![]() |
|
არგენტინა პლეი ოფის მიჯნაზე
2014-06-21 12:39 | ნახვები: 2061
![]() ![]()
12
პირველ ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია დიდი გაჭირვებით დაამარცხა, მაგრამ ახლა დაცვაზე ორიენტირებულ ირანს თუ გატეხავს, მერვედფინალში თამაშის უფლებას ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვებს.
ბოსნიასთან მატჩის შემდეგ არგენტინას ბევრი აკრიტიკებდა. მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელამ პირველი წუთებიდან შეგირდები 5-3-2 სისტემით ათამაშა და ამან შედეგი ვერ გამოიღო, 4-3-3 სქემაზე გადასვლის შემდეგ კი, არგენტინა ათამაშდა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა. გასულ დღეებში მთელ ქვეყანაში ამ სქემების განხილვა მიმდინარეობდა და ყველა ერთხმად აღნიშნავდა მეორე ვარიანტის უპირატესობას. თვით ლიონელ მესიმაც კი გააკრიტიკა მწვრთნელი პირველი ვარიანტის შერჩევისთვის. საბელა სხვების დახმარების გარეშეც კარგად შენიშნავდა რამდენად ეფექტური გახდა მისი გუნდის ქმედებები მეორე ტაიმში. ირანის ძალის გათვალისწინებით, დღევანდელი მატჩისთვის შემადგენლობის შერჩევისას, ის ალბათ უკვე პირველივე წუთებიდან 4-3-3-ზე შეაჩერებს ყურადღებას, ცენტრში გაგოს მასკერანო შეუწყვილდება და სასტარტო შემადგენლობაში იქნება იგუაინი, რომელიც აგუეროსთან, მესისთან და დი მარიასთან ერთად, ძლიერ შემტევ კვარტეტს შექმნის. ირანელებს ნიგერიასთან მატჩში პრაქტიკულად ყველაფერი გამოუვიდათ. კარლუშ კეირუში აქცენტს დაცვაზე აკეთებს და ასეთ პირობებში 0:0 სრულიად მისაღები შედეგია. რაღა გასაკვირია, რომ ირანელები არგენტინასთან მატჩის ასეთივე შედეგით დასრულებას სრულიად მისაღებ შედეგად აღიქვამენ. კეირუში მეტოქე გუნდის თამაშის გარჩევის სპეციალისტად ითვლება და შეგირდებსაც ამის მიხედვით ათამაშებს. ალბათ, მან არგენტინელების თამაშიც სათანადოდ შეისწავლა, მაგრამ საკითხავია, შეძლებენ კი ირანელები სამხრეთამერიკელების შეჩერებას? უნდა ვივარაუდოთ, ირანი თამაშს იმავე შემადგენლობით დაიწყებს, რომლითაც ნიგერიასთან მატჩი წარმატებით დაასრულა. ალეხანდრო საბელა (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მესის სიტყვებით შეურაცხყოფილი სულაც არ ვარ. მას სთხოვეს მატჩის შეფასება და ძალიან ფრთხილად და ზრდილობიანად უპასუხა. გარდა ამისა, ლეო ამას ყოველთვის ამბობდა და ახალიც არაფერი მომხდარა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და არ ვაპირებ ფეხბურთელებს ვუკარნახო როდის რა უნდა ილაპარაკონ”. კარლუშ კეირუში (ირანის ნაკრების მწვრთნელი): “არგენტინასთან მატჩი უმთავრესი იქნება ჩვენი გუნდის ისტორიაში. ჩვენ მომავალ შეხვედრას სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ”. რეზა გუჩანეჯადი (ირანის ნაკრების თავდამსხმელი): “დიდი სიამოვნებას მივიღებთ ისეთ მოწინააღმდეგესთან თამაშით, როგორიც არგენტინაა. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელის მითითებები ზუსტად შევასრულოთ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან დასაკრგი არაფერი გვაქვს და მოედანზეც თავისუფლად გავალთ”. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი 13 მატჩიდან 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ირანმა ჯგუფური ეტაპის 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში მოიპოვა გამარჯვება (1998 წელს აშშ დაამარცხა). ბელუ-ორიზონტე. “მინეირაო”. 20:00 საათი არგენტინა - ირანი სავარაუდო შემადგენლობები არგენტინა: რომერო, საბალეტა, ფ. ფერნანდესი, გარაი, როხო, მასკერანო, გაგო, დი მარია, აგუერო, მესი, იგუაინი. ირანი: ჰაგიგი, მონტაზერი, ჰოსეინი, სადეგი, პულადი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, ჰაჯსაფი, ჰეიდარი, დეჟაგა, გუჩანეჯადი. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია