|
II ტური: სიმბოლური ნაკრები და საუკეთესოები
2014-06-23 13:47 | ნახვები: 2846
123
დასრულდა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიც. 32 მატჩი მიილია და გასულია 94 გოლი, ანუ ერთ მატჩში საშუალოდ 2,95, რაც ძალიან მაღალი შედეგიანობაა. მხოლოდ გოლების რაოდენობაზეც არაა – წინა მუნდიალების ჯგუფურ შეხვედრებთან შედარებით, ახლა მართლაც სანახაობრივი თამაშებია.
წინ მესამე, გადამწყვეტი ტურია. ამ სტატიაში კი დავასახელებთ უშუალოდ II ტურის სიმბოლურ ნაკრებს, საუკეთესო ფეხბურთელს, საუკეთესო მწვრთნელსა და საუკეთესო გოლს. ეს "მსოფლიო სპორტის" ვერსიით. გილერმო ოჩოა (მექსიკა) – მაურისიო ისლა (ჩილე), ოსკარ დუარტე (კოსტა რიკა), ვენსან კომპანი (ბელგია), ალვარო პერეირა (ურუგვაი) - ჩარლზ არანგისი (ჩილე), ედენ აზარი (ბელგია), ბრაიან რუისი (კოსტა რიკა), ანდრე აიუ (განა) - ლუის სუარესი (ურუგვაი), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი). საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (ურუგვაი) ბევრი არც გვიფიქრია. ფეხბურთელმა, რომელმაც 22 მაისს ოპერაცია გაიკეთა და დაჩქარებული მეთოდით უმკურნალეს, მუნდიალზე პირველი მატჩი გამოტოვა. აი, მეორეში კი, ინგლისთან ფანტასტიკურად ითამაშა და დუბლი შეასრულა. მისმა გოლებმა ინგლისი შოკში ჩააგდო. საუკეთესო მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა) კოსტა რიკა, უპირველესად, მშვენივრად დაყენებული გუნდური თამაშით გამოირჩევა. ჯგუფში ჩატოვო მსოფლიოს ორი ჩემპიონი – ეს რაღაც ზღაპარს ჰგავს. კოლუმბიელი სპეციალისტის ხელი ნაკრებს აშკარად ეტყობა: ეს არ არის ვარსკვლავების გუნდი, მაგრამ მათი თამაში სიამოვნებას ანიჭებს ტექნიკური ფეხბურთის მოყვარულებს. საუკეთესო გოლი: ტიმ კეჰილი (ავსტრალია) 32 წლის შემტევმა ჰოლანდიასთან 21-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა: მან ფლანგიდან ჩაწოდებულს, ჰაერშივე, ერთ შეხებაში დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში. კეჰილის გარდა, ავსტრალიის ამ ნაკრებში არავინაა დასამახსოვრებელი. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია