![]() |
|
ვაჰიდის ქამარი წაუჭირეს
2014-06-23 02:04 | ნახვები: 3512
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345678
“ამ გამარჯვებას იმ გულშემატკივრებს ვუძღვნი, რომელთაც არ დაიზარეს და ჩვენს საქომაგოდ ბრაზილიაში ჩამოვიდნენ. ასევე იმ ალჟირელებს, რომლებიც შინიდან გვგულშემატკივრობენ. ისინი ამ წარმატებას დიდხანს ელოდნენ. დღეს ჩვენმა გუნდმა საკუთარი ძლიერი მხარეები წარმოაჩინა. პირველ ტაიმში ლამის იდეალურად ვითამაშეთ, მეორეში კი უფრო გაგვიჭირდა. ახლა, რუსებსაც უნდა ვაჯობოთ და პლეი-ოფში გავიდეთ”, - განაცხადა ალჟირის ნაკრების თავკაცმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა სამხრეთ კორეა 4:2 დაამარცხა.
ის, რომ აფრიკულ გუნდს შეტევაში ყოჩაღად თამაში ეხერხებოდა, ბელგიასთან პირველი ტურის შეხვედრაშიც გამოჩნდა, გაცილებით სუსტ კორეასთან კი მათ საერთოდაც გაილაღეს. პორტუ ალეგრეში გამართული შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, საწყისი ტაიმის 12-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა, რომლის განმავლობაშიც ალჟირელებმა 3 გოლი გაიტანეს. თავდაპირველად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა სლიმანიმ მეტოქის ცენტრალური მცველების წინააღმდეგობა არად ჩააგდო და ჩუნ სუნ-რენი ახლო ბრძოლაში დაჯაბნა, შემდეგ სამხრეთკორეელთა გოლკიპერის შეცდომით ჰალიშმა ისარგებლა და თავურით ცარიელ კარში გაიტანა, ბოლოს კი, ჩუნი ჯაბუმაც არ დაინდო და ანგარიში კატასტროფული გახადა. ჰონ მიონ-ბოს ბიჭებს თამაშის გადარჩენის მცირე შანსი მე-2 ტაიმის სტარტზე გაუჩნდათ, როდესაც სონ ჰიუნ-მინმა საჯარიმოში ბურთი კარგად დაამუშავა და ათიოდ მეტრიდან მბოლის ფეხებშუა გაუძვრინა, თუმცა, მალევე ბრაიმიმ ალჟირელთა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა და კორეელი კუ ჩჟა-ჩოლის კიდევ ერთ გოლს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონია. აღნიშნული გამარჯვების წყალობით, ალჟირმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი კი გადადგა, თუმცა, H ჯგუფიდან უკვე გასული ბელგიის ნაკრების შემდეგ, მე-2 იღბლიანის ვინაობა მაინც ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც 27 ივნისს შედგება. თეორიულად, აფრიკულ გუნდს პირველი ადგილის დაკავებაც შეუძლია, თუკი რუსებს მოუგებს და ბელგია სამხრეთ კორეასთან დამარცხდება, თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა. ყაიმის შემთხვევაში, აფრიკელებს, შესაძლოა კორეელებმა გადაუსწრონ, თუკი ისევდაისევ ბელგიელებს სძლევენ და თან სასურველი სხვაობით. საკუთარ შანსს რუსეთიც ელის. ამისთვის, კაპელოს ბიჭებმა ალჟირი უნდა დაამარცხონ და ბელგიელებთან კორეელების წაფორხილებას დაელოდნონ. პორტუ ალეგრი. “ბეირა რიო”. 42732 მაყურებელი სამხრეთ კორეა – ალჟირი 2:4 (0:3) სამხრეთ კორეა: ჩუნ სუნ-რენი, იუნ სუკ-იონი, კიმ იუნ-კვონი, ლი იონი, ჰონ იუნ-ჰო, კუ ჩჟა-ჩოლი, ჰან კუკ-იუნი (ჩჟი დონ-ვონი, 78), კი სუნ-იუნი, ლი ჩუნ-იონი (ლი კიუნ-ჰო, 64), სონ ჰიუნ-მინი, პაკ ჩუ-იუნი (კიმ შინ-ვუკი, 57). მწვრთნელი: ჰონ მიონ-ბო. ალჟირი: მ’ბოლი, ბუგერა (ბელკალემი, 89), ჰალიში, მესბა, მეჯანი, მანდი, ფეგული, ბრაიმი (ლასენი, 77), ბენტალები, ჯაბუ (გილასი, 73), სლიმანი. მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი. გოლები: 0:1 სლიმანი (26), 0:2 ჰალიში (28), 0:3 ჯაბუ (38), 1:3 სონ ჰიუნ-მინი (50), 1:4 ბრაიმი (62), 2:4 კუ ჩჟა-ჩოლი (72). გაფრთხილება: ლი იონი (54), ბუგერა (67), ჰან კუკ-იუნი (69). ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 9(6)-15(8), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია