![]() |
|
ინგლისელების ბედი ბეწვზე დაეკიდა
2014-06-20 01:53 | ნახვები: 4847
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
123456
ამბობდა თამაშის წინ სტივენ ჯერარდი: სუარესი გენიოსიაო და უკვე მერამდენედ დამტკიცდა ეს ამბავი. მართლაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს ურუგვაელი. პრემიერლიგაში ხომ 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ზედ ჩემპიონატის წინ ტრავმა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ მიზეზით კოსტა რიკასთან პირველი მატჩიც გამოტოვა. ინგლისთანაც ეჭვი ეპარებოდათ, მინდორზე კი გავა, მაგრამ შეძლებს კი თავისებურად თამაშსო? შეძლებს კი არა, კიდევ ერთი დიდებული სანახაობა გვაჩუქა. დუბლი მიითვალა, თან ისეთი გოლები გაიტანა, მხოლოდ უმაღლესი კლასის თავდამსხმელებს რომ ძალუძთ.
ურუგვაი პირველ შეხვედრასთან შედარებით უფრო მობილიზებული და მოტივირებული ჩანდა. ინგლისელებმა კი, ალბათ დღეისათვის თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენეს. ჰოჯსონის ექსპერიმენტი - მუნდიალი ახალგაზრდა ბიჭებით მოეგო, რეალობასთან ძალიან შორს აღმოჩნდა. სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საწყისი ორი მატჩი ინგლისელებმა პირველად წააგეს. ჰოჯსონმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, როგორიც იტალიასთან პირველ მატჩში ჰყავდა. ერთი ცვლილება ის იყო, რომ უეინ რუნი, რომელიც იტალიელებთან ფლანგზე ირჯებოდა, ცენტრში გადაიყვანა და 10 ნომრად ათამაშა, ფლანგებზე უელბეკი და სტერლინგი გამწესდნენ,გამოკვეთილი შემტევი კი სტარიჯი იყო. ტაბარესმა კოსტა რიკასთან წაგებული მატჩის შემდეგ, რამდენიმე ცვლილება მოახდინა. არ იყო დიეგო ფორლანი, თუმცა თუ გავიხენებთ რა სუსტად ითამაშა მან პირველ ტურში, ყველაფერი ნათელი გახდება. მთავარი დანაკლისი კი მაინც მუხლმტკივანი კაპიტანი დიეგო ლუგანო გახლდათ, რომელიც გუნდის “შემძახებელი” და ლიდერია. მის მაგიერ კაპიტნის სამკლავური მეორე დიეგომ - გოდინმა გაიკეთა და მე-9 წუთზე საკუთარი გუნდი დიდი საფრთხის წინაშე დააყენა,საჯარიმოსთან ბურთი ხელზე მოხვდა, რომელსაც რუნის ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ბურთი სანტიმეტრებში აცდა მუსლერას კარს. საჯარიმო ვახსენეთ და მეორე სახიფათო მომენტიც ბრიტანელებმა სწორედ სტანდარტულიდან შექმნეს. ჯერარდმა მარჯვნიდან ჩააწოდა და რუნის თავით ახლოდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ნელ-ნელა თითქოს ინგლისელების ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაუშვეს გოლი. კავანიმ საჯარიმოს ხაზთან ლოდეიროსგან მიიღო პასი, ერთ ხანს შეყოვნდა რათა სუარესი კარგ პოზიციაზე გასულიყო და რბილად ჩაჰკიდა ლუისმა კი თავით ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმი ურუგვაელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ინგლისელებმა ნელ-ნელა გამოასწორეს ვითარება და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში. სტარიჯის დაწყებული კომბინაცია ჯონსონმა გააგრძელა, შორეულ ძელთან ჩაჰკიდა და იქ ყველას რუნიმ დაასწრო. ინგლისელებმა ისევ გააგრძელეს შეტევები, მაგრამ გოლი ისევ ურუგვაელებმა გაიტანეს. მუსლერამ ცენტრისკენ დაარტყა, მეორე სართულზე კავანი და ჯერარდი იბრძოდნენ და საჯარიმოსთან მყოფ სუარესს სწორედ ინგლისელთა კაპიტნისგან მიუვიდა ბურთი, მიუვიდა და წამში კიდევ ერთი შედევრი გამოაცხო. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად ინგლისელებს სასწაული თუ უშველის. ურუგვაი – ინგლისი 2:1 (1:0) 19 ივნისი. სან პაულუ. “არენა კორინთიანსი.” 62 575 ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, პერეირა,ხიმენესი, როდრიგესი, გონსალესი (ფუსილე 79), არევალო, ლოდეირო (სტუანი 67), სუარესი (კოატესი 88), კავანი მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი ინგლისი: ჰარტი, იაგიელკა, ჯონსონი, ბეინსი, კეჰილი, ჯერარდი, ჰენდერსონი (ლამბერტი 87), სტერლინგი (ბარკლი 64), რუნი, სტარიჯი, უელბეკი (ლალანა 71) მწვრთნელი: როი ჰოჯსონი გოლები: 1:0 სუარესი (39), 1:1 რუნი (75), 2:1 სუარესი (85) გაფრთხილება: გოდინი (9); ჯერარდი (68) მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალო (ესპანეთი) ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 5(4)-7(5), კუთხური: 7-6, ჯარიმა: 17-13, თამაშგარე: 3-1. სეივი: 5-3 |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია