|
ლიოვი და კლინსმანი თავიანთ გუნდებს მერვედფინალში გაუძღვნენ
2014-06-26 22:12 | ნახვები: 2423
12345
მატჩის წინ ბევრს საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ძველი ნაცნობების იოაჰიმ ლიოვისა და იურგენ კლინსმანის გუნდები ერთმანეთს “მშვიდობიანად” დაშორდებოდნენ. საბოლოოდ საყაიმო შედეგი არ დაფიქსირებულა, გერმანიამ მოიგო, მაგრამ როგორც პორტუგალიისა და განის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, ეს ანგარიში ამერიკელებს ხელს აძლევდა.
იოაჰიმ ლიოვმა ჯგუფური ეტაპის საწყის 2 მატჩში ერთი და იმავე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მუნდიალის პირველი ეტაპის დასკვნით ასპარეზობაში კი ერთდროულად 2 ცვლილება განახორციელა - ამერიკელთა წინააღმდეგ საწყის თერთმეტეულში გამოცდილი ფეხბურთელები ლუკაშ პოდოლსკი და ბასტიან შვაინშტაიგერი ვიხილეთ. პირველ ტაიმში მაყურებელმა საკმაოდ ცოცხალი თამაში იხილა, თუმცა, სათამაშო ეპიზოდებში წუნიც ბევრი იყო. ეს განსაკუთრებით ამერიკელებზე ითქმის, რომელთაც შეტევისას გადამწყვეტ მომენტებში ბურთის დამორჩილება უჭირდათ. ალბათ ამის მიზეზი რესიფეს წვიმიანი ამინდი იყო. პირველი 45 წუთიანი მონაკვეთი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, ისე კი გერმანელებს 2 ეპიზოდში შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. იგრძნობოდა ლიოვის გუნდის უპირატესობაც. ალემანები ბურთის ფლობის პროცენტითაც გამოირჩნენ (60) და კარში დარტყმების რაოდენობითაც აჯობეს მოწინააღმდეგეს. “ბუნდესმანშაფტმა” სამჯერ ზუსტად დაარტყეს, სამჯერაც მიზანს ააცილეს, ამერიკელთა აქტივში კი მხოლოდ და მხოლოდ 3 არაზუსტი მცდელობა გახლდათ. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ლიოვმა მიროსლავ კლოზე შეუშვა სათამაშოდ, რომელმაც თავიდანვე მწვავედ შეუტია. გერმანია აშკარად დომინირებდა და გოლმაც არ დაახანა. ალემანებმა კუთხურიდან მოაწოდეს, მეტოქის თავური ჰოვარდმა მოიგერია, რიკოშეტს კი ტომას მიულერი დაეუფლა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყმა დაბალ კუთხეში. ეს მიულერის მეოთხე გოლია მიმდინარე მუნდიალზე. ამის შემდეგ თამაში პოზიციურად გაგრძელდა, გოლის გატანა, მართალია, ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ “არენა პერნამბუკოს” ტაბლოზე საბოლოოდ დაფიქსირებულმა ანგარიშმა გერმანელებიც და ამერიკელებიც მუნდიალის პლეი ოფში გაიყვანა. აშშ – გერმანია 0:1 (0:0) 26.06. რესიფე. “არენა პერნამბუკო”. 41876 მაყურებელი. აშშ (4-2-3-1): ჰოვარდი, ჯონსონი, ბესლერი, გონსალესი, ბიზლი, ბრედლი, ზუსი (იედლინი, 83), ბეკერმანი, დევისი (ბედოია, 59), ჯოუნსი, დემპსი. მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი გერმანია (4-1-2-3): ნოიერი, მერტესაკერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰიოვედესი, კროოსი, შვაინშტაიგერი (გიოტცე, 76), ლამი, პოდოლსკი (კლოზე, 46), მიულერი, იოზილი (შურლე, 89). მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი გოლი: მიულერი (55). ბურთის ფლობა: 38:62. ზუსტი დარტყმა: 0:6. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 3:5. კუთხური: 2:3. თამაშგარე: 2:7. ჯარიმა: 16:9. გაფრთხილება: ჰიოვედესი, გონსალესი, ბეკერმანი. მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია