![]() |
|
მხიარულ თამაშში ნეიმარმა გაილაღა
2014-06-24 10:34 | ნახვები: 2259
![]() ![]() ![]() ![]()
1234
ამაოდ შიშობდა ლუის ვან გაალი, როცა თქვა, ბრაზილიელებს ეცოდინებათ ჩვენი ჯგუფის შედეგები და მეტოქეს აარჩევენო. “სელესაოს” არაფერი ეტყობოდა, თითქოს ვინმეს არჩევაზე ეთამაშა. ბრაზილია პირველზე გავიდა და ასევე 7-ქულიან მექსიკას ბურთების შეფარებით გაუსწრო.
პირველ ტაიმში ბრწყინავდა ნეიმარი, რომელმაც ორი გოლი ხომ გაიტანა, კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩვენა. საწყისი 7-8 წუთი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თავბრუდამხვევ შეტევებში გაატარა, გოლს ვერ ეღირსა და შემდეგ დადგა პერიოდი, როცა კამერუნი გააქტიურდა. და მაინც, ბრაზილიელებმა დიდხანს არ ალოდინეს თავიანთ ქომაგებს: მე-17 წუთზე ლუიშ გუსტავოს კარგი ჩაწოდების შემდეგ, ნეიმარმა ახლოდან ტექნიკურად დაარტყა – 1:0. მალევე, კამერუნელებმა გაიტანეს, კერძოდ, ჟოელ მატიპმა ახლოდან. ეს კამერუნელთა პირველი გოლი იყო ამ მუნდიალზე. აღსანიშნავია, რომ გოლამდე ერთი წუთით ადრე, აფრიკელებმა ძელს გაარტყეს ბურთი. ფოლკერ ფინკეს გუნდს გული მიეცა, წინ გაიწია, ბრაზილიელებიც აჰყვნენ გახსნილ თამაშში და ნეიმარმა კიდევ ერთხელ გაილაღა: გარღვევა ტექნიკური დარტყმით დაასრულა - 2:1. ეს ნეიმარის მეოთხე გოლია მიმდინარე მუნდიალზე და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი, გამოსარჩევი კი ჟონგლიორული კომბინაცია იყო, რომელიც ნეიმარმა დაიწყო. მეორე ტაიმი ფრედის გოლით დაიწყო: როგორც იქნა, გაიტანა... მარცხნიდან დავიდ ლუიზის ჩაწოდების შემდეგ, თავით. გოლის მიუხედავად, ფრედი კვლავაც ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო ნაკრებში - ისევე, როგორც ჰალკი. მხიარული თამაში შემდგომშიც გაგრძელდა და ბოლოს ფერნანდინიომ გაიტანა ოსკარის პასის შემდეგ - 4:1. "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა შესვენებისას პაულინიო შეცვალა. ბრაზილია მერვედფინალში ჩილეს შეხვდება – უკვე მესამედ მუნდიალის ისტორიაში. "სელესაომ" 1998 წელს 4:1, ხოლო 2010 წელს 3:0 სძლია ჩილელებს. რაც შეეხება კამერუნს, მათ ეს მუნდიალიც, წინას მსგავსად, უქულოდ დააგროვეს. სხვათა შორის, ბრაზილიელებთან კიდევ გამოიდეს თავი, თორემ მექსიკასთან ჟინი არ ეტყობოდათ, ხორვატიასთან კი ისეთი უსუსურები იყვნენ, მეტოქეს რომ ვერაფერი დააკლეს, ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი. 24 ივნისი. ბრაზილია. “ესტადიო ნასიონალი” კამერუნი-ბრაზილია 1:4 (1:2) კამერუნი: იტანჯე, ნიომი, ნკულუ, მატიპი, ბედიმო, მბია, ნგემო, ენო, ჩუპო-მოტინგი (მაკუნი 81), აბუბაქარი (ვებო 72), მუკანჯო (სალი 58). მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე ბრაზილია: ჟულიო სეზარი, ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო (ფერნანდინიო 46), ოსკარი, ჰალკი (რამირესი 63), ნეიმარი (ვილიანი 71), ფრედი. მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი გოლები: 0:1 ნეიმარი (17), 1:1 მატიპი (26), 1:2 ნეიმარი (34), 1:3 ფრედი (49), 1:4 ფერნანდინიო (85) გაფრთხილება: ენო (11), სალი (75), მბია (80) ბურთის ფლობა %: 46-54 კარში დარტყმა: 12 (6)-19 (18) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 14-19 მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია