![]() |
|
მეგობრების “არამეგობრული” შეხვედრა
2014-06-25 11:28 | ნახვები: 3036
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345
ამერიკელთა დამრიგებელ იურგენ კლინსმანს ამჯერად გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს გუნდის გაყვანა. შეგახსენებთ, 2006 წელს, ”ბუნდესმანშაფტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი სწორედ კლინსმანის თანაშემწე გახლდათ. გერმანიასა და ამერიკას მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთთან დაპირისპირებისას ფრე აწყობთ, მაგრამ იოაჰიმ ლიოვი, ასევე იურგენ კლინსმანი კატეგორიულად აცხადებს, რესიფეს “არენა პერნამბუკოს” მინდორზე ჩვენი ფეხბურთელები ვალის მოხდის მიზნით არ გავლენ და კარგი თამაშის საჩვენებლად არიან მოწადინებულნიო. ამასთან, ორივე სპეციალისტი უარყოფს ქვეჯგუფის დასკვნით მატჩამდე ერთმანეთთან რაიმე სახის კონტაქტს. გერმანელთა სასტარტო შემადგენლობას რაც შეეხება, ამჯერად საწყის თერთმეტეულში იქნება ბასტიან შვაინშტაიგერი, მიროსლავ კლოზე კი მატჩს კვლავინდებურად სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. “მირო მაღალი დონის ცენტრფორვარდია, ბევრს და ნაყოფიერად ვარჯიშობს. მისი იმედი ყოველთვის მაქვს, თუმცა, კლოზე ნაკრების სათადარიგო ფორვარდია. მან გასული სეზონის განმავლობაში ტრავმები გადაიტანა და მისი თამაშში ჩართვა სკამიდან უფრო უპრიანია”, - ამბობს ლიოვი.
ამერიკელები პორტუგალიასთან ხელიდან გაშვებულ მოგებას მისტირიან, მაგრამ ერთხმად აცხადებენ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაკარგულ 2 ქულას ფსიქოლოგიურად არ გავუტეხივართო. აშშ-ის ნაკრების კაპიტანი კლინტ დემპსი ირწმუნება, სასურველი შედეგის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ და საბოლოო წარმატების საფუძვლიანი იმედიც გვაქვსო. 26 ივნისი. 20.00. რესიფე. “არენა პერნამბუკო”. აშშ-გერმანია სავარაუდო შემადგენლობა აშშ (4-2-3-1): ჰოვარდი, ჯონსონი, კამერონი, ბესლერი, ბიზლი, ჯოუნსი, ბეკერმანი, ბედოია, ბრედლი, ზუსი, დემპსი. გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, მერტესაკერი, მუსტაფი, შვაინშტაიგერი, ლამი, კროოსი, გიოტცე, მიულერი, ოზილი. მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია