|
რუედა და სუარესი ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდებიან
2014-06-20 01:48 | ნახვები: 2148
123
კურიტიბაში, “არენა ბაიშადაზე” ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც პირველ ტურში თავიანთი მატჩები წააგეს. 1/8-ფინალისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, დღეს, ორივე გუნდს მოგება ჭირდება. ჰონდურასის მიზანი ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის დაკავება არც უნდა იყოს. ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს მოუგია და თუ ეს წელს მოხდა, ლუის სუარესის შეგირდები ამითაც კმაყოფილნი იქნებიან. რაც შეეხება ეკვადორს, რეინალდო რუედას გუნდი ჯგუფიდან გასვლითვის კვლავ იბრძოლებს. ეკვადორელებს, პირველ ტურში, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და მათ ნაადრევად დანებების საფუძველი არ აქვთ. დღევანდელ წყვილში ფავორიტად სწორედ სამხრეთ ამერიკული გუნდი ითვლება.
ჰონდურასი და ეკვადორი ერთმანეთს მეთოთხმეტედ შეხვდებიან. წინა ცამეტივე თამაში ამხანაგური იყო, რომელთაგან 2 ჰონდურასმა მოიგო, 3 ეკვადორმა, ხოლო 8 დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2013 წლის ნოემბერში გაიმართა და 2:2 დასრულდა. ჰონდურასის მხრიდან თავი ორივეჯერ კარლოს კოსტლიმ გამოიჩინა, ხოლო ეკვადორელთაგან გოლები ხაიმე აიოვიმ და ენერ ვალენსიამ გაიტანეს. დღეს, კოსტლისა და ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, ხოლო აიოვის, რომელმაც ჰონდურასს ბოლო 2 თამაშში 3-ჯერ გაუტანა, სათადარიგოთა შორის ყოფნა ემუქრება. მწვრთნელები მეტოქე გუნდებს კარგად იცნობენ. ეკვადორელთა დამრიგებელი რეინალდო რუედა ჰონდურასს 2006-2010 წლებში წვრთნიდა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მისმა მაშინდელმა შეგირდებმა და ამჟამინდელმა მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და სამიდან 2 თამაში წააგეს. რაც შეეხება ლუის სუარესს, ის ეკვადორელებს 2004-2007 წლებში თავკაცობდა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე მისმა გუნდმა 1/8-ფინალში გააღწია, სადაც ინგლისთან 0:1 წააგო. დისკვალიფიცირებული ვილსონ პალასიოსის გარეშე მოთამაშე ჰონდურასელთათვის მთავარი საფრთხე ვალენსია იქნება, ოღონდ არა ანტონიო, არამედ ენერი. ამ უკანასკნელმა, გოლი ნაკრების მაისურით ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში გაიტანა. 02:00, კურიტიბა, “არენა ბაიშადა” ჰონდურასი-ეკვადორი ჰონდურასი (4-4-2):ვალიადარესი, ბეკელესი, ჩავესი, ფიგეროა, იზაგირე, ჩავესი, გარსია, გარიდო, ესპინოზა, ბენგტსონი, კოსტლი. ეკვადორი (4-4-2):დომინგესი, პარედესი, ერასო, გუაგუა, ვ. აიოვი, ა. ვალენსია, გრუესო, ნობოა, მონტერო, ე. ვალენსია, კაისედო. მსაჯი:ბენჟამინ უილიამსი (ავსტრალია). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია