|
ბრძოლას ეკვადორი განაგრძობს
2014-06-21 04:12 | ნახვები: 2726
12345
როგორც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, E ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ეკვადორი და შვეიცარია იბრძოლებენ. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამხრეთ ამერიკელებმა ჰონდურასი დაამარცხეს. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩეს, ხოლო ჰონდურასი 1/8-ფინალში გავიდეს, მაგრამ ეს შანსი მხოლოდ თეორიულია. ფრანგების წარუმატებლობისთვის საჭიროა დეშამის გუნდმა ეკვადორთან დიდი ანგარიშით წააგოს, ხოლო შვეიცარიამ ჰონდურასს ასევე დიდი სხვაობით მოუგოს.
მიმდინარე ჩემპიონატზე მერვედ მოხდა, რომ პირველი გოლის გამტანი გუნდი უქულოდ დარჩა. მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდი 9 ასეთი თამაშია. კურიტიბაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ჰონდურასელებმა გახსნეს, რომლებმაც 1982 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანეს. ეს კარლოს კოსტლიმ გააკეთა. ჰონდურასის თავდამსხმელმა ერასოს შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა. თამაშის გმირად ეკვადორის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, ენერ ვალენსია იქცა. 24 წლის ფეხბურთლმა გოლი ნაკრების მაისურით ჩატარებულ ზედიზედ მე-6 თამაშში გაიტანა, ამჯერად ორი. 34-ე წუთზე, პარედესის დარტყმის შემდეგ, ის ბურთს შორეულ ძელთან დახვდა. 65-ე წუთზე, ვალენსიამ ვალტერ აიოვის გადაცემას ზუსტი თავური მოაყოლა და გუნდს 1/8-ფინალში გასვლის შანსები შეუნარჩუნა. ჰონდურასი-ეკვადორი 1:2 (1:1) კურიტიბა, “არენა ბაიშადა” ჰონდურასი (4-4-2): ვალიადარესი, ბეკელესი, ბერნარდესი, ფიგეროა, ისაგირე (ხ. გარსია 46), ო. გარსია (ჩავესი 82), გარიდო (მარტინესი 71), კლაროსი, ესპინოსა, ბენგტსონი, კოსტლი. მწვრთნელი: ლუის სუარესი. ეკვადორი (4-4-2): დომინგესი, პარედესი, გუაგუა, ერასო, აიოვი, ა. ვალენსია, მინდა (გრუესო 83), ნობოა, მონტერო (აჩილიერი 90+1), კაისედო (მენდესი 82), ე. ვალენსია. მწვრთნელი: რეინალდო რუედა. გოლები: 1:0 კოსტლი (31), 1:1 ე. ვალენსია (34), 1:2 ე. ვალენსია (65). გაფრთხილებები: ბერნარდესი 7, ბენგტსონი 45+3 - ა. ვალენსია 57, ე. ვალენსია 73, მონტერო 80. მსაჯი: ბენ უილიამსი (ავსტრალია). ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 16 (9)-8 (5), კუთხური: 4-12, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-8, ჯარიმა: 15-15. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია