|
მსაჯის გამკრიტიკებელი რუედას მომავალი ეკვადორის ნაკრებში უცნობია
2014-06-26 10:35 | ნახვები: 4610
12345678
საფრანგეთთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, ეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეინალდო რუედამ მსაჯები გააკრიტიკა და გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა, პრესკონფერენციას მასთან ერთად მეკარე ალექსანდერ დომინგესი დაესწრო, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორის ლუდის მწარმოებელი კომპანიის “ბუდვაიზერის” მიერ დაწესებული პრიზიც მიიღო.
დომინგესმა აღნიშნა, რომ ეკვადორმა კარგად ითამაშა და რუედას პროფესიონალი უწოდა. მისი აზრით, თამაში ძლიერ ჯგუფში მოუწიათ. დომინგესი საუკეთესოდ დასახელებამ გაახარა. მან თქვა, რომ ეკვადორს ბენზემას დონის მოთამაშეები არ ჰყავს, მაგრამ შეკრული გუნდია და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. რუდას თქმით მსოფლიო ჩემპიონატი მოკლე ტურნირია და პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხმა, მისი გუნდის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია, მწვრთნელის აზრით, მაშინ უფრო ეფექტურად უნდა ეთამაშათ. მან თავისი კოლეგები კოსტა-რიკას თავკაცი პინტო და კოლუმბიელთა მთავარი მწვრთნელი პეკერმანი შეაქო. კოლუმბიელი სპეციალისტის აზრით, მსაჯს ეკვადორელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ანტონიო ვალენსია არ უნდა გაეძევებინა. ხაზი გაუსვა, რომ “ჩაკეტილი” თამაში იყო და ძლიერი ოპონენტი ჰყავდათ. ეკვადორელთა მწვრთნელი ფიქრობს, რომ მიმდინარე ჩემპიონატი ამართლებს და სანახაოებრივი თამაშებია. სამხრეთამერიკული გუნდების წარმატება კი, ამტკიცებს თუ რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელები გამოდიან მათ რიგებში. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ფეხბურთს ძალიან ბევრ კარგ მოთამაშეს აძლევს. რუედამ ჟურნალისტებს აუწყა, რომ ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და არ იცის გააგრძელებს თუ არა ნაკრებში მუშაობას. მას მიაჩნია, რომ ეკვადორის ეროვნულ ნაკრებს კარგი საფუძველი ჩაუყარა და ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანიეროდან ავტორის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია