|
ხორვატიას მოგება უნდა, მექსიკა – ფრეზეც ყაბულსაა
2014-06-23 12:22 | ნახვები: 1964
123
A ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი ერთი ნაკრები რომ ბრაზილიაა, ამაზე არავინ დავობს. გასარკვევი მეორე გუნდია, რომლის ვინაობაც სწორედ მექსიკისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაში გაირკვევა.
ლათინოამერიკელები ნიკო კოვაჩის გუნდს ქულით უსწრებენ და არცთუ უმნიშვნელო უპირატესობა აქვთ. გაცილებით რთული ამოცანის წინაშე დგას ხორვატიის ნაკრები, რომელაც მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. მექსიკელები მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც გავლენ პლეი ოფში, მაგრამ ცხადია, მათი მიზანიც 3 ქულაა. ხორვატებმა განვლილი 2 მატჩიდან ერთი მოიგეს, ერთიც წააგეს. კამერუნის ნაკრებთან მატჩში, კოვაჩის გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი მარიო მანჯუკიჩი დაუბრუნდა, რომელმაც ხორვატთა შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ევროპელებმა აფრიკელებს 4:0 სძლიეს. თავის მხრივ, კარგი განწყობა აქვს მექსიკის ნაკრებსაც, რომელმაც უკანასკნელ მატჩში მასპინძელ ბრაზილიას ქულა აართვა, იქამდე კი, კამერუნის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ხორვატიისა და მექსიკის ნაკრებთა ურთიერთშეხვედრების ისტორია 3 მატჩს ითვლის. ლათინოამერიკელებმა ერთი მატჩი მოიგეს, ორ შეხვედრაში კი, დამარცხდნენ. მათი უკანასკნელი დაპირისპირება მსოფლიოს 2002 წლის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. მექსიკელებმა კუატემოკ ბლანკოს ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. სასიხარულოა, რომ ჯგუფის გადამწყვეტ მატჩს ორივე ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. დანაკლისი არცერთ მწვრთნელს აქვს და ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ უშეღავათო ბრძოლა შედგეს. აქვე გეტყვით, რომ ხორვატთა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მოედანზე 90 წუთის გასატარებლადაა მზად. რესიფი. “პერნამბუკუ”. ხორვატია – მექსიკა სავარაუდო შემადგენლობები: ხორვატია: პლეტიკოშა, პრანიაიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა, სრნა, მოდრიჩი, რაკიტიჩი, სამირი, პერიშიჩი, ოლიჩი, მანჯუკიჩი. მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი მექსიკა: ოჩოა, მორენო, მარკესი, როდრიგესი, ლაიუნი, გუარდადო, ვასკესი, ერერა, აგილარი, სანტოსი, პერალტა. მწვრთნელი: მიგელ ერერა მთავარი არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია