|
“როსია ვპერიოდ” არ შედგა
2014-06-23 12:09 | ნახვები: 3103
1234567
მარკ ვილმოტსმა რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მეორედ დაამარცხა. 12 წლის წინ, კორეა-იაპონიაში მეტად პრინციპულ მატჩში, რომელშიც ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობა ირკვეოდა, ბელგიელებმა რუსებს 3:2 მოუგეს და გადამწყვეტი გოლი ამპლუით ცენტრფორვარდმა ვილმოტსმა გაიტანა. ამჯერად, მან წარმატებას მწვრთნელის რანგში მიაღწია.
“მარაკანაზე” უბილეთო ჩილელი ფანების შემოჭრის მცდელობის შემდეგ, კვირას გამართული შეხვედრისთვის სტადიონზე უსაფრთხოების დასაცავად გაძლიერებული ზომები მიიღეს. რკინის მესერები და ზღუდეები გააორმაგეს, “მარაკანასკენ” მისასვლელი გზები დილიდან გადაკეტეს და პოლიციელების რიცხვიც გაზარდეს. სხვათა შორის, ბრაზილიელი წესრიგის დამცველები სუსტი სქესის წარმომადგენლების ნაკლებობას არ უჩივიან. ბელგიელები დილიდან შეიკრიბნენ სტადიონის წინ მდებარე ბარში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრების თავშეყრის საყვარელი ადგილია. რუსებთან შედარებით მათ საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ როგორც სტადიონის გარეთ, ასევე, სტადიონის შიგნით. ბელგიელი ქომაგების დროშები წარწერით “წითელი ეშმაკები” ყველგან ფრიალებდა. ისე პოსტსაბჭოურ ქვეყნებს, რომ გულშემატკივრობის მხრივ პრობლემები აქვთ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რუსებზე საუბარი ზედმეტია. “უშანკებზე” ადრე ვიუწყებდით. ჩამოსულები არიან “პილოტკებით”, “ბუდიონოვკებით”, “მატროსკებით”, საბჭოთა კავშირის გერბიანი მაისურებით, ერთი გალიფე, “აზიაცკები” და მაუზერები აკლიათ. ვერ გამოვიდა ეს ხალხი საბჭოთა კავშირის ხიბლიდან. თუმცა, რაზეა საუბარი, როდესაც პროლეტარიატის დიდი ბელადი შუა მოსკოვში მავზოლეუმში გისვენია. მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები სხვადასხა სიმღერებს მღერიან, გადაძახილები აქვთ, ერთად სლოგანებს ყვირიან. კიდევ ერთხელ აღვნშნავ ამ მხრივ “ჩემპიონები” არგენტინელები არიან. რუსების არსენალში კი მხოლოდ: “როსია”, როსია”, “რუსკიე ვპერიოდ” და “ვპერიოდ როსია” იყო. ამჯერად, “ვპერიოდ როსია” არ შედგა. ისე რუსეთის ჰიმნის დაკვრისას გულიანად ვუსტვინე. სხვათა შორის, სტვენა არც ფანზონაში რუსეთ-სამხრეთ კორეის მატჩის დროს დამიკლია. გასაგებია, რომ სხვა ქვეყნის ჰიმნს პატივი უნდა სცე და მითუმეტეს, პრესლოჟიდან არ უსტვინო. თუმცა, გულმა ვერ მომითმინა და დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება რატომ. ირგვლივ საინტერესო კომპანია მყავდა. მარჯვნივ ფინელები, მარცხნივ ინდოელები და წინ ერთი სიერა ლეონედან. ფინელებს ჩემს სტვენაზე რეაქცია არ ჰქონიათ, ხოლო ინდოელებმა და სიერალეონელმა გაკვირვებით შემომხედეს. თუმცა, მათ ნამდვილად ვერ ავუხსნიდი ჩემი საქციელის მიზეზს. კაპელომ მატჩის მერე კი თქვა კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარო, მაგრამ გამოცდილ ბრაზილიელ გულშემატკივარს რას გამოაპარებ, მითუმეტეს, მათ ვინც “მარაკანას” ხშირი სტუმარია. რუსებს ნაჩვენები ფეხბურთისთვის სულ უსირცხვილოები და მეორე დივიზიონის გუნდი უძახეს. მატჩის მერე მედიაცენტრში ვმუშაობდი და ირგვლივ სულ რუსები ისხდნენ. ცხადია, არც ჩემი წარმომავლობა იცოდნენ და ვერც იმას მიხვდებოდნენ, რომ მათი ნასაუბრები მესმოდა. ნაწილი ეკრანზე ფეხბურთს უყურებდა და ალჟირმა გოლი რომ გაიტანა ტაშიც შემოკრა. ამ დროს ერთმა მათგანმა, რომელიც ჩემს წინ იჯდა კოლეგას გადაულაპარაკა: “ალჟირ ნას ვიბ...”. ცხადია, გონებაში ამის ასრულება ვუსურვე. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია