![]() |
|
ევრო-აზიური ფრე სამხრეთამერიკელთა სასარგებლოდ
2014-06-20 11:08 | ნახვები: 2139
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
123456789
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მესამე მერვედფინალისტი გამოვლინდა. ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან გასვლა კოლუმბიამაც გაინაღდა. სამხრეთამერიკელებმა ცხადია მიზანს თავიანთი შედეგიანობით მიაღწიეს, მაგრამ ორ ტურში 6 ქულის დაგროვება ჯერ კიდევ არ იყო მერვედფინალის საგზურისთვის საკმარისი, ვიდრე C ჯგუფის მეორე შეხვედრაც არ ჩამთავრდა და ჯგუფის აუტსაიდერებმა იაპონიამ და საბერძნეთმა ფრედ არ ითამაშეს.
ამ ნაკრებებმა პირველი ტური უქულოდ ჩაამთავრეს და ზედიზედ მეორე წაგების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგებოდნენ. შესაძლოა მწვრთნელებმა სათამაშო ტაქტიკა ამ სიფრთხილის გათვალისწინებითაც შეარჩიეს, მაგრამ სახიფათო მომენტებით ღარიბ მატჩს მარტო ამ სიფრთხილესაც ნუ დავაბრალებთ. საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტოსმა პირველი თამაშის წაგების მიუხედავად დაცვის ხაზში არაფერი შეცვალა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა და ორივე შეტევის გასაძლიერებლად. სალპინგიდისისა და გეკასის ნაცვლად განაცხადი ფეტფაციდისითა და მიტროღლუთი შეავსო. ამ უკანასკნელს მხოლოდ ნახევარი საათი დასცალდა თამაში. შემდეგ კი შესაცვლელი გახდა და მინდორზე ისევ გეკასი შევიდა. 38-ე წუთზე ევროპელები მინდორზე კაცნაკლულნი დარჩნენ – გუნდის კაპიტანმა კაცურანისმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან აბსოლუტურად უაზროდ შესრულებული ვარდნების გამო დროის 11-წუთიან მონაკვეთში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი. ამ გაძევების გამო სანტოსს პირველსავე ტაიმში კიდევ ერთი იძულებითი შეცვლა დასჭირდა – ფეტფაციდისის ნაცვლად ნახევარდაცვა გამოცდილი კარაგუნისით გააძლიერა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ტაიმი იაპონიის ტერიტორიულ უპირატესობაში გაილია. აზიელები ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმოში შეღწევას, მაგრამ შეტევების უმრავლესობა საჯარიმოს მისადგომებთან სრულდებოდა. ევროპელებმა კონტრშეტევით თამაშის გამწვავება მთელი ტაიმის განმავლობაში სულ 2-3-ჯერ სცადეს და ერთხელ მიზანთან ძალიან ახლოსაც აღმოჩნდნენ - მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ვასილიოს ტოროსიდისმა ძლიერად დაარტყა და იაპონია მეკარე ეიჯი კავაშიმამ გადაარჩინა. შესვენების შემდეგაც ანალოგიური სცენარით გაგრძელდა თამაში. პირველი საგოლე შანსი კი ისევ შედარებით პასიურ საბერძნეთის ნაკრებს მიეცა – 58-ე წუთზე კუთხურის შემდეგ გეკასის თავური კავაშიმამ გაჭირვებით მოიგერია. ათიოდ წუთში სახიფათო მომენტი საპირისპირო კართან შეიქმნა – მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში უჩიბა შეიჭრა, ბურთი მეკარის ხაზის წინ შეაცურა, სადაც ყველას ოკუბომ დაასწრო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. დარჩენილ დროში გამოსარჩევი აზიელთა მარჯვენა მცველ უჩიბას შეტევაში აქტიურობა და ენდოს საჯარიმო დარტყმა იყო, როდესაც ბურთი მეკარემ მოიგერია. მესამე ტურში სამხრეთამერიკელები იაპონელებს დაუპირისპირდებიან. სამქულიანი კოტ-დივუარი კი ქულიან საბერძნეთს შეხვდება. ნატალი. “დას დუნას არენა” იაპონია – საბერძნეთი 0:0 (0:0) იაპონია: კავაშიმა, ნაგატომო, კონო, იოშიდა, უჩიბა, ჰასებე (ენდო 46), იამაგუჩი, ოკუბო, ჰონდა, ოკაზაკი, ოსაკო (კაგავა 57). მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი. საბერძნეთი: კარნეცისი, ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი, კაცურანისი, სამარასი, კონე (სალპინგიდისი 81), მანიატისი, ფეტფაციდისი (კარაგუნისი 41), მიტროღლუ (გეკასი 35). მწვრთნელი: ფერნანდო სანტოსი. გაფრთხილება: ჰასებე (12), კაცურანისი (27, 38), სამარასი (55), ტოროსიდისი (89) გაძევება: კაცურანისი (38) ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 11(5)-5(4), ჯარიმა: 23-18, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-11. ტეგები:
მუნდიალი 2014 |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია