![]() |
|
დაუკავშირდება კლინსმანი ლიოვს?
2014-06-23 10:16 | ნახვები: 2576
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345
...კრიშტიანუ რონალდუს მთელი მატჩის განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენია, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ვარელას, რომლის ზუსტმა თავურმა პორტუგალიას ფრე მოუტანა და ქვეჯგუფში ინტრიგა დასკვნითი ტურის წინ შეინარჩუნა.
არადა, პირენელებმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს. ნანის გოლის შემდეგ პორტუგალიელებმა ინერციით უპირატესობა შეინარჩუნეს, შემდეგ კი თანდათან თამაში მშვიდად გაგრძელდა. ამის მიზეზი დიდწილად მანაუსის სიცხემაც განაპირობა. შესვენების შემდეგ პაულუ ბენტუს გუნდის საშემადგენლო სირთულეები კიდევ უფრო გამძაფრდა. ალმეიდას შეცვლის შემდეგ მარცხენა მცველის პოზიციაზე ველოზუ გადავიდა. ამ პოზიციაზე მას ჭაბუკური წლების მერე არ უთამაშია. ველოზუს ჯონსონსა და ზუსისთან გამკლავება უჭირდა. მთლიანობაში კი პორტუგალია მეტოქეს თანდათან პოზიციას უთმობდა. გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკელთა უპირატესობას მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰქონდა, 64-ე წუთზე ჯოუნსის მიერ ანგარიშის გათანაბრება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მან დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად “გაისროლა” და ევროპელთა მეკარე ბეტუ უშანსოდ დატოვა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ ამერიკელებმა ოდნავ მოუკლეს და თამაშიც კვლავ გათანაბრდა. ამის ფონზე იურგენ კლინსმანის მეორე გოლი, ასპარეზობის ხასიათიდან გამომდინარე, გარდაუვალი სულაც არ ჩანდა. არგენტინელი მსაჯის საფინალო სასტვენამდე ათიოდე წუთით ადრე ამერიკელებმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, პორტუგალიელმა მცველებმა უგერგილოდ ითამაშეს და დემპსიმ ბურთი მეტოქის კარში შეაგორა. მარცხი პორტუგალიას პლეი ოფში გასვლის ყოველგვარ შანსს უკარგავდა, ამასთან პაულუ ბენტუს გუნდს თამაშის გაძლიერების რეზერვიც პრაქტიკულად ამოწურული ჰქონდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეხუთე წუთზე პირენელებმა წინასამატჩი სტატუს კვო კი აღადგინეს, თუმცა, ბოლო ტურის წინ ამერიკელები მაინც ფავორიტად გამოიყურებიან - დასკვნით სათამაშო დღეს გერმანიამ ამერიკას უნდა მოუგოს, პორტუგალიამ კი შეძლებისდაგვარად დიდი ანგარიშით სძლიოს განას. პორტუგალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელთა ეროვნული გუნდები მანაუსში ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ და ამ ქვეყნების ნაკრებთა დაპირისპირებაში სრული თანაფარდობა შენარჩუნდა - მეტოქეებმა 2-2 მატჩი მოიგეს, ორშიც დაზავდნენ, ბურთების შეფარდება კი 7:7-ზეა. მუნდიალ2014-ის სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიის მიერ გერმანიასთან დიდი ანგარიშით 0:4 წაგების გამო საყაიმო შედეგი ამერიკელთათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი რეზულტატია, ვიდრე პორტუგალიისთვის. G ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს იოაჰიმ ლიოვის გერმანია და იურგენ კლინსმანის აშშ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ფრის შემთხვევაში გერმანია და ამერიკა მერვედფინალს გაინაღდებენ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კლინსმანს ჰკითხეს, 26 ივნისის მატჩის წინ ლიოვს ხომ არ დაუკავშირდებითო. ამერიკელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა ყოფილ თანაშემწესთან შესაძლო კონტაქტი კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა, დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ, ასევე გერმანია დასკვნით შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავაო. 23 ივნისი. მანაუსი. “არენა ამაზონია”. 40123 მაყურებელი აშშ-პორტუგალია 2:2 (0:1) აშშ: ჰოვარდი, ჯონსონი, კამერონი, ბესლერი, ბიზლი, ბედოია (იედლინი, 72), ბრედლი, ბეკერმანი, ჯოუნსი, ზუსი (ომარ გონსალესი, 90), დემპსი (ვონდოლოვსკი, 87). მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი პორტუგალია: ბეტუ, ალმეიდა (კარვალიუ, 46), კოშტა, ალვეში, პერეირა, მოუტინიუ, მეირელეში (ვარელა, 69), ველოზუ, რონალდუ, პოშტიგა (ედერი, 16), ნანი. მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ გოლები: 0:1 ნანი (5). 1:1 ჯოუნსი (64). 2:1 ჯოუნსი (81). 2:2 ვარელა (90). ბურთის ფლობა: 48:52. კარში დარტყმა: 5:6. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 6:12. კუთხური: 6:4. თამაშგარე: 1:4. ჯარიმა: 11:14. გაფრთხილება: ჯოუნსი. მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია