![]() |
|
ხუთოსანი ხამეს როდრიგესი!
2014-06-29 02:33 | ნახვები: 4960
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
123456
კოლუმბიამ ისტორიაში პირველად მოახერხა მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა. მართლაც დაუვიწყარი ჩემპიონატია მათთვის: ჯგუფში სამი მატჩი თითქოს ერთი ამოსუნთქვით, ლაღ სტილში მოიგეს და აი, მეოთხეც მიაყოლეს. ყველაზე ნათლად რაც ჩანს, ხოსე პეკერმანის გუნდს აშკარად აქვს რესურსი და მომატება შეუძლია. მწვრთნელის ხელი – კიდევ ერთი ნიშანდობლივი თვისება.
არგენტინელმა ხოსე პეკერმანმა მშვენიერი გუნდი ჩაიყვანა ბრაზილიაში და მეოთხედფინალში უკვე მასპინძელთა გამწარებას შეეცდება. მაგრამ ამ მშვენიერ გუნდს ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი და ეს ხამეს როდრიგესია. კოლუმბიელთა 10 ნომერი უკვე ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა: 5 გოლი მოუგროვდა. ჯგუფის ყველა შეხვედრაში თითო ბურთი მიითვალა, ურუგვაის კი ორჯერ გაუტანა. აქედან პირველი უმაღლესი კლასისა იყო – საჯარიმოს გარეთ მკერდზე მიიღო ბურთი, მოტრიალდა, ჰაერშივე, ერთ შეხებაში დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით ჩაეშვა ფერნანდო მუსლერას კარში. მეორე გოლს რაც შეეხება, როდრიგესმა ხუან კუადრადოს თავური პასის შემდეგ ახლოდან გაიტანა. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა. კოლუმბია ტექნიკური თვალსაზრისით აღემატებოდა მეტოქეს, რომელსაც ლუის სუარესი აკლდა. აი, სად იმოქმედა ჯორჯო კიელინის კბენის გამო მიღებულმა დისკვალიფიკაციამ. სუარესის გარეშე, ურუგვაი რაც იყო, კოსტა-რიკასთან ვნახეთ და ახლაც იგივე განმეორდა. ფორლანი ძველი ფორლანის აჩრდილია, კავანი კი კლუბში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნაკრებში. და მაინც, ურუგვაის ჰქონდა მომენტები: მაქსი პერეირას, კავანის, კრისტიან როდრიგესს... თუმცა, მშვენივრად თამაშობდა მეკარე დავიდ ოსპინა, რომელიც წინა მატჩებშიც დამაჯერებელი გახლდათ და საეჭვოა, რომ ფრანგულმა "ნიცამ" მისი შენარჩუნება შესძლოს. ურუგვაის ჰქონდა სიმძლავრე, მაგრამ აკლდა ის ფანტაზია, რაც 2010 წელს ახასიათებდა. ახლა გვიანია თითზე კბენანი და კიელინიზე კბენანიც... 29 ივნისი. 00:00. რიო დე ჟანეირო. "მარაკანა" კოლუმბია-ურუგვაი 2:0 (1:0) კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო, აგილარი, სანჩესი, კუადრადო (გუარინი 81), ჯექსონ მარტინესი, ხამეს როდრიგესი (რამოსი 85), გუტიერესი (მეხია 68) მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ალვარო პერეირა (რამირესი 53), არევალო რიოსი, ალვარო გონსალესი (აბელ ერნანდესი 67), მაქსი პერეირა, კრისტიან როდრიგესი, ფორლანი (სტუანი 53), კავანი. მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი გოლები: 1:0, 2:0 ხამეს როდრიგესი (28, 50) გაფრთხილება: ხიმენესი (55), არმერო (78) ბურთის ფლობა %: 54-46 კარში დარტყმა: 10 (8)-16 (9) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა 19:17 სეივი: 9-6 მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია) |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია