|
პირველი ტური დავიწყებულია
2014-06-22 14:06 | ნახვები: 3037
123456
პირველ ტურში სამხრეთკორეელები რუსებს შეცვლაზე შესული ლი კეუნ-ჰოს (როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი არმიის კლუბ “სანჯუ სანმუში” ხელფასის სახით 100 დოლარს იღებს) დარტყმის წყალობით უგებდნენ, თუმცა, უპირტესობა ვერ შეინარჩუნეს და ყაიმს დასჯერდნენ. აზიელებს პირველი გამარჯვების შანსი პორტუ-ალეგრეში მიეცემათ, როდესაც საწყის შეხვედრაში ბელგიასთან დამარცხებულ ალჟირს გაეჯიბრებიან.
კორეელთა კაპიტანი კა ჩჟა-ჩოლი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი საწადელს მიაღწევს, თუკი იგიც სათანადო დონეზე გაირჯება. “ნაკრებში საბრძოლო სულის ამაღლება და თამაშისთვის მომზადება მწვრთნელის გარდა, ჩემს მოვალეობაშიც შედის. თუკი ბიჭების სათანადო კონტროლს მოვახერხებ, ალჟირთან სამი ქულა უნდა ავიღოთ. შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირ დამატებით ზეწოლას არ ვგრძნობთ”, - აღნიშნა 25 წლის ფეხბურთელმა. მომავალ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს სამხრეთკორეელთა ნახევარმცველი ჰა დაე-სუნგი, რომელსაც ტრავმა აწუხებს, მის გარდა კი, აზიელთა თავკაც ჰონ მიონ-ბოს სხვა შეზღუდვები არ გააჩნია. მიუხედავად ბელგიასთან მტკივნეული მარცხისა, სრულ მზადყოფნაშია ალჟირის ეროვნული გუნდი. აღნიშნულზე აფრიკელთა მცველი რაფიკ ჰალიჩე გვესაუბრება: “პირველი ტურის შეხვედრა უკვე წარსულშია. წინ კიდევ 2 მატჩია და სიტუაციის საჩვენოდ შემოტრიალება კიდევ შეიძლება”. გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინშია ალჟირელთა კაპიტანი მაჯიდ ბუგერა: “’ჩვენი ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლა ყველა გუნდს შეუძლია, ასე რომ, მუნდიალზე შემდგომი პერსპექტივების ჭრილში, კორეელებთან მატჩი უმნიშვნელოვანესია. მეტოქეს ძალიან დისციპლინირებული ნაკრები ჰყავს, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი სათანადო დარიგებებს მოგვცემს. მუნდიალზე მოთამაშე ერთადერთი არაბული გუნდის უმთავრესი იმედი კვლავაც სოფიან ფეგული იქნება. შეგახსენებთ, რომ ესპანური “ვალენსიას” შემტევმა ბელგიასთან ანგარიში გახსნა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ალჟირელთა 506-წუთიანი “მშრალი” სერია შეწყვიტა. სამხრეთ კორეას და ალჟირს ერთადერთი მატჩი აქვთ ჩატარებული. 1985 წელს ამხანაგურ შეხვედრაში აზიელებმა აფრიკელები 2:0 დაამარცხეს. ერთი საინტერესო დეტალიც. მომავალი მატჩის სამსაჯო ბრიგადაში კოლუმბიელი უილმარ როლდან პერესის ერთ-ერთი თანაშემწე მისივე თანამემამულე უმბერტო კლავიხო უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფიფა-მ ამ უკანასკნელი დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. კლავუხო ლაინსმენი გახლდათ მექსიკის და კამერუნის მატჩში და მაშინ აფრიკელთა კარში გატანილი 2 გოლი არარსებული ოფსაიდის გამო არ ჩათვალა. მექსიკელებმა ის თამაში მაინც მოიგეს, კოლუმბელ მსაჯს კი დისკვალიფიკაცია არ ასცდა. მის ნაცვლად, სამხრეთ კორეის და ალჟირის თამაშზე ეკვადორელი კრისტიან ლესკანო იმუშავებს. პორტუ-ალეგრე. “ბეირა რიო”. 23:00 სამხრეთ კორეა – ალჟირი სავარაუდო შემადგენლობები სამხრეთ კორეა (4-5-1): იუნგ სუნგ-რიონგი, ლი იონგი, კა ჩჟა-ჩოლი, კიმ იონგ-გვონი, ჰონგ ჯეონგ-ჰო, კი სუნგ-იუენგი, ჰან კოოკიონგი, ლი ჩუნგ-იუნგი, სონ ჰეუნგ-მინი, კოო ჯა-ჩეოლი, პარკ ჩუ-იუნგი. მწვრთნელი: ჰონ მიონ-ბო. ალჟირი (4-5-1): მბოლი, ბუგერა, გულამი, ჰალიჩე, მეჯანი, ბენტალები, ფეგული, მაჰრეზი, მოსტეფა, ტაიდერი, სუდანი. მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი. მსაჯი: უილმარ როლდან პერესი (კოლუმბია). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია