|
არგენტინის მძიმე გამარჯვება
2014-06-21 23:15 | ნახვები: 2927
123456
მსაჯის მიერ დამატებული დრო ახალი დაწყებული იყო, როდესაც ირანელმა მცველებმა ლიონელ მესის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთის თავისუფლად მიღების საშუალება მისცეს. არგენტინელმა ამით კარგად ისარგებლა და მოჭრილი დარტყმით ის გოლი გაიტანა, რომელმაც მის გუნდს მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე მოუტანა.
არგენტინელებმა საკუთარი პოტენციალი ვერც მეორე მატჩში გამოავლინეს, თუმცა მიზანს მიაღწიეს და აქტივს დაგეგმილი 3 ქულა შემატეს. ირანის ნაკრები არცთუ ძლიერ შესარჩევ ჯგუფშიც დაცვიდან თამაშობდა და რაღა გასაკვირია, არგენტინის წინააღმდეგ კარიდან დაახლოებით 40 მეტრიდან რომ ააგო დაცვითი ზღუდეები. ირანელთა უმთავრესი ამოცანა საკუთარი კარის ხელუხლებად შენარჩუნება იყო და ეს 90 წუთი მოახერხეს კიდეც, მაგრამ დამატებულ წუთებში წამიერი მოდუნება მარცხად დაუჯდათ. არგენტინელებმა კარგად იცოდნენ, როგორი დაცვის წინააღმდეგ მოუწევდათ თამაში და მათ სათამაში სქემასაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მოედანზე მყოფი 22 ფეხბურთელიდან, 21 ფაქტობრივად ირანელთა ნახევარზე იყო და რომეროს პირსახოცთან ერთად შეზლონგის წაღებაც თავისუფლად შეეძლო. არგენტინელებმა ძალიან მარტივად დაამყარეს ბურთზე კონტროლი და შესაძლოა, მათ ამან დათვური სამსახური გაუწია და დროზე ადრე მოდუნების საშუალება მისცა. შედეგად, არგენტინელებს სისწრაფისა და ფეხბურთელების ინდივიდუალური მანევრების ნაკლებობა არ აძლევდათ იმის საშუალებას, რომ ირანელთა მჭიდრო დაცვა გაერღვიათ და რეალური საგოლე მომენტები პირველსავე ტაიმში შეექმნათ. ამრიგად, მათ საგოლე მომენტები მხოლოდ სტანდარტული სიტუაციების შემდეგ ექმნებოდათ, მაგრამ დარტყმებს სუზუსტე აკლდა. ერთხელ იგუაინმა აგუეროს თამაშიდანაც დაარტყმევინა და ამ ეპიზოდში ჰაგიგმა ითამაშა კარგად. მეორე ტაიმში არგენტინა კვლავ ბევრს უტევდა და ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ კეირუშის გუნდმა კონტრშეტევებზე საკუთარი შანსების ძებნა დაიწყო და შედეგის მიღწევამდეც სულ ცოტა დააკლდა. ახლა უკვე ირანელების კონტრშეტევები უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდა და რომ არა რომეროს რეაქცია, დეჟაგას ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. უკანასკნელ 15 წუთში არგენტინა კვლავ უტევდა და მხოლოდ ერთხელ გაექცათ გუჩანეჯადი, მაგრამ რომერომ ისევ იყოჩაღა. მასზე უფრო მეტად ჰაგიგი ყოჩაღობდა და ფაქტობრივად ყველა დარტყმას იგერიებდა, მაგრამ როდესაც ყველა უკვე 0:0-ზე ფიქრობდა, მესიმ ლიდერობა ითავა და მოზომილი დარტყმით არგენტინას 3 ქულა მოუტანა. ბელუ-ორიზონტე. “მინეირაო”. 57698 მაყურებელი არგენტინა - ირანი 1:0 (0:0) არგენტინა: რომერო, როხო, ფ. ფერნანდესი, გარაი, საბალეტა, მასკერანო, გაგო, დი მარია (ბილია 90+3), აგუერო (ლავესი 78), მესი, იგუაინი (პალასიო 78). ირანი: ა. ჰაგიგი, პულადი, სადეგი, ჰოსეინი, მონტაზერი, ტეიმურიანი, ნეკუნამი, ჰაისაფი (რ. ჰაგიგი 87), შოჯაეი (ჰეიდარი 77), დეჟაგა (ჯაჰანბაკში 84), გუჩანეჯადი. გოლი: 1:0 მესი 90+1 გაფრთხილება: ნეკუნამი (53), შოჯაეი (73) ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 19 (9)-8 (4), კუთხური: 10-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-8, ჯარიმა: 8-14 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია