![]() |
|
ალჟირის ისტორიული მერვედფინალი
2014-06-27 02:18 | ნახვები: 3778
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
1234567891011
ალჟირის საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ თამაშობს, ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. არაბებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა პირველად მოახერხეს და ახლა, მერვედფინალური ეტაპი ელით, სადაც მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიას დაუპირისპირდებიან.
ალჟირმა ნანატრი წარმატება კურიტიბას “არენა ბაიშადაზე” გამოსჭედა, სადაც უსახურ რუსეთის ნაკრებთან სასურველ ყაიმს (1:1) გამორჩა და H ჯგუფში ბელგიის კვალად მე-2 ადგილი დაიკავა. არადა, აფრიკელთათვის თამაში ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-6 წუთზე რუსებმა პირველივე ხეირიანი შეტევა გოლით დაასრულეს. კოკორინი ფლანგურ ჩაწოდებას გამოეხმაურა და თავურით ბურთი ზედ მბოლის კარის ცხრიანში “ჩააჭედა”. საინტერესოა, რომ ეს რუსებისთვის, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, საწყის ტაიმში გატანილი პირველი გოლი გახლდათ. აღნიშნულის შემდეგ უპირატესობა ალჟირელთა მხარეს გადავიდა, თუმცა, მათ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ტექნიკური არსენალის მხრივ სოფიან ფეგულის და მისი თანაგუნდელების უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ საქმე კუთხურების შემდეგ შექმნილ მცირე დაძაბულობის იქით არ წასულა. საბოლოოდ, ალჟირელთა ნანატრი გოლი მაინც სტანდარტს მოჰყვა, თუმცა, ეს მე-2 ტაიმში მოხდა. აფრიკული გუნდის გამოკვეთილმა ფორვარდმა სლიმანიმ რუსების მეკარე აკინფეევის მორიგი შეცდომით (გამოსვლაზე ბურთს ასცდა) ისარგებლა და თავით, ფაქტობრივად ცარიელ კარში შეაგდო. ანგარიში მე-60 წუთზე გათანაბრდა და დარჩენილი ნახევარი საათი ძალიან დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, გოლის გატანის რეალური შანსი არცერთ გუნდს აღარ ჰქონია. ალჟირელებმა სასურველი ყაიმი კბილებით გაიტანეს და კურიტიბაში მათ საქომაგოდ შეკრებილ არცთუ მცირეროცხოვან თანამემამულეებს უდიდესი სიხარული მოუტანეს. კურიტიბა. “არენა ბაიშადა”. 39311 მაყურებელი ალჟირი – რუსეთი 1:1 (0:1) ალჟირი: მბოლი, ჰალიჩე, მესბა, მანდი, ბელკალემი, ფეგული, ბრაჰიმი (იებდა, 71), ბენტალები, მედჯანი, ჯაბუ (გილასი, 77), სლიმანი (სუდანი, 90). მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა). რუსეთი: აკინფეევი, კოზლოვი, კომბაროვი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, სამედოვი, გლუშაკოვი (დენისოვი, 46), ფაიზულინი, შატოვი (ძაგოევი, 67), კოკორინი, კერჟაკოვი (კანუნიკოვი, 81). მწვრთნელი: ფაბიო კაპელო (იტალია). გოლები: 0:1 კოკორინი (6), 1:1 სლიმანი (60). გაფრთხილება: მესბა (40), კომბაროვი (57), კოზლოვი (59), გილასი (87), კადამურო (90, სათადარიგოთა სკამზე). მსაჯი: ჯუნეიტ ჩაკირი (თურქეთი). ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9 (7)-8 (4), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-3. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია