურა. დიახ, პირველ მატჩში ზღაპრულად მოთამაშე ჰოლანდია ავსტრალიასთან აგებდა, რასაც ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე. საბოლოოდ, ლუის ვან გაალის გუნდმა მაინც მოიგო და მატჩის გმირი არც არიენ რობენი იყო, არც რობინ ვან პერსი – საუკეთესო გახლდათ პსვ-ის 20 წლის მარცხენა ნახევარმცველი მემფის დეპაი.
პირველ ტაიმში ჰოლანდიამ ვერ აჯობა მეტოქეს: პირიქით, გოლის გარდა, მომენტი არ ჰქონია, ხოლო ავსტრალიელ მარკ ბრეშიანოსა და მეტიუ ლეკის თითო შანსი გაუცუდდათ. მე-20 წუთზე რობენმა ინდივიდუალური გარღვევა დაბალი და ზუსტი დარტყმით დაასრულა, რითაც ანგარიში გახსნა, ხოლო ერთ წუთში ავსტრალიელთა საუკეთესო ფეხბურთელმა ტიმ კეჰილმა ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა: ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს, ჰაერშივე ერთი შეხებით დაარტყა და ხარიხიდან ასხლეტით ჩაჭედა კარში – 1:1. კეჰილი ძალიან დიდი ძალაა ავსტრალიისთვის და აკი, მისი მინდვრიდან გასვლის შემდეგ გუნდი უსუსური გახდა. “ნიუ იორკ რედ ბულზის” შემტევმა პირველი ტაიმის ბოლოს ჰოლანდიელთა ზორბა მცველი მარტინს ინდი დაამტვრია და შესაცვლელი გახდა. თავად კეჰილმა კი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს. მარტინს ინდის შეცვლა კი გადამწყვეტი გამოდგა – ზოგი ჭირი მარგებელიაო, მის ნაცვლად შესულმა დეპაიმ მეორე ტაიმი, განსაკუთრებით, საწყისი 25 წუთი დიდებულად ჩაატარა. ვან გაალმა ტაქტიკა გადააწყო და 4-მცველიან სისტემაზე გადავიდა. მეორე ნახევარი რითაც დაიწყო, უკვე დავწერეთ. ავსტრალია დაწინაურდა და მალევე, კეჰილს ცოტა უკეთესი პასი რომ გაეკეთებინა, ალბათ, ანგარიში 3:1 გახდებოდა. საპასუხო შეტევისას კი დეპაიმ პირისპირ გაიყვანა ვან პერსი და მანაც მთელი ბრაზი ჩააქსოვა დარტყმაში – 2:2. ვან პერსიც ტოვებს ბოლო ტურს: უწყინარ სიტუაციაში იუხეშა და გააფრთხილეს. 65-ე წუთი იყო, როცა ავსტრალიელებმა იდეალური მომენტი გააცუდეს: ოური პირისპირ იყო მეკარესთან, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან თავად არ დაარტყა და ლეკის ჩაუწოდა, რომელმაც რატომღაც... მკერდით მოინდომა გატანა. იესპერ სილესენმა ბურთი მოიგერია. რამდენიმე წუთში კი ჰოლანდია დაწინაურდა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდაც: დეპაიმ შორიდან დაარტყა, მეკარე რაიანს მოგერიება მართებდა, მაგრამ ვერ მოახერხა – 2:3. დარჩენილ დროში ავსტრალიამ გაიბრძოლა, მაგრამ მინდორზე აღარ იყო კეჰილი (ფეხს იტკიებდა და ამიტომ შეცვალეს), ჰოლანდიელებმაც მეტი აღარ გააბედინეს ჯგუფის აუტსაიდერს. პირიქით, რაიანმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. 18 ივნისი. 20:00. პორტუ ალეგრი. “ბეირა რიო” ავსტრალია-ჰოლანდია 2:3 (1:1) ავსტრალია: რაიანი, დავიდსონი, მაკგოვანი, სპირანოვიჩი, ვილკინსონი, ედინაკი, ბრეშიანო (ბოზანიჩი 52), მაკქეი, ოური (ტაგარტი 77), ლეკი, კეჰილი (ჰალორანი 68). მწვრთნელი: ანგე პოსტეკოღლუ ჰოლანდია: სილესენი, იანმატი, ვლაარი, დე ვრეი, მარტინს ინდი (დეპაი 45), ბლინდი, დე გუზმანი (ვიინალდუმი 77), დე იონგი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ლენსი 88). მწვრთნელი: ლუის ვან გაალი გოლები: 0:1 რობენი (20), 1:1 კეჰილი (21), 2:1 ედინაკი (55 პენ), 2:2 ვან პერსი (58), 2:3 დეპაი (68) გაფრთხილება: კეჰილი (44), ვან პერსი (47) მსაჯი: ჯამალ ჰამუდი (ალჟირი) ბურთის ფლობა %: 48-52 კარში დარტყმა: 18 (8) – 29 (14) კუთხური: 3-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა 18-25 ილია ნანობაშვილი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია