|
ეკვადორი მე-2 ადგილისთვის გადახალისებულ საფრანგეთთან იბრძოლებს
2014-06-25 02:48 | ნახვები: 2111
1234
ეკვადორსა და საფრანგეთს შორის გასამართი მატჩი სამხრეთ ამერიკელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპელებისთვის. ეკვადორი ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის, ხოლო საფრანგეთს 1/8-ფინალიც და პირველი ადგილიც თითქმის განაღდებული აქვს.
იმისათვის, რომ დიდიე დეშამის გუნდი ჯგუფში ჩარჩეს, ფრანგებმა 4 ბურთით უნდა წააგონ, ხოლო შვეიცარიამ ჰონდურასი 5 ბურთის სხვაობით დაამარცხოს. მხოლოდ 4 ბურთით მარცხის შემთხვევაში, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონები მე-2 ადგილზე გავლენ. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, ეს მოხდეს, მითუმეტეს, რომ დეშამის შეგირდები ძალიან კარგ ფორმაში არიან. მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ საფრანგეთმა პირველი 2 თამაში მოიგო. პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც “სამფეროვნები” ჩემპიონები გახდნენ. 16 წლის წინათ, საფრანგეთმა ჯგუფის სამივე თამაში მოიგო და ეს გუნდი იგივე შედეგის გამეორებასთან ახლაც ახლოსაა. ეკვადორის ამოცანა შვეიცარიაზე უკეთესი ან მსგავსი შედეგის დაფიქსირებაა, მაგრამ მეტოქეების გათვალისწინებით, ეს ადვილად მისაღწევი მიზანი არაა. საფრანგეთი და ეკვადორი ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. პირველად ისინი ერთმანეთს 2008 წელს, ამხანაგურად შეეჯიბრენ. გრენობლში გამართული თამაში საფრანგეთმა 2:0 მოიგო. ორივე გოლი ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა, რომელიც დეშამმა ბრაზილიაში არ წაიყვანა. იმის გამო, რომ საფრანგეთს პირველი ადგილი თითქმის განაღდებული აქვს, დიდიე დეშამი, სავარაუდოდ, შემადგენლობას გადაახალისებს. ივარაუდება, რომ მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე პირველად ვიხილავთ სანიას, მანგალას, დინეს, შნეიდერლინს, კაბელასა და რემის. კაბელასა და რემის გვერდით, შეტევაში გრიზმანს უნდა ველოდეთ, რომელმაც მე-2 ტურის შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ნამადვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვერ ითამაშებს დისკვალიფიცირებული იოან კაბაიე. მოსალოდნელია, რომ სათადარიგოთა შორის მოხვდება ფრანგების ლიდერი ქარიმ ბენზემაც, რომელმაც წინა 2 მატჩში თავი 3 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. სამაგიეროდ, საუკეთესო ბომბარდირი ეყოლებათ ეკვადორელებს. რეინალდო რუედას გუნდის მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი სამივე გოლი ენერ ვალენსიას ანგარიშზეა, რომელმაც თავი ბოლო 6 სანაკრებო შეხვედრაში გამოიჩინა. 00:00, რიო დე ჟანეირო, “მარაკანა” ეკვადორი-საფრანგეთი სავარაუდო შემადგენლობები ეკვადორი (4-4-2):დომინგესი, პარედესი, ერასო, გუაგუა, ვ. აიოვი, ა. ვალენსია, მინდა, ნობოა, მონტერო, ე. ვალენსია, კაისედო. საფრანგეთი (4-3-3):რუფიე, სანია, კოსელნი, მანგალა, დინე, პოგბა, შნეიდერლინი, სისოკო, კაბელა, რემი, გრიზმანი. მსაჯი:ნუმანდიე დუო (კოტ დ’ივუარი). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია