|
მედია - მუნდიალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი
2014-06-27 10:51 | ნახვები: 4957
123456789101112
მედია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ აქ გრძნობ თუ რამდენადაა დაფასებული ჟურნალისტი. მატჩამდე და მის მერე პრესკონფერენციებს რეგულარულად ვესწრები და მწვრთნელები ან ფეხბუთელები ყურადღებით მოისმენენ რაც უნდა გრძელი კითხვა იყოს, თუნდაც არასასიამოვნო და პასუხსაც გასცემენ. არცერთხელ შევსწრებივარ, რომ ვინმეს ჟურნალისტთან პოლემიკა გაემართოს და ეთქვას: “შენ ფეხბურთი არ გითამაშია და რა გესმის”.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩანს რამდენადაა დაფასებული სპორტული პრესა და არა მხოლოდ. ყველაზე მეტი, ბეჭდური მედიის წარმომადგენელია და ადგილზე ხედავ, რომ მწერალ ჟურნალისტებს დიდ პატივს სცემენ. ბევრნი არიან რადიოდან და ტელევიზიებიდან. ფოტოგრაფები ცალკე სამყაროა. ზოგს იმხელა ობიექტივი უკეთია ფოტოაპარატზე, რომ ზარბაზნის ლულა გეგონება. მატჩის დღეს მათ ცალკ-ცალკე ჯგუფებად ყოფენ და მედია ცენტრში რიგის მიხედვით იძახებენ, რომ მოედანზე დასაკავებელი კუთვნილი ადგილის ნომერი მიიღონ. ბუნებრივია, მწერალი პრესისგან განსხვავებული სამუშაო რეჟიმი აქვთ ტელეარხებს. ეს თუ ის არხი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებს და მატჩების რეპორტაჟებს გადასცემს მთელი ბრიგადებითაა ჩამოსული. იმ დღეს გერმანიის ნაკრები თამაშობდა და ერთ-ერთი გერმანული არხის პერსონალი მატჩს მედია ცენტრში უყურებდა, მაგრად გულშემატკივრობდა, ხოლო კოლეგებს, ვინც მუშაობდა, ანგარიშს რაციით აუწყებდა. სადაგ დღეებში მედია ცენტრში სიხალვათეა ხოლმე, სამაგიეროდ, მატჩის დღეს ახმაურდება. მითუმეტეს, “მარაკანაზე” სადაც ფინალი უნდა გაიმართოს, სხვა სტადიონებთან შედარებით ყველაზე დიდი მედია ცენტრი და მედია ტრიბუნაა. ზოგი წერს, ზოგი რომელიმე ცნობილ ჟურნალისტს კომენტარს ართმევს, ზოგი სტადიონის მიმდებარე პერიმეტრიდან რეპორტაჟს აკეთებს, ზოგი მედია ცენტრში დამონტაჟებულ ეკრანებზე სხვა ქალაქში მიმდინარე თამაშს უყურებს. რა თქმა უნდა, ბრაზილიელები სჭარბობენ და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მაგალითად, “გლობოს” ტელევიზიაც აქვს, რადიოც, ვებგვერდიც და ჟურნალ-გაზეთებსაც უშვებს. ბრაზილიის ფარგლებს გარეთაც აქვს ბიუროები. ერთ-ერთ ბრაზილიელ ჟურნალისტს ვკითხე და სავარაუდო ციფრი ვერც მითხრა “გლობოს” თანამშრობლების. ეს მხოლოდ “გლობოს” რაც ეხება და მის გარდა ხომ სხვებიცაა. სხვათა შორის, სუსტი სქესის წარმომადგენლებიც საკამოდ არიან ჩამოსულნი და არა მხოლოდ ტელეწამყვანები. ქალ ოპერატორსაც არცთუ იშვიათად შეხვდები, ფოტოგრაფებზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგადად, რასაც ვაკვირდები, სამხრეთ ამერიკაში სპორტულ ჟურნალისტები უამრავი არიან, განსაკუთრებით კი, ფეხბურთზე მწერალნი. აქ ფეხბურთი მართლაც ნომერ პირველი სპორტია და სხვებთან შედარებით ძალიან წინ დგას. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია