![]() |
|
იაპონური ოცნება: სამი ქულა და იღბალი
2014-06-24 17:29 | ნახვები: 2384
![]()
C ჯგუფიდან მერვედფინალში გამსვლელი ორი საგზურიდან ერთი უკვე დაჯავშნილია. კოლუმბიის ნაკრებმა ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვადაზე ადრე გაინაღდა. ბოლო შეხვედრაში კი სამხრეთამერიკელთა მთავარი ამოცანა, უახლოეს მდევართან – კოტ-დივუართან უპირატესობის შენარჩუნება და მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლაა. ამის გარანტიას მესამე ტურში ქულის მოპოვება იძლევა, თუმცა სრულიად შესაძლებელია, ხოსე პეკერმანის გუნდმა საწადელს იაპონიასთან წაგებითაც კი მიაღწიოს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი 3-ქულიანი კოტ-დივუარი საბერძნეთს ვერ მოუგებს. ან ისეთი ანგარიშით მოუგებს, რომ გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსით მაინც კოლუბიის უკან აღმოჩნდება.
იაპონელების საპლეიოფო შანსი კი გაცილებით დაბალია. აზიელები გამარჯვების შემთხვევაში კოტ-დივუარი – საბერძნეთის მატჩის შედეგზე იქნებიან დამოკიდებულნი. შეგახსენებთ, ალბერტო ძაკერონის გაწვრთნილ გუნდს მარაგში ერთადერთი ქულა მოეპოვება. ამდენივე აქვს საბერძნეთსაც. დღეს კოლუმბია დიდი ალბათობით, მინდორზე ორი გამოცდილი მოთამაშის გარეშე გავა. დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი უკვე მერვედფინალზე ფიქრობს და ამ ეტაპზე მცველ მარიო იეპესისა და რეაქტიულ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს დასვენებას გეგმავს. სამაგიეროდ ტრავმები მოიშუშეს თავდამსხმელებმა ჯექსონ მარტინესმა და კარლოს ბაკამ და სათამაშოდ მზად არიან. კოლუმბია და იაპონია აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. 2003 წელს, კონფედერაციის თასზე სამხრეთამერიკელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. 2007 წელს კი ამხანაგურ მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა. კოლუმბია – იაპონია კუიაბა. “პანტანალი” სავარაუდო შემადგენლობები კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, ვალდესი, საპატა, არიასი, აგილარი, სანჩესი, კინტერო, ჯ. როდრიგესი, იბარბო, ჯ. მარტინესი. მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი იაპონია: კავაშიმა, უჩიდა, იოშიდა, მორიშიგე, ნაგატომო, ენდო, ჰასებე, ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა, ოსაკო. მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი მსაჯი: პედრუ გროენსა (პორტუგალია) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია