|
ბრაზილიელებმა რუსებს უსირცხვილოები და მეორე დივიზიონის გუნდი უძახეს
2014-06-22 23:52 | ნახვები: 9522
123
რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრებთან წაგების (0:1) მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილია. ამის შესახებ, მან მატჩის მერე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გუნდი წაგებას არ იმსახურებდა? -სიმართლე გითხრათ, გუნდით კმაყოფილი ვარ. შედეგი გაუმართლებელია. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ წავაგეთ. გამარჯვების შანსი გვქონდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო. სამწუხაროდ, ბელგიამ მოიგო. -გუნდს მეორე ტაიმის ბოლოს რა დაემართა? ალჟირთან მომავალ თამაშზე რას იტყვით? -ჩემი აზრით, პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ და გოლის გატანის შანსი გვქონდა. მეორე ტაიმშიც ვდომინირებდით. თუმცა, ბელგია, როდესაც უტევს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. დაველოდოთ ალჟირი-სამხრეთ კორეის მატჩის შედეგს. -გერმანელი მსაჯის მუშაობას როგორ შეაფასებთ? -არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს. ისინიც ცდებიან, როგორც ჩვენ ყველა. თუ მსაჯები შეცდომებს უშვებენ, უნდა მივიღოთ. - სასტარტო შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი დააყენეთ. ძაგოევისა და კერჟაკოვის შეყვანა ხომ არ დააგვიანეთ? -ძაგოევი მაშინ შევიყვანე, როდესაც ჩავთვალე, რომ უნდა მოგვეგო. ჩემი აზრით, ის ბოლო პასს გააკეთებდა, რაც არ მოხდა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო. მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით. - მიუხედავად ბელგიასთან წაგებისა, ჯგუფიდან გასვლის გჯერათ? -გასვლის მჯერა და ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩების შედეგებს დაველოდოთ. პირველ შეხვედრაში ფსიქოლოგიური წნეხის გამო, თავისი ფასი გადავიხადეთ. -გუნდმა 85 წუთი კარგად ითამაშა. ბოლო 5 წუთში რა მოხდა? -გამარჯვებას შევეცადეთ და არ გამოგვივიდა. -თუ გაიგეთ როგორ გიძახოდნენ ბრაზილიელები უსირცხვილოებს და მეორე დივიზიონის გუნდს? -საუცხოო თამაში იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვითამაშეთ. არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს. -სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ეთამაშეთ. შეცვლით იმ სცენარს, რაც 2010 წელს იყო? -ალჟირთან მატჩის შედეგი ჩვენთვის შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს – გამრჯვება. სხვა ვარიანტი არ გვაქვს. ფრე არაფერს შეცვლის. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია